პარლამენტმა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, 85 ხმით ერთხმად მიიღო. ერთ-ერთი დებულების მიხედვით ცილისწამებაზე სარჩელის წარდგენის 100-დღიანი ვადა გავრცელდება იმ განცხადებებზეც, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა აღნიშნული ვადა ჯერ არ არის გასული.
ამასთან, კანონპროექტი მნიშვნელოვნად ცვლის სიტყვის თავისუფლების პრინციპებს, მათ შორის მტკიცების ტვირთს ცილისწამების საქმეებში მოპასუხეზე აკისრებს და უქმებს რიგ გარანტიებს, რომლითაც მედია და სხვა პირები მანამდე სარგებლობდნენ.
“კონსულტაციით ვიცე-სპიკერთან, თეა წულუკიანთან და სხვა კოლეგებთან და ჩვენ მივიჩნიეთ, რომ კარგი იქნება თუ გარდამავალი დებულებით აღიჭურვება საკანონმდებლო სივრცე, და იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ითვალისწინებს შემდეგ დანაწესს, როდესაც ხდება სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელება ან იმ მომენტიდან როდესაც კონკრეტულ პირს შეეძლო გაეგო ეს ყველაფერი, 100 დღის ვადაში აქვს უფლება მიმართოს სარჩელით სასამართლოს ანუ ხანდაზმულობის ვადას წარმოადგენს 100 დღე. შესაბამისად, გარდამავალი დებულებით იქნება გათვალისწინებული, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, იმ განცხადებებთან მიმართებით, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო გაკეთებული, თუმცა ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული, იმოქმედებს ახალი წესრიგი ამ საკითხების რეგულაციის.
მაგალითად, პირობითად, კანონი ამოქმედდა პირველ აგვისტოს და პირველ აგვისტომდე ხომ გვაქვს განცხადების გაკეთებიდან ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, პირველ ივლისს გაკეთებული განცხადება, თუ ჩათვლის ადრესატი ცილისწამების, ანუ სახელის გამტეხი ინფორმაციის შემცველად, თუკი სარჩელი აქამდე არ იქნა წარდგენილი სასამართლოში, ამ კანონის წარდგენის შემდეგ სარჩელი უკვე შევა ახალი რეგულაციით. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იქნება ინფორმაციის გამავრცელებელზე და არა ადრესატზე, ვისკენაც იყო მიმართული თავის დროზე ეს განცხადება ეს განცხადება” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.
“ქართულ ოცნებას” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.