ციდან სამი ვაშლი ჩამოვარდა
მეთოჯინე ცოლ-ქმარის, ედგარ ტატიკიანსა და გოარ არაქელიანის სახლში არც ერთი ნივთი უქმად არ ცდება. ადრე თუ გვიან ყველა ნივთი რომელიმე წარმოდგენაში პოულობს როლს. მცირეოდენი წარმოსახვაა საჭირო, რომ ცომის უბრალო გასაბრტყელებელმა „ზურნაზე დაუკრას“, საცერმა დოლს შემოკრას, თეთრეულის საშრობი კი საახალწლო საჩუქრების ლამაზ კალათად იქცეს.
როდესაც ცოლ–ქმარმა მეგობრებისგან ძველი ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ გამეტებული ჯინსი ან კაბა ანდერსენის „მეღორის“ პერსონაჟებს დაამშვენებდა:ძალიან მოდურად გამოწყობილ მეფეს,ლამაზ უფლისწულსა და უმშვენიერეს,დახვეწილ პრინცესას.
ედგარი და გოარი რეჟისორები არიან. 2012 წელს ისინი ერევნიდან ყარაბახში გადავიდნენ საცხოვრებლად და სტეფანაკერტის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყეს მუშაობა. აქვე დადგეს თოჯინების პირველი სპექტაკლი _ „ბრემენელი მუსიკოსები“; ორი წლის შემდეგ კი უკვე საკუთარი დასი დააარსეს _ „სამი ვაშლი“ , რომელიც გასტროლებსაც მართავს. გოარი თოჯინებს ქმნის, ედგარი კი პიესებს წერს.
‘ბავშვობა პატარა სომხურ ქალაქ ეხეგნაძორში გავატარე. ომისშემდგომ პერიოდში უბრალოდ ვიცოდი, რომ ამქვეყნად არსებობდა ისეთი მოვლენა, როგორიცაა თოჯინების თეატრი, თუმცა ერთ წარმოდგენაზეც კი ვერ მოვხვდი. გავიზარდე, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ მინდოდა, თოჯინების თეატრის დადგმა მენახა. ჩვენი დასი ცდილობს, რომ ერთი დღით მაინც აჩუქოს ყველა ბავშვს ,განსაკუთრებით კი სოფელში მცხოვრებ პატარებს, მცირეოდენი ზღაპარი და სასწაული’, _ ამბობს გოარი.
სასწაული კი ასე ჩნდება: გოარი ჯერ ზღაპრის გმირებს იგონებს, შემდეგ კი ღრუბლითა და წებოთი მათთვის ხორცის შესხმას იწყებს. ამ დროს ედგარი ჯერ კიდევ დაუმთავრებელ თოჯინებს ეხუმრება და მათთან ერთად რეპეტიციას გადის.
როდესაც წარმოდგენა უკვე მზადაა, მეუღლეები საიდანღაც შოულობენ ფულს (მაგალითად უცხოეთში მცხოვრები სომხური სათვისტომოების, ან უფრო იშვიათად, საქველმოქმედო ფონდების მიერ გაღებული შემოწირულობებით) და ყარაბაღის მიყრუებულ სოფლებში იწყებენ მოგზაურობას.
ყველა სპექტაკლის პრემიერა,ჩვეულებრივ, რომელიმე მივარდნილ სოფელში იმართება. როგორც წესი, ისეთ დასახლებულ პუნქტებს ირჩევენ, სადაც მსგავსი დღესასწაული არასდროს ჩატარებულა.
თეატრის რეკვიზიტით დატვირთულ თეთრ „ნივას“ სასაზღვრო ზოლის მივარდნილ სოფლებსა და ინტერნატებში ყოველ ჯერზე ახალი ზღაპარი მიაქვს. ამ წარმოდგენებისთვის ბილეთები არ არის საჭირო; უფრო სწორად, ბილეთები მაყურებელს უფასოდ ურიგდება. „შარშან ახალი წლის წინ, ფონდ ‘Awesome Faundation’-ის მიერ გამოყოფილი თანხით, ჩვენი სპექტაკლი „პრინცესას ასი კოცნა“ 4 სასაზღვრო სოფელში ვაჩვენეთ. პიესა ანდერსენის „მეღორის“ მიხედვით დავწერე. უკვე მეორე წელია, ლოს ანჯელესში მოქმედ ორგანიზაცია „სომხური ქსელთან“ ვთანამშრომლობთ და სტეფანაკერტსა და ბერძორში წელიწადში რამდენიმე სპექტაკლს ვმართავთ. წელს ლონდონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ტიგრან ალექსანიანის დახმარებით, კიდევ ერთი სპექტაკლისთვის საჭირო ტექნიკა და საშუალებები შევიძინეთ“, _ განაცხადა ედგარმა.
ედგარსა და გოარს სტეფანაკერტში თეატრის გახსნა უნდათ, სადაც ფასიან ბილეთებს გაყიდიან და მიღებული შემოსავლით სოფლებში უფასო წარმოდგენებს გამართავენ.
ახალ წლამდე კი საახალწლო წარმოდგენა „თოვლის კაცის“ რეკვიზიტებით სავსე თეთრი „ნივა“ სოფელ-სოფელ ივლის; ბოლოს კი,როგორც ზღაპარში, ციდან სამი ვაშლი ჩამოვარდება, ერთი ზღაპრის ავტორს დაეცემა, ერთი მთხრობელს, და ერთიც _ მსმენელს.