ჩვენამდეც მოაღწიეს?
ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ ადამიანები, რომლებიც ბაქოს ქუჩებში პოკემონებს ეძებდნენ, ერთდროულად ზიზღსა და გაოცებას იწვევდნენ. ერთი თვის შემდეგ არავის უკვირდა, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი ამ საქმით, ალბათ, 12-დან 32 წლამდე ასაკის ყველა ბაქოელი დაკავდება. თითოეული ჩვენგანი გადმოიწერს Pokemon Go-ს და, სმარტფონის კამერას მიჩერებული, ნიზამის ქუჩაზე გაურკვეველი წარმოშობის არსებებზე დაიწყებს ნადირობას.
ახალი ამბების გამოშვებებში ხშირად ჩნდება სიუჟეტები ამ საქმიანობით ზედმეტად გართული ადამიანების შესახებ, რომლებსაც მანქანამ დაარტყათ, ან სახურავიდან გადმოვარდნენ. ბაქოში ასეთი შემთხვევები ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი წინაა.
ჩვენთან გეიმერების საზოგადოება შედარებით პატარაა. პოკემონებისადმი ნოსტალგიით განწყობილი ადამიანების რაოდენობა კი გაცილებით მეტია. თან, პოკემონების მოყვარულთა უმრავლესობა, 1996 წელს კომპანია “ნინტენდოს” მიერ ჯიბის კონსოლ “გეიმბოისთვის” შექმნილი ორიგინალური თამაშის ფანი კი არა, ამ თამაშის მიხედვით შექმნილი სერიალის მაყურებელია.
90-იანების თაობას კარგად ახსოვს Dendy, მაგრამ ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “დენდი” უბრალოდ Nintendo Entertaiming System-ის (NES) ჩინური კლონი იყო. თავისთავად ცხადია, რომ GameBoy-ს შესახებ მხოლოდ ერთეულებს სმენიათ. მეორე მხრივ, მულტსერიალი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. ბავშვები შესაშური გულმოდგინებით იზეპირებდნენ პოკემონის სახელებს. არადა, სერიალში სულ 151 ჯიბის მონსტრი იყო წარმოდგენილი. ბევრმა სერიალის შეწყვეტა (მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეწყდა, დასავლეთში ჯერ კიდევ გამოდის ახალი სერიები და ეპიზოდების რაოდენობამ რვაასს გადააჭარბა) პირად ტრაგედიად აღიქვა.
მისი ჩვენება შეწყვიტეს სკანდალური სერიის შემდეგ. აღნიშნულ ეპიზოდში არის ფრაგმენტი, რომლის დროსაც ეკრანი ძალიან ციმციმებს. ამ ეპიზოდმა იაპონელი მაყურებლების ნაწილს ეპილეფსიური შეტევა დამართა.
2016 წელს გამოსული Pokemon Go ნამდვილ სოციალურ ფენომენად იქცა. რეალური ქალაქისა და ვირტუალური არსებების შერწყმის იდეა იმდენად ოსტატურად განხორციელდა, რომ Nintendo-ს აქციების ღირებულება 20 %-ით გაიზარდა, გუგლის საძიებო სისტემაში კი ამ თამაშის მძებნელთა რაოდენობამ პორნოგრაფიის მაძიებელთა რიცხვს გადააჭარბა.
სხვათა შორის, ბაქოში უკვე არსებობს სპეციალური ვებგვერდი “პოკემონგეიმერებისთვის”. მისი შემქმნელი, აიაზ გაჯიევი ამბობს, რომ Pokemo Go სოციალური თამაშია და ამიტომ საინტერესო იქნება მოთამაშეების ერთად შეკრება და გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება. “ვებგვერდის ამუშავების პირველივე დღეს ამ რესურსის მთავარ გვერდს 1700-ზე მეტი ადამიანი ეწვია. გულწრფელად გეტყვით – ჩემი პროექტის მიმართ ასეთ ინტერესს ნამდვილად არ ველოდი. ზოგიერთი სტატიის “ნახვებმა” სამასს გადააჭარბა.”
ეს თამაში ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში – მათ შორის, ჩვენთანაც. ბევრი საზღვარგარეთული კომპანია პოკემონებს “პიარის” მიზნით იყენებს და ძალიან კარგია, რომ ამ მოდას აზერბაიჯანულმა ორგანიზაციებმაც აუბეს მხარი.
Pokemon GO-მ ძლიერი დარტყმა მიაყენა ნოსტალგიას – სრულიად გააქრო ასაკობრივი ზღვარი. უფროსები და ბავშვები მთელ ქალაქში დადიან, კლანებად ერთიანდებიან, იშვიათ პოკემონებს ეძებენ და, რაც შეიძლება მეტი ზონის “დაპყრობის” მიზნით, ერთმანეთს ებრძვიან.
მთავარია, ტელეფონი არ “დაჯდეს” უდროოდ.
გამოქვეყნდა: 24.07.2016