თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, ინფორმაცია არ ჰქონდა
ჩორჩანას საქმე
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. იზორიას მტკიცებით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ მედიიდან გაიგო, სამუშაოები კი საპოლიციო (მაგ პერიოდში შს მინისტრი გიორგი გახარია იყო) იყო და მასში თავდაცვის ძალები არ მონაწილეობდნენ.
იზორიას თქმითვე, მომხდარზე პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, საკითხი გახარიას უშიშროების საბჭოსთვის უნდა შეეთანხმებინა.
● 16 წელი აგვისტოს ომიდან. ვინ რა თქვა ამ დღეს – მნიშვნელოვანი განცხადებები
რა თქვა ლევან იზორიამ

“ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, ასეთი განხილვა არ ყოფილა.
კანონმდებლობა ითვალისწინებს [უსაფრთხოების საბჭოს] სამ თვეში ერთხელ მაინც შეკრებას, მით უფრო, რომ მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერმინისტრს და ჩაატაროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა, ეს იყო 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებს შეეხო, რადგან ახალი შექმნილი იყო საბჭო. ხოლო, ამ თემაზე, რომელიც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მით უფრო, პრემიერმინისტრი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სუს-ი. არ ჩატარებულა სხდომა.
მე გავიგე საჯარო ინფორმაციების საფუძველზე, მასმედიის საშუალებით, მაშინ უკვე, როცა განთავსდა კონკრეტული საგუშაგო კონკრეტულ პოზიციაზე. [სამხედრო დაზვერვა] ჩართული არ ყოფილა. საოკუპაციო ხაზზე, მით უფრო, მის ზონაში, მიმდებარე ტერიტორიებზე, თავდაცვის უწყებას არ ჰქონდა არანაირი კომპეტენცია, ეს იყო წმინდა საპოლიციო მოქმედებების სფერო და არეალი.
მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის, ის ვინც გადაწყვეტილებას იღებს და მით უფრო, ამ გადაწყვეტილების მიმღები ხდება პრემიერმინისტრი, რა ინიციატივა სჭირდება, ინიციატივის ავტორი თვითონ არის და თვითონ არის პასუხიმგებელი. მას როგორც პასუხისმგებლიანს ეს ფორმატი, როგორიც არის, უსაფრთხოების საბჭო უნდა გამოეყენებინა. გახარიას მარჩიალობაზე და მის მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული, ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, როდესაც ვხედავთ საფრთხეს და რაღაც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, იმ ფორმატებში უნდა მოხდეს ამის განხილვა, რა ფორმატებსაც კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს.” – განმარტა იზორიამ.”
● ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ბორდერიზაციის საქმეზე რუსეთს ევროპული კონვენციის დარღვევები დაუდგინდა
“ჩორჩანას საქმე”
სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნები გამოკითხა, მათ შორის სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელიც ამბობს, რომ ის საგუშაგოს აგებას ეწინააღმდეგებოდა. გომელაურის იმ დროინდელი მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, კი “არ იყოს საკმარისი კოორდინაცია”.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე ასევე გამოიკითხა, ფინანსთა მაშინდელი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი.
● ჟენევაში აშშ-ის დელეგაციის განცხადება: რუსეთმა 2008 წელს აღებული ვალდებულება შეასრულოს