ჩეხეთის მთავრობამ ეროვნული სანქციების სიას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაამატა. დასანქცირებულია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალის გამოყენება და ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ;
მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი;
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია;
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მსგავსი ზომები უკვე მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა, უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
იანვრის ბოლოს, ჩეხეთის მთავრობამ, საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაასანქცირა: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე.