ბუ, პატარძალი და სპეცრაზმი
ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი და ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნები დასრულდა, ძალიან ცდება.
პოსტსაარჩევნო პროცესები, შესაძლოა, ბევრად უფრო ხანგრძლივი და დაძაბული აღმოჩნდეს, ვიდრე წინასაარჩევნო სამზადისი იყო, რადგან მთავარი ოპოზიციური ძალა, პროცესს უნდობლობას უცხადებს.
მაშ ასე, წინასწარი შედეგები ასეთია:
· ქართული ოცნება – 49, 78 %
· ნაციონალური მოძრაობა – 26, 7 %
· პატრიოტთა ალიანსი – 4, 9
ვერც ერთი სხვა პარტია სავალდებულო 5 პროცენტიან ბარიერს ვერ მიუახლოვდა.
მომავალი პარლამენტის “სიახლე”, შესაძლოა, გახდეს “პატრიოტთა ალიანსი” – ქართველ ნაციონალისტთა პარტია, რომლის ლიდერები ანტიდასავლური და ანტითურქული განცხადებებით გამოირჩევიან და საკუთარ თავს “პროქართულ პარტიას” უწოდებენ. სამაგიეროდ, ბარიერს მიღმა დარჩნენ ლიბერალური მიმართლების ძალები – თავდაცის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” და რესპუბლიკელები. ბარიერთან ახლოსაც ვერ მივიდა ასევე პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის”.
ცესკომ 9 ოქტომბრის დილის 10 საათისთვის უბნების თითქმის 70 პროცენტი დაითვალა, ამიტომ მნიშვნელოვან ცვლილებებს შედეგებში არ უნდა ველოდოთ.
ამომრჩეველთა აქტივობამ 51, 63 პროცენტი შეადგინა, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. 2012 წელს აქტივობა 60, 8 პროცენტი იყო.
ამ ეტაპზე არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი პრეტენზიები ხმის დათვლის პროცედურას ეხება, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა – საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ რამდენიმე უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები შეიჭრნენ, ერთგან საარჩევნო ყუთებიც კი დაამტვრიეს.
მეორე პრეტენზია უშუალოდ ცესკოს მუშაობას ეხება. ოპოზიციის პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ამჯერად ცესკომ საკმაოდ დააგვიანა პირველადი შედეგების გამოცხადება. თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარი შედეგები უკვე საღამოს 10 საათისთვის იყო ცნობილი, ამჯერად პირველი ინფორმაცია მხოლოდ დილის 2 საათზე გამოაცხადეს.
და მესამე. ოპოზიციას საეჭვოდ ეჩვენება ის ფაქტი, რომ ცესკოს პირველადი შედეგები პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემებს დაემთხვა. ეს ეგზიტპოლები (“ქართული ოცნება” 53 %; “ნაციონალური მოძრაობა” – 19 %) 20.00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა და მმართველი პარტიის შტაბში ზეიმისა და შამპანიურების გახსნის მიზეზი გახდა.
ეგზიტპოლები “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ლოიალურმა “რუსთავი2”-მაც გამოაქვეყნა, თუმცა იქ სულ სხვა რეალობა იყო – “ქართული ოცნება” – 39,9 ; “ნაციონალური მოძრაობა”– 32.
არჩევნების შედეგების გაპროტესტება “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების ღამესვე, პირველადი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე დაიწყო.
დილის 3 საათისთვის ცესკოსთან უკვე ხალხმრავლობა იყო – იქ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეიკრიბნენ. დამონტაჟდა ტრიბუნა, საიდანაც პარტიის ლიდერები საკუთარ ამომრჩევლებს ამხნევებდნენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
“არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ უტიფრობის ფონზე ჩვენ პარლამენტში შესვლა გვინდა,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აქციაზე გამოსვლისას.
ამ დროს “ქართული ოცნების” შტაბში
ზუსტად 8 საათზე მმართველი პარტიის შტაბში შამპანური გახსნეს და გამარჯვება იზეიმეს. ჟურნალისტებთან კომენტარებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ “იმედის” ეგზიტპოლებს ენდობიან და გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ.
მთავრობის წევრებთან და პარტიულ ლიდერებთან ერთად “ქართული ოცნების” ოფისთან დამონტაჟებულ ტრიბუნაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იდგა. ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და უთხრა:
“თქვენ გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება, თქვენ გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, გენიალური ლიდერი კაცი, რომელიც პატიოსნებასა და ზნეობაზე აქვს პრეტენზია. თქვენ აირჩიეთ გენიალური კამანდა.”
ორპარტიული პარლამენტი
უბნების დიდი ნაწილი დათვლილია. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი ორპარტიული იქნება. ბევრისთვის ეს შედეგი მოულოდნელი აღმჩნდა, რადგან 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე უხვპარტიული იყო. არჩევნებამდე ჩატარებული სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი მინიმუმ ოთხ პარტიას მაინც ჰქონდა.
თუმცა, ასე არ მოხდა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ერთმანეთის გვერდი-გვერდ მუშაობა ორ ერთმანეთის მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილ პარტიას მოუწევს.
ფეისბუკ-მომხმარებლებმა უკვე წარმოიგინეს, როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი:
ზუსტად რამდენი დეპუტატი ეყოლება თითოეულ პარტიას პარლამენტში, ჯერ ძნელი სათქმელია, რადგან რადგან წინასწარი მონაცემებით – 73 ერთმანდატიანი ოლქიდან უმრავლესობაში მეორე ტური დაინიშნება. თუმცა, პოლიტიკური დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ “ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, რაც 113 დეპუტატს ნიშნავს.
ბუ, პატარძალი და სპეცრაზმი
საარჩევნო დღე იმდენად მშვიდად დაიწყო, რომ მედიას ჰქონდა საკმარისი დრო, ეჩვენებინა ბუ, რომელიც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეფრინდა, ხმის მისაცემად მისული ნეფე-პატარძალი და ხანდაზმული მამაკაცი, რომელმაც საარჩევნო უბანზე ცესკოს დაკვირვებელს ყვავილების თაიგული მიართვა.
ხმის მისაცემად მისული და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული პოლიტიკოსების კომენტარებს შორის მთელი დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ვისმენდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად და დარღვევები იმდენად უმნიშვნელოა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
თუმცა, საღამოს ეს თითქმის სკანდინავიური სიმშვიდე და წესრიგი უეცრად დაირღვა. პირველი სერიოზული ინციდენტი მოხდა ქვემო ქართლში – მარნეულში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომისიის წევრებმა შეამჩნიეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას რამდენჯერმე ცდილობდა ერთი და იგივე ადამიანი.
სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელმა დამკვირვებლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და საარჩევნო პროცესის შეჩერება მოითხოვეს. პროცესი მალე გადაიზარდა ხელჩართულ ბრძოლაში.
საარჩევნო უბანთან, რომელიც ერთ-ერთი სკოლის შენობაში იყო განთავსებული, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისროდნენ ქვებს, იქნევდნენ ხელკეტებს. ჩაამტვრიეს ფანჯრები და ჩალეწეს კარები. სცადეს საარჩევნო ურნის გატაცება, თუმცა უშედეგოდ.
სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ სოფელში გამოჩენილმა სპეცრაზმმა შეძლო, რომლიც საარჩევნო უბნის მთელს პერიმეტრზე განლაგდა.
არიან დაშავებულებიც, მათ შორის პოლიციელები.
ხელისუფლება არეულობაში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს, ოპოზიცია კი, ხელისუფლებას სდებს ბრალს.
ვითარება კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო.
საარჩევნო უბანები დაარბიეს სოფელ ჯიხაშკარში, სადაც უცნობები შევარდნენ და საარჩევნო ყუთები დაამტვრიეს, რის გამოც, ამ უბნებში არჩევნები ჩაიშალა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ჩაშლილ უბნებში ოპოზიცია ლიდერობდა.
ასევე არეულობა იყო ქუთაისში, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან რამდენიმე მამაკაცი მიიჭრა. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, გიგი წერეთელს დაუპირისპირდნენ. კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ერთ-ერთი მათგანი:
“ქუთაისელებო, არ გრცხვენიათ, ნაცებს უნდა მისცეთ ხმა? კაცები უნდა გაათხოვოთ?”
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცედურის მშვიდ ვითარებაში წარმართვა და ასევე გამოიძიოს ის ძალადობა, რაც მარნეულსა და სხვა რამდენიმე უბანში მოხდა.
დარღვევების მიუხედავად, არც ერთი დამკვირვებელი საერთო ჯამში არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ამ ეტაპზე ეჭვქვეშ არ აყენებს.
გამოქვეყნებულია: 09.10.2016