"პასუხები დაუსაბუთებელია" - რას ამბობენ ბრიუსელში ოცნების მიერ გაგზავნილ პასუხზე
ბრიუსელი ოცნების მიერ გაგზავნილ პასუხზე
“ქართული ოცნების“ მთავრობამ ზუსტად 31 აგვისტოს – დადგენილი ვადის ბოლო დღეს – წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში. ხელისუფლება 55-გვერდიან პასუხში ამტკიცებს, რომ ის “მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი“.
“რადიო თავისუფლება” ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი 55-გვერდიანი წერილისა და შესაბამისი ანგარიშის შინაარსს გაეცნო.
გამოცემას ბრიუსელში წყარო კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ეუბნება, რომ მიღებული პასუხები “დაუსაბუთებელია“ და სათანადოდ ვერ პასუხობს ევროკომისიის შეშფოთებას.
“მათ არ უპასუხიათ ჩვენ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე – მათ არგუმენტებით გაუმყარებელი პასუხები გამოგვიგზავნეს. წერილი ვერ პასუხობს ბრიუსელის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას.” – ამბობს წყარო.
2025 წლის ივნისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა.
ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.
ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ბეატე გმინდერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 14 ივლისს გაუგზავნა წერილი.
წერილს თან ერთოდა რეკომენდაციების რვაპუნქტიანი სია.
რეკომენდაციებში ევროკომისია ოცნებას მოუწოდებს, გააუქმოს შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველი კანონები. რეკომენდაციებში ევროკომისია ოცნებას ასევე მოუწოდებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს, რაც უზრუნველყოფს LGBTIQ პირების უფლებების დაცვას.
საქართველოს ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიისათვის გაგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ დადგენილი კრიტერიუმების ერთგულად შესრულების გარდა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი დამატებითი ინიციატივა, რომლებიც კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში რეფორმებთან ერთად, აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებით.
ანგარიშის ავტორები ჩამოთვლიან რამდენიმე საერთაშორისო – მათ შორის ნაკლებად ცნობილ – ინდექსსა თუ კვლევის რეიტინგებში “დადებით შედეგებს“:
- კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებში საქართველოს წარმატება აღიარებულია „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის 2024 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში;
- ანტიკორუფციული საქმიანობისა და სახელმწიფოს მშენებლობის ევროპული კვლევის ცენტრის (ERCAS) თანახმად, საქართველო გამჭვირვალობის ინდექსში რეგიონში მესამე, ხოლო გლობალურად 143 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა;
- ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის “პოზიტიური მშვიდობის ინდექსის“ ანგარიშში საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 38-ე ადგილზეა.
ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველო 120 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა კარგი მმართველობის ინდექსში და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.
“რადიო თავისუფლება” აღნიშნავს, რომ ანგარიშის ენა, რომელიც, ჩვეულებრივ, ფორმალისტური და აკადემიური უნდა იყოს, მოიცავს ისეთ პოლიტიზებულ ტერმინებს, როგორიცაა:
- “ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციები“ – “ელიტური NGO-ები არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში“ და ამიტომ გახდა FARA-ს მიღება საჭიროო;
- “გულწრფელი არასამთავრობო ორგანიზაციები“ – FARA-ს მიღება საჭირო გახდა, რათა „გულწრფელი NGO-ები დაგვეცვა“ და მათ სახელმწიფო “აქტიურად დაუჭერს მხარს და ითანამშრომლებს მათთანო“;
- “უცხოური დახმარების ბოროტად გამოყენება … რევოლუციური სცენარების მხარდასაჭერად“ – ავტორების თანახმად, სწორედ ამაზე პასუხად მიიღეს FARA, რომელსაც ანგარიშშიც უწოდებენ “ამერიკული მოდელის ზუსტ ასლს“, რომელიც ემსახურება “სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის ეფექტურად შეკავებას“;
- როდესაც ანგარიში ასაბუთებს, თუ რატომ გააუქმეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, მაგალითად ასახელებს “USAID-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“;
- “საქართველოს სუვერენული უფლება, დაარეგულიროს საშინაო საქმეები“ – ასე ასაბუთებს ანგარიში “აგენტების კანონსა“ (ფორმალურად – “გამჭვირვალობის კანონის“) და ჰომოფობიურ კანონს (ფორმალურად – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს“);
- კერძოდ, ანგარიშის ავტორების მტკიცებით, ამ ორი კანონის მიღება “მიზნად ისახავს დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, ეროვნული იდენტობის დაცვას, სოციალური ერთიანობის ხელშეწყობას და ინსტიტუციური გამჭვირვალობის გაძლიერებას“ და ისინი “სრულად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ უფლებას, დაარეგულიროს თავისი შიდა საქმეები კონსტიტუციისა და დემოკრატიული პროცესების შესაბამისად“.
წერილის შინაარსის გასაჯაროების შემდეგ, ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირს “სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა აქვს და სამარცხვინო შანტაჟის მცდელობისთვის არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა”.
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ “ბრიუსელი ჟონავს.

“ვნახეთ ყველამ, რომ “ბრიუსელი ჟონავს”. ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო, ოფიციალურად აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ “რადიო თავისუფლება”, რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი და რომელიც თავის დროზე CIA-ს მიერ შექმნილი ქვედანაყოფია, არის პროპაგანდისტული. დღეს ვნახეთ, რომ ამერიკამ და ტრამპმა შეუწყვიტეს დაფინანსება ამ პროპაგანდისტულ მანქანას. ბრიუსელმა კი დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო და პროპაგანდისტულ მედიად აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი. ვნახეთ, თუ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის, პირიქით, გვინდოდა კიდევაც დოკუმენტის გასაჯაროება, თუმცა უფლება არ გვქონდა. ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და ნახოს საზოგადოებამ, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას.” — განაცხადა პაპუაშვილმა.