19 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 702 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 456 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი covid-19-ის ახალი შემთხვევა ისევ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანს უკავშირდება. ბოლნისის რაიონში საერთო ჯამში დაფიქსირებული 150 ფაქტიდან თითქმის ნახევარი სოფელ გეტასა და მუშევანზე მოდის. ორივე სოფელში ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული და შესვლა-გასვლა იკრძალება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.