2 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 634 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ახლა საბურთალოს კლასტერია. ამ კლასტერში უკვე 23 ინფიცირებულია, ინფიცირებულის კონტაქტების რაოდენობამ კი 100-ს გადააჭარბა. მათგან 24 კარანტინში გადაიყვანეს.
18 მაისის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი ფაქტი დაფიქსირდა მარნეულში. ინფიცირებულები ერთ ოჯახის წევრები არიან. ისინი საბაჟოზე მუშაობენ. მათი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.