ვაქცინაცია აფხაზეთში და ბრალდებები ხელისუფლების მისამართით
აფხაზეთში რუსეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „Спутник-V“-ის ახალი პარტია შემოიტანეს, რადგან პრეპარატის დეფიციტის გამო, ვაქცინაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში შეჩერებული იყო. მაგრამ საზოგადოებაში ეს ხელისუფლების მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა.
ვაქცინა იყიდა და შემოიტანა ბიზნესმენმა ბესლან აგრბამ. ამავდროულად, გამოქვეყნდა ხელისუფლების ხარჯების შესახებ მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2020 წელს, 434 მილიონი რუბლი (დაახლოებით 5 მილიონი ევრო) დაიხარჯა რესტორნებში სადილებზე, ყვავილებსა და მსგავს რაღაცებზე.
- აფხაზეთი: „როგორ დავრჩით პანდემიასთან ერთი ერთზე“
- „თქვენ ფიქრობთ, რომ მედიკოსები უკვდავები არიან? – აფხაზეთში ექიმები აღშფოთებულები არიან
- ”აფხაზეთის ნებისმიერ ლიდერს ორი პრობლემა აქვს: დახმარება უნდა ითხოვოს და ახსოვდეს, რომ ამისთვის გადახდა მოუწევს”
6.5 ათასი დოზა რუსული ვაქცინა „Спутник-V“, რომლითაც აფხაზეთში 2021 წლის მაისიდან ცრიდნენ მოქალაქეებს, ივლისში დამთავრდა. მოსკოვთან მოლაპარაკებები ახალი პარტიის მიწოდებაზე გაჭიანურდა.
აფხაზეთის ხელისუფლებაში იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი უფასოდ მიაწოდებდათ ვაქცინას, ისმოდა განმარტებები, რომ ბიუჯეტში ამისთვის ფული არ იყო. თუმცა, ეს არ მოხდა.
პრობლემის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო ბიზნესმენმა და მეცენატმა, „მოსკოვის აფხაზური დიასპორის“ ხელმძღვანელმა, ბესლან აგრბამ. მან გადაიხადა და ქვეყანაში ჩამოიტანა 5 ათასი დოზა ვაქცინა.
ეს ინფორმაცია დაემთხვა ყველა სამინისტროსა და სამთავრობო უწყების ფინანსური ხარჯების აუდიტის შედეგების გამოცხადებას. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში არ იყო ვაქცინისთვის ფული, მაგრამ ასობით მილიონი გამოიძებნა ჩინოვნიკების სადილებისთვის, მათ მიერ ყვავილების შესაძენად და სხვა არამიზნობრივი ხარჯებისთვის, დიდი სკანდალი გამოიწვია.
„ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. ჩემ გარშემო წამლების დეფიციტის გამო ადამიანები იღუპებიან. ზოგიერთი ჩემი ნაცნობი მათთვის წარმოუდგენლად დიდ საბანკო კრედიტებს იღებს, რაღა ახლობლებს შეუძინონ დაწყევლილი „აკტემრუ“ (პრეპარატი, რომელიც ინფიცირებულთა დაავადების მძიმე მიმდინარეობისას გამოიყენება).
ამ კრედიტების გადახდა ოჯახებს წლობით მოუწევთ, იმიტომ რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი არ აქვთ“, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი პალატის წევრი, იზოლდა ჰაგბა.
„მოხალისეები აგროვებენ ფულსა და სხვა შემოწირულებებს და ვერ ასწრებენ მოქალაქეებისა და სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებების დაფარვას. როგორ შეგიძლიათ საკუთარ თავს ამის უფლება მისცეთ? როგორ ცხოვრობთ ასე? რაზე აკეთებთ გათვლას, მართლაც მიგაჩნიათ, რომ ეს შეგრჩებათ?“, – მიმართავს ჰაგბა ხელისუფლებას.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი კრიტიკულია, ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა და ათამდე გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება (250 ათასი მოსახლის პირობებში). 8 აგვისტოს მონაცემებით, სულ გამოვლინდა 23 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 326 ადამიანი.