პრემიერმინისტრს პენსიონერებზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება - რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში
გაზიარება
გაზიარება
ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტის ანალიზს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრს, პენსიონერებზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება.
ამასთან, 2026 წლიდან 6 უწყება უქმდება, სადაც 2025 წელს ჯამში 456 ადამიანი მუშაობდა. ესენია: ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, საჯარო სამსახურის ბიურო, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
➤ პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14,600 ლარიდან 16,000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12,410 ლარიდან 13,600 ლარამდე იზრდება, პარლამენტის წევრის 11,680 ლარიდან 12,800 ლარამდე.
➤ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 166-ით იზრდება. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში იზრდება;
➤ 2026 წელს მისაღები უცხოური გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია, მაგრამ 2025 წლისაზე 27 მლნ ლარით მეტია.
➤ ევროკავშირის მიმდინარე გრანტები 2025 წლის მსგავსად განულებულია;
➤ კაპიტალურ პროექტებზე 6.1 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც 565 მლნ ლარით ნაკლებია 2025 წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტად ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება მცირდება.
➤ ყველაზე მეტად – 849 მლნ ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 9.7 მლრდ ლარს აღწევს;
➤ თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება 486 მლნ ლარით იზრდება;
➤ 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე 53 მლნ ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში ეს თანხა 153 მლნ ლარი იყო და ბოლო ვერსიაში 100 მლნ ლარით შემცირდა;
➤ 2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს. აქედან, 3.3 მლრდ ლარი საგარეო ვალია, საიდანაც 1.4 მლრდ ლარი ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება.
➤ 2026 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33.5% იქნება;
➤ მთავრობა 2026 წელს 1.6 მლრდ ლარით მეტს ისესხებს, ვიდრე 2025 წელს. ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებაა;