ასლან ბჟანიამ ბინების კანონის წინააღმდეგ ბოლო პროტესტი უცხოური დაზვერვის სამსახურების გავლენას დაუკავშირა და აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ტიმურ აგიბა შეცვალა.
„აფხაზეთის მაცხოვრებლებს, აბსოლუტურ უმრავლესობას, ესმით, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეფუძნება ორ ძალას: ჩვენი მოქალაქეების ნებას და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერას. ეს ორი კომპონენტი ერთმანეთის გარეშე ვერ იმუშავებს, ეს იგივეა, რაც ერთი ფრთიანი თვითმფრინავის ფრენა ჰაერში.
ბევრ ძალას ეს არ აინტერესებს, ამ ძალების ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ნაწილი საზღვარგარეთიდან მუშაობს – არავის გაუუქმებია უცხოური სპეცსამსახურების და მათი თანამზრახველების დესტრუქციული საქმიანობა, ამას ჩვენ თვითონ განვიცდით და ჩვენ უნდა მივხედოთ – განაცხადა ბჟანიამ ტელეკომპანია „როსია-24“-თან ინტერვიუში.
ორი წლის განმავლობაში ასლან ბჟანია ცდილობდა შეეტანა კანონპროექტი, რომელიც რუსებს აფხაზეთში ბინების აშენებისა და ყიდვის უფლებას აძლევდა.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან ეს ფაქტობრივად აუქმებს აკრძალვას უცხოელებზე საცხოვრებლის მიყიდვის შესახებ, რომელიც მიიღეს დემოგრაფიული დისბალანსის თავიდან აცილების მიზნით.
25 ივლისს, ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ, პარლამენტმა ბინების კანონპროექტი გაიწვია.
თუმცა, კანონის უკან გაწვევამ ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა ოპოზიციის და ხალხის პოზიცია – ისინი შფოთავენ იმის გამო, რომ ამ კანონს პარლამენტში თავიდან შემოიტანენ და საბოლოოდ მიიღებენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო