ბიძია იაგუბი, ტანკი და ეკერსლი
ბიძია იაგუბი
თავის დროზე ბაქოში ბევრი ე.წ. ‘ბუკინისტური მაღაზია’, ახალი და ძველი წიგნების სახელდახელო დახლები არსებობდა. დღეს რანდენიმე ‘გადარჩენელი’ გამყიდველი მყიდველის ნაკლებობას უჩივის. აქ უკვე ძველებურ მრავალფეროვნებას ვეღარ ნახავთ – თანამედროვე დეტექტივების გვერდით ჰოროსკოპები და კულინარული წიგნები დევს.
სამოცდათხუთმეტი წლის ბიძია იაგუბი, რომელიც წიგნებს ყიდის, გასაოცარ ოპტიმიზმითაა განმსჭვალული.
‘იცით, ბოლო დროს ახალგაზრდობას წიგნების, განსაკუთრებით კი კლასიკის კითხვის ინტერესი გაუჩნდა,’ – ამბობს ის; კლასიკური ნაწარმოებების შავი, გაცვეთილი ტომებისა და ჭრელყდიანი ‘ქალური რომანების’ ფონზე, მთელი ეს სურათი 90-იანი წლების ჟანრულ ინსტალაციას მოგაგონებთ. ოდნავ მოშორებით რამდენიმე ინგლისური წიგნიც დევს. იაგუბს სხვადასხვა მომწოდებელი ჰყავს.
საუბარი ორჯერ შეგვაწყვეტინეს. პირველად შუახნის ქალმა ჩაგვიარა:
– გამარჯობა, იაგუბ. ჩემთვის გაქვს რამე?
– არა. ‘საბჭოთა ენციკლოპედია’ არ წავა?
ამის შემდეგ პოლიციელი მიუახლოვდა და საკმაოდ მეგობრული ტონით ჰკითხა:
– მოახერხე რაიმეს გაყიდვა?
– კი, მოვახერხე, – პასუხობს ბიძია იაგუბი და პოლიციელს კუპიურას უწვდის. სამართალდამცველი პატიოსნად უბრუნებს ხურდას.
‘პოლიცია ბევრს არ იღებს, – ამბობს გამყიდველი, – მაგრამ ყოველდღე უნდა გადაუხადო. თუ ვერაფერს გაყიდი, შენი ჯიბიდან მაინც მოგიწევს ფულის მიცემა’, – გვიხსნის ბიძია იაგუბი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ბიძია იაგუბსა და მისნაირებს ბორდიურზე წიგნების დალაგებაც აუკრძალეს. წინათ მართლაც ასე აწყობდნენ წიგნებს, ახლა კი ეს ქმედება 80 მანათის ოდენობის ჯარიმით ისჯება.
ამინდის მიუხედავად, ბიძია იაგუბი ყოველთვის ქუჩაშია. ან ფარდულშივე სადილობს, ან მეზობლად მდებარე სადაფში ჩადის. ბუტერბროდებს შეექცევა და თერმოსიდან ჩაის აყოლებს. ამბობს, რომ მისი პატარა ბიზნესს უკეთესი დროებაც უნახავს.
‘მახსოვს, 90-იანების დასაწყისში უცხოელებით სავსე ჯიპი მოადგა ჩემს დახლს. მაშინ ბაქოში ჯიპები არც იყო. ‘ეკერსლის’ (ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორის გვარია) 250 კომპლექტი შემიკვეთეს. მახსოვს, 1250 დოლარი გადაიხადეს. უზარმაზარი თანხა! ამ ფულის ნახევარი მე შემხვდა. როგორც პატისიოსანმა საბჭოთა მოქალაქემ, მთელი ფული ‘გადავახურდავე’ -უცხოურ ვალუტას ხომ ვერ გავიჩერებდი – და ოჯახისთვის საჭირო ნივთები ვიყიდე. მეორე დღეს დეფოლტი მოხდა – დოლარი, რომელიც 10 მანათი ღირდა, 40 მანათამდე გაძვირდა. შემეძლო, მეტი მეშოვა. მაგრამ ჭკუის საწავლებლად მაინც არ გამომადგა.’
ბიძია იაგუბს იმავე ოთხმოცდაათიანი წლებიდან უფრო მძაფრსიუჟეტიანი ისტორიებიც აქვს.
‘ეს ამბავი ზუსტად ოთხმოცდაათი წლის იანვარში მოხდა. ქალაქში ტანკები იდგა. როგორც ყოველთვის, ჩემ ადგილას მოვედი და წიგნები დავაწყვე. უცებ ტანკიდან ერთი ოფიცერი ამოვიდა და მომიახლოვდა. ‘ეს სულ თქვენიაო? – მკითხა; ჩემია-მეთქი, -ვუპასუხე. კიდევ გაქვსო?- იკითხა; კი, მაქვს-მეთქი, – მივუგე. მაშინ უზარმაზარი ბიბლიოთეკა მქონდა. ოფიცერი რუსეთიდან იყო, იქ კი კითხვა ყველას უყვარს. მითხრა, – ტანკში ჩამიჯექიო. ჩავჯექი და ჩემი სახლისკენ გავემართეთ. როდესაც სახლის წინ გავჩერდით, მეზობლები გაოცდნენ. ალბათ იფიქრეს, რომ სამშობლოს ვუღალატე. სახლში შევედით და, ოფიცერმა მთელი ჩემი ბიბლიოთეკა იყიდა. სულ ხუთი ათასი რუბლი გადამიხადა, რაც იმ დროისთვის ცუდი ფული ნამდვილად არ იყო.’
მიუხედავად იმისა, რომ სხვა მაღაზიების მეპატრონეებს მოულოდნელი დახურვის არ ეშინიათ, მაინც რთული დრო უდგათ. მაგალითად, ერთ დროს ცნობილი მაღაზია ‘ბუკინისტის’ გამყიდველი ვიდადი მელიქოვიც მყიდველების არარსებობას უჩივის ‘თავადაც ხვდებით, რომ ახლა ყველა ცდილობს პირველ რიგში პური იყიდოს, შემდეგ – ტანსაცმელი და ა.შ.’
მაღაზიის მაღალი სტელაჟები წიგნებითაა სავსე, თუმცა მყიდველი მაინც ცოტაა. ვ. მელიქოვის თქმით, მუდმივი კლიენტიც არ ჰყავს ბევრი. ‘ზოგჯერ უბრალოდ მოდიან, სხვადასხვა თემაზე ილაპარაკებენ და მიდიან ისე, რომ არაფერს ყიდულობენ.’ ძირითადად იაფფასსიანი, ‘ფართო მოხმარების’ ლიტერატურა იყიდება – დეტექტივებისა და სასიყვარულო რომანების გაცვეთილი ეგზემპლარები, რომლებმაც უკვე ბევრი მფლობელი ‘გამოიცვალეს.’
ძალიან სუსტი ქსელი
‘წიგნების ავანტიურის’ წამოწყებამდე სამ სუმგაითელ ბიჭს განსაკუთრებული შემოსავლის მიღების იმედი არც ჰქონია. მათი მიზანი იყო, ერთგვარი ‘ინტელექტუალური ოაზისი’ შეექმნათ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც ჩაიხანები, საშაურმეები და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებული. სხვათა შორის, ეს ქუჩა სახელგანთქმული აზერბაიჯანელი პოეტის, ნიზამი განჯევის სახელს ატარებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქუჩაზე წიგნების პატარა, მაგრამ ამაყი მაღაზიის გამოჩენა სავსებით ლოგიკური იყო. მაღაზიას ‘Tor’ დაარქვეს, რაც ‘ქსელს’ ნიშნავს.
მაღაზიას სამი ‘დამფუძნებელი მამა’ ჰყავდა – ულვი ნაჯაფლი, ორჰან ჰასიმოვი და ფაიგ ალიევი.
‘სინამდვილეში მაღაზიის კი არა, ერთგვარი კლუბის გახსნა გვინდოდა, რომელშიც სუმგაითელი ახალგაზრდები ერთმანეთთან ურთიერთობას, აზრებისა და წიგნების გაცვლას შეძლებდა. გამოგიტყდებით, ჩვენ თვითონ საკმაოდ ასოციალური ადამიანები ვართ და ამიტომ ეს წამოწყება ჩვენთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, მეგობრების გაჩენის საშუალება უფრო იყო’, – გაგვანდო ‘პატარა საიდუმლო’ ულვიმ.
მეგობრებს ფართი ახლობელმა დაუთმო, თუმცა მაღაზიის მოსაწყობად მაინც საკმაოდ დიდი თანხა (ყოველ შემთხვევაში, ბიჭების შემოსავლებთან შედარებით) დაეხარჯათ. თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მათ მაღაზიაში არ გაიყიდებოდა სახელმძღვანელოები, სიზმრების ახსნის ‘ცნობარები’, სამყაროს დაპყრობის გეგმების შემცველი და სხვა მსგავსი წიგნები. მეგობრებს უნდოდათ, აქ მსოფლიოს მხატვრული ლიტერატურის აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი გამოცემები გაეყიდათ.
მაღაზიაში შეგეძლოთ მინიმალურ ფასად გეყიდათ, ან ქირით გამოგეწერათ წიგნი. ამდენად, ‘Tor’-ში ფასიანი ბიბლიოთეკაც მუშაობდა.
‘თავიდან ბევრი ადამიანი მოდიოდა, მაგრამ კრიზისის შემდეგ კვირაში 10 წიგნზე მეტს ვეღარ ვყიდდით.
ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ჩვენი მაღაზიის ზღურბლს აბიჯებდა, უფრო ხშირად გზის სწავლებას გვთხოვდა. ისე კი, ამ პერიოდში ბევრი სტერეოტიპული შეხედულება გაგვიქარწყლდა. მაგალითად, ზოგჯერ ინტელიგენტური იერის ადამიანი შემოდიოდა, მთელ საათს საკუთარ განათლებულობაზე ილაპარაკებდ და ისე მიდიოდა, წიგნებს თვალსაც კი არ შეავლებდა ხოლმე. და პირიქით – მოვიდოდა ვიღაც საეჭვო ტიპი (ეზოებში რომ დგანან ხოლმე, ისეთი) და გოეთეს, სელინჯერისა ან ფირდოუსის ნაწარმოებებს ყიდულობდა.’
ხალხის მისაზიდად, ულვიმ, ორჰანმა და ფაიგმა ქალაქის ცენტრში არსებული ანტკივარული მაღაზიებისა და სტამბოლის რესტორნების თანამშრომლებს მიბაძეს – იდგნენ ზღურბლზე და გამვლელ ახალგაზრდებს მაღაზიაში შესვლას სთავაზობდნენ – არა რაიმეს საყიდლად, არამედ იმისთვის, რომ თუნდაც დაეთვალიერებინათ, გადაეშალათ და ‘დაეგემოვნებინათ’; მაგრამ ამ წამოწყებამ არ გაამართლა.
მაღაზია დაიკეტა – ‘არამოთხოვნადობის’ გამო.
ფასდაკლებები – კრიზისთან საბრძოლველად
კრიზისმა არამხოლოდ წვრილი მოვაჭრეები, არამედ აზერბაიჯანში ცნობილი მაღაზიების ქსელი ‘ალი და ნინოც’ დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ბევრი მოყვარული ამ ქსელს წარმოუდგენლად მაღალი ფასების დაწესებას საყვედურობდა, ეს მაღაზიები ცარიელი არასდროს იყო, რადგან აქ პრაქტიკულად ნებისმიერი ლიტერატურული სიახლე დაგხვდებათ, და თან აქვე იყიდება საკანცელარიო საქონელი, სახელმძღვანელოები და ბავშვების სათამაშოები.
მაგრამ ‘ალი და ნინოს’ დირექტორის, ნიგიარ ქოჩარლის თქმით, მათ პრობლემები დევალვაციამდე, დაახლოებით აგვისტო-სექტემბრის პერიოდში დაეწყოთ. უკვე მაშინ იგრძნობოდა მყიდველის ინტერესის ნაკლებობა. ამის მიზეზი მსყიდველუნარიანობის შემცირება იყო, რაც 2015 წლის თებერვლის დევალვაციის ტალღამ გამოიწვია. იმავე პერიოდთან შედარებით, ახლა გაყიდვები 30-35%-ით შემცირდა.
ნიგიარ ქოჩარლი
იმის გამო, რომ წიგნების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან იგზავნება, მანათის ფასის ვარდნამ მათი თვითღირებულება და, შესაბამისად, ფასიც გაზარდა.
‘მომხმარებლის სტიმულირებისათვის წიგნებზე ფასდაკლების აქციებს ვაწესებთ ხოლმე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასს ვადებთ და შედეგად ზარალში ვვარდებით, – ამბობს ნიგიარ ხანუმი, – იძულებული ვართ, ასე მოვიქცეთ, რადგან ადამიანებს პირველ რიგში საჭმლის ფული სჭირდებათ. ასეთ დროს წიგნების მიმართ ინტერესი ბოლო ადგილზე გადადის’.
დევალვაციის შემდეგ მსგავს პრობლემა გამომცემლობა ‘Qanun’-საც გაუჩნდა. გამომცემლობის ხელმძღვანელის, შაჰბაზ ხუდუოღლუს თქმით, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები დათმო, გაყიდვების მოცულობაც 30-35%-ით შემცირდა.
შაჰბაზ ხუდუოღლუ
სხვა მეწარმეებისა და გამყიდველებისგან განსხვავებით, ‘Qanun’-მა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არა ფასების გაზრდას, არამედ მათ შემცირებას მიჰყო ხელი. ‘დევალვაციის შემდეგ ყველამ გადაწყვიტა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ფასების ზრდა იქნებოდა. ჩემი აზრით, ეს სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია და მხოლოდ დროებითი შემოსავალი შეიძლება მოიტანოს. ხანგრძლივ პერიოდში ეს ნაბიჯი დადებით შედეგს ვერ მოგვცემს. ამიტომ, ჩვენ ფასები შევამცირეთ და ეს ძალიან ეფექტიანი გამოდგა. ამ გზით ბევრი ახალი მყიდველის მოზიდვა შევძელით.’
ნიგიარ ქოჩარლი და შაჰბაზ ხუდუოღლუ ერთხმად აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის წიგნის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეღავათების არარსებობაა. წიგნით მოვაჭრეები ზუსტად ისეთივე გადასახადებს იხდიან, როგორსაც სხვა მეწარმეები. არადა, მთელ მსოფლიოში წიგნით მოვაჭრეები ერთგვარი პრივილეგიებით სარგებლობენ. მილი მეჯლისის გადაწყვეტილებით კი, 2016 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში შემოსულ წიგნებზე, საბაჟო მოსაკრებლის გარდა, 18 %-იანი დღგ-ც დაწესდა. წინათ ეს გადასახადი არ არსებობდა.
ამ ახალმა წესმა მაღაზია ‘ალი და ნინოს’ დამატებითი პრობლემები შეუქმნა, რადგან მათი საქონელი ძირითადად იმპორტირებული წიგნებისგან შედგება. ასევე დაზარალდა გამომცემლობა Qanum, რომელიც საკუთარ პროდუქციას საზღვარგარეთ ბეჭდავს.
ჩვენი ორივე რესპოდენტი მიიჩნევს, რომ წიგნების ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასახადების ტვირთის შემცირებაა საჭირო. შაჰბაზ ხუდუოღლუს აზრით, ვითარების გასაუმჯობესებლად ამ სფეროსადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს: ‘ამისათვის მძლავრი პოროპაგანდაა საჭირო. მაგალითად, შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანის ყველა რაიონში წიგნების რეგულარული ბაზრობები გაიმართოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ხალხი საერთოდ დაივიწყებს წიგნს.’
სამაგალითოდ, შაჰბაზ ხუდუოღლუმ წიგნის ბაზართან დაკავშირებული მონაცემები მოიყვანა: ‘ამჟამად ბაქოში წიგნის 15 სპეციალიზებული მაღაზიაა, სუმგაითში 2 მაღაზია გვაქვს, განჯაში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში კი – მხოლოდ 1. ლენქორანში წიგნის ერთადერთი განყოფილება ფუნქციონირებს; სხვა ქალაქებში კი, შეიძლება ითქვას, რომ წიგნების სავაჭრო პუნქტები საერთოდ არაა. არადა, ვთქვათ საფრანგეთში, ყოველ 2 ათას ადამიანზე წიგნის 1 მაღაზია მოდის. ჩვენს შემთხვევაში კი გამოდის, რომ ყოველ 400 ათას მოქალაქეზე 1 ასეთი სავაჭრო პუნქტი გვაქვს.’
ცხადია, ‘ქაღალდის ლიტერატურაზე’ მოთხოვნის არარსებობა ელექტრონული წიგნის კითხვის ტენდენციასაც შეიძლება, დავუკავშიროთ, მაგრამ გამომცემლის აზრით, ეს გარემოება არაფერ შუაშია: ‘ვფიქრობ, უბრალოდ, ორ სხვადასხვა კულტურასთან გვაქვს საქმე. ქვის ხანა დამთავრდა, მაგრამ ქვა ხომ არსად გამქრალა! ამ მასალას დღემდე იყენებენ. ასევე გრძელდება ქაღალდის წიგნების ერაც. თუმცა, აზერბაიჯანულ ენაზე, ზოგადად, ძალიან ცოტა წიგნი არსებობს – როგორც ქაღალდის, ისე ელექტრონული. ასე რომ, თანამედროვე აზერბაიჯანელ მკითხველს განსაკუთრებულად ფართო არჩევანი არც აქვს.’
‘ სასწორი – 20 კაპიკი’
გამოქვეყნდა 19.04.2016