გენერალი ბენ ჰოჯესი: არ მესმის, საქართველოს მთავრობა რატომ გადაეჯაჭვა კრემლის გვამს
გაზიარება
გაზიარება
ბენ ჰოჯესი საქართველოს მთავრობაზე
ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გადაეჯაჭვა საქართველოს მთავრობა კრემლის გვამს.
“მე ვერ ვხედავ ვერანაირ პოზიტიურ შედეგს საქართველოსთვის, რომ არ იყოს უკრაინის მხარეს. სულ მცირე საჯაროდ ითქვას, უკრაინა კარგი მხარეა, რუსეთი კი აგრესორია; და ჩვენ, ქართველები, არ გავაკეთებთ არაფერს ისეთს, რაც ლეგიტიმაციას მისცემს რუსეთის მოქმედებებს. არსებობს სანქციები და სხვა მრავალი ლეგალური გზა მხარდაჭერის გამოსახატავად. ეს არ ითვალისწინებს საქართველოს ომში ჩათრევას. არის შესაძლებლობა, რომ საქართვეთოლო იყოს ისტორიის სწორ მხარეს.” – აღნიშნა ჰოჯესმა.
მისივე შეფასებით, ქართველთა დიდი ნაწილი სრულად უჭერს მხარს უკრაინას. მაგრამ როგორც ჰოჯესი ამბობს, საქართველოს მთავრობის მოქმედებასა თუ უმოქმედობასა და ქართველი ხალხის სურვილს შორის კავშირია გაწყვეტილი.
გენერალ ჰოჯესის განცხადებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი, რომელმაც თქვა, რომ “ასეთი ადამიანის განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს.” მისივე განმარტებით, ბენ ჰოჯესი ადრეც მავნებლურ განცხადებებს აკეთებდა.
“ვფიქრობ, იმ ადამიანების მხრიდან ძალიან დიდი შეცდომაა, ვინც ცდილობს, რომ პირდაპირ ასეთი ომის რიტორიკისა და გლობალური ომის პარტიის წევრი სპიკერად გამოიყენოს.” – აღნიშნა დეპუტატმა.
თებერვალში საქართველო არ შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სანქციებს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია დასახელდა. საქართველოში უკრაინას დღემდე არ ჰყავს მუდმივი წარმომდაგენელი – ელჩის მოვალეობას დროებით ანდრეი კასიანოვი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო.
საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია, რომელშიც საქართველო არ არის. კრემლის განმარტებით, რუს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს, კრედიტორებისთვის, რომლებიც „არამეგობრული სახელმწიფოები“ არიან, ვალის დაბრუნება რუსულ რუბლში შეეძლებათ.