რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
ბელარუსში, პროტესტის დაწყების შემდეგ, ადგილობრივი სახელისუფლებო პროპაგანდა სერიოზულად შეიცვალა. ტრადიციული მოუხერხებელი „ანტიფეიკების“, ეროვნულ დროშას ამოფარებული ფაშისტებისა და ნატოს აგრესიის შესახებ ოდიოზური ექსპერტული მოსაზრებების ადგილი ეშმაკურმა, მანიპულატორულმა ვიდეორგოლებმა დაიკავა. შეიცვალა ახალი ამბების ტონალობაც, რომელიც შიდაპოლიტიკურ სიტუაციას აღწერს.
ინდუსტრიას უზარმაზარი მოცულობა აქვს. საქმე არა მხოლოდ რუსებშია, რომლებიც სახელისუფლებო მედიიდან წასული ბელარუსი თანამშრომლების ნაცვლად ჩამოვიდნენ. ბელარუსში ჩაირთო უზარმაზარი პროპაგანდისტული ქსელი.
• ანალიზი: რა შანსები აქვთ გამარჯვებისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას ბელარუსში
• რა იქნება ლუკაშენკოს შემდეგ? სულ უფრო მეტი ადამიანი ბელარუსის ქუჩებში
• როგორ გავუმკლავდეთ ყალბ ამბებს, ანუ რატომ გვჭირდება ფაქტჩეკინგი
რუსეთი მოვიდა – წესრიგი დაამყარა
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც არ აღიარა ოპოზიციამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ, ბელარუსის საინფორმაციო სუვერენიტეტი უმოკლეს დროში დასრულდა. ბელარუსის სამთავრობო მედიის დღის წესრიგი მთლიანად პროკრემლურმა მედიაველმა და ნარატივმა შეიწოვა.
თუკი არჩევნებამდე ბელარუსის სამთავრობო მედია მიანიშნებდა შესაძლო არეულობებთან რუსეთის კავშირზე, საუბრობდა რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავებაზე, ახლა ტელევიზიით მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, რომ პროტესტი დასავლეთის მიერ, „ფერადი რევოლუციების“ მეთოდით არის ორგანიზებული.
ისინი აცხადებენ, რომ ეს საერთოდ არ არის პროტესტი, არამედ დესტაბილიზაცია, რომელსაც კოორდინირებას უწევენ პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, აშშ-დან და ჩეხეთიდან. „მშვიდობიანი პროტესტი“ ასეთი არ არის. ადამიანები, რომლებიც მიტინგებზე გამოდიან, ესენი არიან მარგინალები, რომლებიც ამაში ფულს იღებენ. პროტესტის მონაწილეები ემუქრებიან ჩინოვნიკებსა და ძალოვანებს, ასევე, მათ ნათესავებს.
ნატო სახიფათოდ მოძრაობს დასავლეთის საზღვართან, თავს უყრის ჯარებს და შეიძლება სამხედრო პროვოკაციის ორგანიზება მოახდინოს, მათ შორის, მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით. პოლონეთი მტაცებლის თვალით შესცქერის ბელარუსს და მთელი გროდნოს ოლქის წაღება სურს.
დასავლეთი აგრესიულად ერევა ბელარუსის საშინაო საქმეებში, ბელარუს-რუსული ურთიერთობების გაფუჭება და მასობრივი ანტირუსული განწყობის შექმნა სურს. მაგრამ დამოუკიდებელი ბელარუსი შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო კავშირში. ის დაიცავს ბელარუსს დასავლეთის აგრესიული გავლენისგან.
საინფორმაციო დესანტი
მას შემდეგ, რაც ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ბევრმა თანამშრომელმა გაფიცვა გამოაცხადა – ხელისუფლების მხრიდან პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ცენზურის გამო – მათ შესაცვლელად ჟურნალისტები რუსული ტელევიზიებიდან ბელარუსში პირადად ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიწვია: „ვთხოვე რუსებს: მოგვეცით ჟურნალისტების ორი-სამი ჯგუფი, ყოველი შემთხვევისთვის. ეს არის 6 ან 9 ადამიანი ყველაზე პროგრესული ტელევიზიიდან“.
„ყველაზე პროგრესული“ არხი აღმოჩნდა Russia Today, რომლის ხელმძღვანელიც მარგარიტა სიმონიანია.
ამის შემდეგ, მინსკში, ქუჩის აქციებზე გამოჩნდა ტელეკომპანია RT-ის მოძრავი სადგური, ამ არხის კორესპონდენტმა კონსტანტინ პრიდიბაილომ კი ყველაფერზე მიიღო წვდომა. უფრო ზუსტად, ყველა ადამიანთან: აი, ის კითხვებს უსვამს პრეზიდენტ ლუკაშენკოს, აი, ის მანქანით მიდის შინაგან საქმეთა მინისტრ კარაევთან ერთად.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე უცხოელი პროპაგანდის სპეციალისტები მცირე უზუსტობებს უშვებდნენ. მაგალითად, ქვეყანას ბელარუსის ნაცვლად, ბელორუსიას უწოდებდნენ.
ახლა, არა მხოლოდ ტელევიზიები, არამედ სახელმწიფო მედიის ოფიციალური ტელეგრამ-არხებიც მარაგდება RT-ის ახალი მასალით, სადაც „მოლაპარაკე თავები“ ჰყვებიან იმის შესახებ, რომ „პროტესტი ჩაიფუშა“ და იქ დადიან მხოლოდ „სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ხელისუფლებამ დაღალა, მყვირალა კლოუნები და უსაქმურები“. ქუჩებიდან კი მოდის სიუჟეტები პროტესტის მონაწილეთა „რბილ დაკავებებზე“ ომონის მიერ.
ბელარუსი ექსპერტების ადგილი კი ტელეარხების ეთერში რუსებმა დაიკავეს.
რუსული ტელეკომპანიის თანამშრომლებს ბელარუსის ხელისუფლებისა და ძალოვანების მხრიდან სრული კარტ-ბლანში აქვთ. მაგალითად, 27 აგვისტოს, თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტების მასობრივი დაკავებების დროს, RT-ის თანამშრომლებს ძალოვნები არ შეხებიან. მილიციელებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ადგილზე შეეხედათ მათი აკრედიტაციებისთვის.
ამის შემდეგ, რუსული არხის თანამშრომლები მშვიდად საუბრობდნენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 200 მომიტინგის შესახებ და ქმნიდნენ მათთვის მოსახერხებელ სურათს, რომლის უარყოფაც რთულია – იქ ხომ ჟურნალისტები აღარ დარჩნენ.
RT-ის კამერების წინ, ბელარუსული ომონი გაურბის სასტიკ დაკავებებს. შემდეგ გადის სიუჟეტები იმის შესახებ, როგორ შლიან აქციის მონაწილეებს „ძალის გამოუყენებლად“.
ასეთი ფეიკები RT-ის ჩვეულებრივი სტილია ბელარუსში.
საპროტესტო აქტივობის ნიველირება
მესამე კვირაა, მთელ ბელარუსში იმართება ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქციები – ლოზუნგებით – „საყვარელ ადამიანს არ მივცემთ“ და „ბატკასთვის!“. „ბატკას“ ლუკაშენკოს ამ დრომდე მხოლოდ რუსეთში ეძახდნენ. თავად მიტინგებს კი ინტერნეტში უწოდებენ „ლუტინგებს“ „პუტინგების“ მსგავსად – საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების აქციები ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად.
ფაქტობრივად, თვითონ ამ მიტინგების დასახელებაც მეტყველებს „რუსულ კვალზე“. ბელარუსში ლუკაშენკოს „ბატკას“ უკვე ოც წელზე მეტია აღარ ეძახიან. სამაგიეროდ, სხვა ქვეყნებში, პირველ რიგში რუსეთში – მას კვლავ ამ სახელით მოიხსენიებენ.
ახლა, პროპაგანდისტული სიუჟეტების ძირითადი იდეაა – არა არჩევნებზე ლუკაშენკოს გამარჯვების მტკიცება, არამედ ბელარუსების დარწმუნება, რომ პროტესტი ამოიწურა, ჩაიფუშა და გაქრა. ასეთი ნარატივის მიზანი მარტივია – ადამიანების დემოტივირება. რათა შეწყდეს წინააღმდეგობა, რათა ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები ისევ დაიშალონ და დაივიწყონ სოლიდარობა.
ასეთი პროპაგანდის ამოცანა ისაა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ წინააღმდეგობა, გალანძღონ და ეჭვი შეიტანონ ერთმანეთში. ასევე, დაიჯერონ, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. და რომ, მცდელობაც კი არ ღირს.