უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია
სახელმწიფო უსაფღხოების სამსახურმა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
უწყება აცხადებს, რომ გამოძიების მიზანია, დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობა აღნიშნული ინფორმაცია და ასევე მისი რელევანტურობა.
სუს-ის განცხადება
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით და შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას.” – წერია უწყების განცხადებაში.
BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის სამსახური ამბობს, რომ გამოძიების პროცესში მათ ინფორმატორები ჰყავდათ საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის რიგებიდანაც. ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, დაზარალებულებს.
ამ წყაროებიდან შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პროევროპული აქციების დარბევისას გამოყენებული იყო ნივთიერება, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებს.
გამოცემა წერს, რომ “კამიტე” პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ არსებობს მწირი ინფორმაცია, მაგრამ ითვლება, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, იმის გამო, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. მის შემცვლელად კი CS გაზი, ანუ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენება.
“ქართული ოცნების” განცხადებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ “სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ” პასუხი აგოს “ბინძური, ცრუ” ბრალდებების გავრცელების გამო.