გდდ-ის შეიარაღების ყოფილი უფროსი: ეს ნივთიერება 2009 წელს დაიტესტა, ზედმეტად მომწამვლელი იყო და დაილუქა
BBC-ის გამოძიება
ეს ნივთიერება 2009 წელს, ან 2009 წლამდე დაიტესტა, ზედმეტად მომწამვლელი იყო და დაილუქა, – ამის შესახებ განაცხადა BBC-ის საგამოძიებო ფილმის საკვანძო რესპონდენტმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა “დროებასთან” ინტერვიუში.
“ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე. ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას იმისათვის, რომ გაგვეგო, მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ვყოფილვარ. შემცველობა ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვიყავი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო. იცოდა ჩემმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები.
ამ პროცესში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, რომელიც მანამდე არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, რომ ასეთი პროცესები იყო. ადამიანს ხანგრძლივად უვითარდება მოწამვლის პროცესები, შემდეგ ემართება ღებინებები და ა.შ. ჩვენ ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. და სხვათა შორის, მაშინვე თქვეს, რომ თუ ეს ასეთი თემა იყო, არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე მოხდა ამის დალუქვა”, – თქვა შერგელაშვილმა.
ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის შეკითხვაზე, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენეს, შერგელაშვილი პასუხობს: “ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო გამოყენებული.”
ლაშა შერგელაშვილის თქმით, ხელისუფლება ტყუის და მათ ბევრი რამე დამალეს.
“მე ქიმიკოსი არ ვარ, არ ვიცი მისი შემადგენლობა. მე მხოლოდ ის ვიცი, თუ როგორ იყო ეს პრაქტიკაში, როგორ გამოიყენებოდა ეს, და რაც პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი – მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ როდესაც მასას ერთმანეთში აზავებდნენ, ორი პიროვნება იყო ყოველთვის შეზავების პროცესში.
მე შორიდან მაქვს ეს ნანახი, იქ ახლოს ვერ მივიდოდი. ისინი სპეციალურ კომბინეზონებში ჩაცმულები იყვნენ, აირწინაღები ეკეთათ, ხელთათმანებით აღჭურვილები და ამგვარ პროცესით ურევდნენ ერთმანეთში ამ ქიმიურ ფხვნილს და სითხეს. მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხებთ, რამდენად მართებულია სუს-ის განცხადება, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ – ისინი ტყუიან. მათ ბევრი რამე დამალეს.” – განაცხადა ლაშა შერგელაშვილმა.
როგორც გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, ის არ არის BBC-ის გამოძიების ერთადერთი წყარო. მისი თქმით, მას აჩვენეს ყველა იმ ადამიანის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართები, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ პროცესთან.

“რა ვიგრძენი მე, როდესაც BBC-სთან ვმუშაობდი ამ პროცესთან დაკავშირებით – მე ვიგრძენი, რომ ისინი მონაყოლს ან ვინმეს გაგებულს არ თანხმდებიან. მათ არ აქვთ სურვილი, ასეთ ადამიანებთან ითანამშრომლონ, ვინაიდან, არაერთხელ განმიმარტეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დადგეს უამრავი ადამიანის პასუხისმგებლობა ამ ფილმთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი მტკიცებულებები, რომელიც ურყევი იქნება აღნიშნული ფაქტის მოსაყვანად. ეს იყო დიდი ხნის პროცესი, თუ არ ვცდები, დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში მიდიოდა. მე ვეძებდი ამ მტკიცებულებებს, და, სხვათა შორის, როგორც კი მიხვდნენ, რომ იქ ჩემი სახელი იყო ნახსენები და მე ვიყავი ჩართული, დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მაღალი თანამდებობის პირები და გამოკითხვები დაუწყეს ჩემზე და მათ დაუდასტურეს, რომ სამწუხაროდ, ეგ არის ის ადამიანი, ვისაც მიუწვდებოდა ხელი ამ აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებებთან. ეს არის ის ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, მოიპოვებდა მისი არსებობის მტკიცებულებას… ამიტომაც ვეღარ დამალეს უკვე ის პროცესი, რაც უკვე გაშვებული იყო. აქედან გამომდინარე, ამ ხნის განმავლობაში, თუ რა მტკიცებულებები აქვს BBC-ის, მე ამას სამწუხაროდ ვერ გეტყვით.
მე არ ვარ ერთადერთი წყარო… არ მინდა ისეთი რაღაცებიც ვილაპარაკო, რომელიც, დავუშვათ, შემდეგ მათ რამენაირად შეიძლება არ მოეწონოთ, ამიტომ, მე იმას ვიტყვი, რაც მე თვითონ ვნახე და მე გადამხდა. იყო ასეთი სიტუაცია – ამ მუშაობის პროცესში ხშირად მეკონტაქტებოდნენ, მაჩვენებდნენ ადამიანების სიებს, მე არ ვასახელებ მათ იმიტომ, რომ ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, მსახურობენ და ა.შ. არ მინდა, ეს უხეშად გამომივიდეს, მაგრამ როგორც ჩემი ყოფილი კოლეგები, არ მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება. მაჩვენეს ყველა იმ ადამიანის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართები, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ პროცესთან. მე არ ვგულისხმობ დარბევის პროცესს, მე ვგულისხმობ ავტომობილ “ტომასს” (წყლის ჭავლის მანქანა – რედ)… მძღოლებიც კი, ოპერატორებიც. ხელმძღვანელი პირები და ა.შ. იერარქიულად ზემოთ, ჰქონდათ აბსოლუტურად ყველაფერი და მე მთხოვეს, რომ დამედასტურებინა ამ ადამიანების ავთენტურობა, ნამდვილობა. შესაბამისად, ჩვენ გქონდა ამაზე გარკვეული შეთანხმებები…
ამის შემდეგ კიდევ ჩამოვიდნენ ჩემთან, უკვე ჩამოიყვანეს იურისტები და კერძო საუბარში როდესაც უკვე ეს დამტკიცებული იყო, უკვე ეს ფილმი მთავრდებოდა და შემატყობინეს, რომ ძალიან მალე გავიდოდა, მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ იურისტმა – მე როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩა, მას უკვე გავლილი აქვს კონსულტაცია თავის იურისტებთან – საუბრის დროს მითხრა ასეთი რაღაც, რომ მათ იცოდნენ რა საშინელ სითხესაც იყენებდნენ, ქიმიურ შენაერთს, და თუ ეს არ იცოდნენ და ეს იყო ექსპერიმენტი, ეს არის გაცილებით საშიში დანაშაული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი, ვიდრე ის, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად… მითხრეს – არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ჰააგის სასამართლოში გამოგიძახებენ მოწმედ.” – თქვა გდდ-ის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა.
BBC-ის გამოძიება
BBC-მ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის სამსახური ამბობს, რომ გამოძიების პროცესში მათ ინფორმატორები ჰყავდათ საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის რიგებიდანაც. მათ შორის გდდ-ს შეიარაღების ყოფილი უფროსი ლაშა შერგელაშვილი. ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, დაზარალებულებს.
ამ წყაროებიდან შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პროევროპული აქციების დარბევისას გამოყენებული იყო ნივთიერება, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებს.
გამოცემა წერს, რომ “კამიტე” პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ არსებობს მწირი ინფორმაცია, მაგრამ ითვლება, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, იმის გამო, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. მის შემცვლელად კი CS გაზი, ანუ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია, რომელიც მათივე თქმით, შსს-მ 2007 წელს შეიძინა.
ბრიფინგზე სუს-ის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ირწმუნებოდა, რომ BBC-ის სიუჟეტში ნახსენები კამიტი შსს-ს არასდროს შეუძენია. მაღრაძე ამბობს, რომ შსს-ს მიერ გამოყენებული ნივთიერებები აკრძალულ ნივთიერებებს არ განეკუთვნება.
უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. მაღრაძის თქმით, გამოსაკვლევი მიმართულებიდან ერთ-ერთზე, რომელიც კამიტის შესაძლო გამოყენებას ეხებოდა, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.
მისივე თქმით, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.