ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის
გაზიარება
გაზიარება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. მაშველებმა გაიგონეს ადამიანის ხმა – „შემიძლია სუნთქვა“.
ნანგრევების ქვეშ მოყოლილია ათამდე ავტომობილიც, რომლებიც კორპუსის მიმდებარედ იყო გაჩერებული.
ერთ-ერთი ასეთ მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. დაშავებული ბათუმში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის მთავარი ექიმის, თამარ ბახტაძის განცხდებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ სადარბაზოში, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს 7-8 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, ჩამონგრეული სადარბაზოს პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა, მეორე სართულზე კი სილამაზის სალონი იყო.
შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ რიგითი ადამიანებიც.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური. ასევე, სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბათუმში აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი სამაშველო ძალების მობილიზება იგეგმება.
შემთხვევა ბათუმში დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგაც ჯერ უცნობია რამ გამოიწვია ნგრევა.
გამომწვევ მიზეზებზე დილიდან რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათ შორის, კორპუსის ამ სადარბაზოზე უკანონო მიშენებები და რემონტი. სადარბაზოს დაბალი სართულები კომერციულ ფართად იყო გადაკეთებული.
დილიდან სახელდებოდა გაზის გაჟონვაც, თუმცა, ვინაიდან ადგილზე არც აფეთქების ხმა გაუგიათ და არც ხანძარი ყოფილა, ეს ვერსია ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნიათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხარზე უკვე დაიწყო გამოძიება.
შემთხვევის მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და მედიას შემთხვევის ადგილთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში უკვე გაემგზავრა და დღის განმავლობაში თავადაც გეგმავს ბათუმში ჩასვლას.