ბახმუტი- შამპანურის ქალაქი
JAMnews პარტნიორის, hromadske-ს სტატია

ნატალია ვიშნევეცკაიას ბოლო პოსტი Facebook-ზე ბახმუტის განადგურებული კადრების შესახებ:
“რა ტკივილია.
თითქოს ახლობლის უსულო სხეულს ვხედავ…
ხოლო ვიღაცისთვის ეს უბრალოდ აგურების გროვაა…“
ოცნებები სრულდება. და დაუჯერებელია, როდესაც ყველაფერი კიდევ უკეთესად გამოდის, ვიდრე წარმოგედგინა.
ნატალია პატარა ბინაზე ოცნებობდა, თუმცა სახლი იპოვა — კარგ უბანში, ორსართულიანი, გარემონტებული, ავეჯით აღჭურვილი. ახალგაზრდა ოჯახი ამ სახლს თავისთვის იშენებდა, ლოფტის სტილში. ნატალია და მისი ქმარი მაშინვე მოიხიბლნენ: „ვიყიდოთ!“ ქმარმა — შვიდი თაობით კიეველმა — გაყიდა თავისი ბინა დედაქალაქში, თანხაც ზუსტად ეყოთ.
ქალი ბედნიერი იყო. უკვე 50-ს გადასცდა, ქმარი—70-ს. მთელი ცხოვრება შრომაში გაატარეს, საერთო ჯამში, ასი წელი მუშაობის სტაჟი დაუგროვდათ. დაიმსახურეს, რომ სიბერისთვის მშვიდი, კეთილმოწყობილი ბუდე ჰქონოდათ. ნატალია წარმოიდგენდა, როგორ ექნებოდა საკუთარი კაბინეტი და აღარ მოუწევდა დღეში 12 საათი ოფისში მუშაობა, მეტი დრო დარჩებოდა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მედიტაციისთვის. ეზოც ექნებოდა, ქალაქის ვარდების ხეივანშიც ისეირნებდა — იქვე ახლოს იყო.
ფრთხილად დაიწყეს ცხოვრება ახალ სახლში. ახალი ავეჯი იყიდეს, ეზო მოაასფალტეს, სახლის შიგნითაც რაღაცები შეცვალეს, გააკეთეს, მოაწყვეს.
ეს იყო 2021 წლის ნოემბერი.
ოცნებები მართლაც სრულდება. მაგრამ მათ ფასი არ აქვთ, თუ ისინი დაგვიანებით სრულდება.

პირველი ოკუპაცია: რამდენ ხანს უნდა გვეშინოდეს?
როცა ნატალია ვიშნევეცკაია (დაბადებული პოკროვსკის რაიონში) პირველად ჩავიდა ბახმუტში, 1989 წელს, სტუდენტობისას, გაოცებული დარჩა — ეს ქალაქი სრულიად განსხვავდებოდა დანარჩენი დონბასის ქალაქებისგან.
“სხვა ქალაქები ქაოტურად იყო აშენებული, ყველგან “ხრუშჩოვკები” და მათი მომდევნო თაობის „ბრეჟნევკები“ ედგა. ხოლო ბახმუტი—ქალაქი თავისი ისტორიით, ძველი სულით, გასაოცარი ურბანული გეგმით. თითქოს პარიზი—როცა ცენტრალური მოედნიდან უბნები სხივებად იშლება. ოდესღაც, ცენტრში სახელგანთქმული ქალაქის ბაზრობები ტარდებოდა. მოედანთან ახლოს კი ადგილობრივი არისტოკრატია სახლობდა—დიდგვაროვნები, ვაჭრები. სწორედ აქ, ცენტრალურ ქუჩებზე, ყველაზე მეტი ისტორიული შენობაა თავმოყრილი. ისინი ისეთი ლამაზია — ძველი, ხის კარებებით, თბილი შეხებითაც კი.”
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში 80 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ყველაფერი კომპაქტურად იყო განლაგებული — ყველგან ფეხით მისვლა შეიძლებოდა. ინფრასტრუქტურაც განვითარებული იყო: კარგი გზები, სკვერები, პარკები, ულამაზესი სანაპირო.
„ეს იყო კომფორტული, ლამაზი ქალაქი—ნამდვილი დონეცკის ოლქის მარგალიტი. ასეთი არც ერთი არ იყო, — იხსენებს ქალი. — მზის ქალაქი, ვერცხლისფერი ტოპოლების, ახლადგამომცხვარი პურის, მარილის, ვარდების არომატისა და მწარე ბალახების სურნელით გაჟღენთილი. მის გარშემო კი — სტეპი.“
და ის დარჩა: ბუღალტრად მუშაობდა საგადასახადო სამსახურში, ხოლო 2000-იანებში საკუთარი საქმე წამოიწყო — კოსმეტიკისთვის საჭირო ნედლეულით ვაჭრობა. ყველაფერი კარგად მიდიოდა: ბიზნესი იზრდებოდა, ნატალია კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა.
12 აპრილს, 2014 წელს, სეპარატისტებმა ბახმუტში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და ე.წ. „დნრ“-ის რეჟიმი დაამყარეს. ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების უმეტესობამ რუს ოკუპანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა — პროკურატურის, პოლიციისა და მერიის გასაღებები თავადვე ჩააბარეს. ქალაქის მერმა კი უკრაინელ ჟურნალისტებს უპასუხა: „თქვენთვის მნიშვნელოვანი დროშაა სახურავზე თუ სიმშვიდე ქალაქში?“
2014 წლიდან 2022 წლამდე ბახმუტი ფრონტისპირა ქალაქის სტატუსით ცხოვრობდა. პრო-უკრაინელი მოსახლეობა ჯარისკაცებს საკვებს აწვდიდა, ჰოსპიტალებში დაჭრილებს უვლიდა, სამხედრო ტექნიკას არემონტებდა.
ბახმუტში ერთადერთი ადგილი, სადაც უკრაინული დროშა ფრიალებდა, სამხედრო ნაწილი იყო. იქ საბჭოთა დროის ტექნიკა ინახებოდა, რომელიც მოქმედ მდგომარეობაში რჩებოდა—საკმარისი იყო ზეთის შეცვლა, რომ ტანკებს კვლავ ემუშავათ. უკრაინელმა სამხედრო მეთაურობამ გაიაზრა საფრთხე: სეპარატისტებს რომ ეს ტექნიკა არ ჩაეგდოთ ხელში… ამიტომ სპეციალური დანაყოფის მებრძოლები ვერტმფრენებით გადაისროლეს ბაზაზე.
ახალგაზრდა უკრაინელი სამხედროები ალყაში მოექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ სადესანტო ნაწილმა ტერიტორია პერიმეტრზე დანაღმა, სეპარატისტები კვლავ ცდილობდნენ შტურმით აღებას.
ნატალია და მისი ქმარი, ვალერი, ბაზის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდნენ და ეს შეტაკებები საკუთარი თვალით ნახეს.
“ჩვენში რაღაც გადატყდა, — იხსენებს ნატალია. — ჩვენ უკვე ხანში შესულები ვართ, ჩვენი ცხოვრება ვიცხოვრეთ, რატომ უნდა ვიმალოთ და ვკანკალებდეთ, როცა ბავშვები იღუპებიან? ვთქვით—ასე არ შეიძლება. დაგვხოცავენ? დაე, იყოს ასე.“
ქალაქი შიშმა მოიცვა. სეპარატისტები სასტიკ რეპრესიებს ახორციელებდნენ. გორლოვკის დეპუტატი ვლადიმირ რიბაკი, რომელმაც „დნრ“-ის დროშა ჩამოხსნა, გაიტაცეს, აწამეს, ცოცხლად გაუჭრეს მუცელი და მდინარეში გადააგდეს. მოგვიანებით იქვე აღმოაჩინეს სტუდენტ იურიე პოპრავკას სხეულიც, რომელიც ასევე წამების მსხვერპლი გახდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად, საჯაროდ მოხდა—მოსახლეობის დაშინების მიზნით.
მაგრამ შიში დაძლიეს.
ნატალიამ და ვალერიმ საკვები, წყალი, სიგარეტები იყიდეს და მისი ქმარი ბაზისკენ გაემართა.
„აივნიდან ვუყურებდი, როგორ იყვნენ სნაიპერები სეპარატისტების მხარეს სახურავებზე გაწოლილი და უკრაინელ სამხედროებს უმიზნებდნენ. ვალერიმ პაკეტი კედლის ზემოდან გადააგდო. ასე იქცეოდნენ სხვა ადგილობრივებიც—თორემ ბიჭები ვერ გადარჩებოდნენ,“ —ამბობს ნატალია.
ბახმუტის ოკუპაცია სამი თვე გაგრძელდა. ყველა უკრაინელი ჯარისკაცი ცოცხალი გამოვიდა ალყიდან. ქალაქი უკრაინის არმიამ გაათავისუფლა.
ოკუპაციის პირველივე დღეს ჩამოყალიბებული მოხალისეთა ჯგუფი „უკრაინული ბახმუტი“ განთავისუფლების შემდეგაც დარჩა და აქტიურობას აგრძელებდა.

ბახმუტიდან არტემოვსკამდე
ოდესღაც, დონეცკის ოლქის ტერიტორიას უძველესი პერმული ზღვა ფარავდა. დაახლოებით 290 მილიონი წლის წინ აქ უზარმაზარი მარილის საბადოები ჩამოყალიბდა. მისი სამრეწველო მოპოვება აორთქლების მეთოდით 1876 წელს დაიწყო, მანამდე კი, რუსეთის იმპერია მარილს საზღვარგარეთიდან ყიდულობდა.
იმ დროისთვის, ქალაქი ბახმუტი, რომელიც ბახმუტკას მდინარის სახელს ატარებდა, უკვე 200 წლის იყო და უკრაინელებით იყო დასახლებული. თავდაპირველად ის მოსკოვის სამეფოს სამხრეთ საზღვარზე სტრატეგიული პოსტად დაარსდა, მოგვიანებით კი ციხესიმაგრედ, შემდეგ ყაზაკურ ქალაქად და საოლქო ცენტრად ჩამოყალიბდა.
ბახმუტის გერბზე გამოსახულია ალქიმიური სიმბოლო მარილისთვის—ვერცხლისფერი ზოლი ვერცხლის რგოლში. აქ მთელი რუსეთის იმპერიის მარილის 70% მოიპოვებოდა. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, ამიტომაც, როცა 1919 წელს დონეცკის გუბერნია შეიქმნა, მისი პირველი ადმინისტრაციული ცენტრი სწორედ ბახმუტი გახდა. საინტერესოა, რომ მის დაქვემდებარებაში იყო არა მხოლოდ თანამედროვე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები, არამედ ტაგანროგისა და შახტის ოლქებიც, რომლებიც მოგვიანებით რუსეთის ნაწილი გახდნენ.
შემდეგ ადმინისტრაციული ცენტრი დონეცკში (მაშინ სტალინო) გადმოიტანეს. ადგილობრივები ამით კმაყოფილნი დარჩნენ — ინდუსტრიალიზაციამ მათ გვერდი აუარა. ისინი ხედავდნენ, როგორ ნადგურდებოდა ბუნება იმ ქალაქებში, სადაც ქარხნები და მაღაროები შენდებოდა, როგორ ემსგავსებოდნენ ინდუსტრიული ცენტრები ერთმანეთს. ბახმუტმა თავისი იდენტობა შეინარჩუნა, თუმცა დაკარგა სახელი — 1924 წელს ის არტემოვსკად გადაკეთდა.
მიზეზი იყო რკინიგზის ავარიაში დაღუპული ბოლშევიკი ფიოდორ სერგეევი-არტემი („ამხანაგი არტემი“), რომელიც დონბასში პოპულარული ფიგურა იყო. მისი სახელი ცხრა ქალაქს, ქუჩებს, მოედნებსა და ქარხნებს ეწოდა.
ისტორიული სახელი 2016 წელს დეკომუნიზაციის პროცესში დაუბრუნეს. მაგრამ ოკუპანტების ხელში ქალაქი ისევ „არტემოვსკია“. უფრო სწორად—მისი ნანგრევები.
ბახმუტი ასევე ცნობილი იყო არტემოვსკის შამპანურით. ალებასტრის მოპოვების შემდეგ მიწისქვეშ კილომეტრიანი გვირაბები წარმოიქმნა — ნამდვილი მიწისქვეშა ქალაქი, სადაც მუდმივი ტემპერატურა 12-14°C იყო. საბჭოთა პერიოდში იქ შამპანურის ქარხანა გახსნეს, რომელიც წელიწადში 25 მილიონ ბოთლს აწარმოებდა.

კაზაკური სული
„როცა ეკატერინე II-მ ზაპოროჟიეს სიჩი დაშალა, უკრაინელებმა დაიწყეს დღევანდელი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დასახლება. ჩემი წინაპრებიც მოვიდნენ აქ, დაამუშავეს ველური სტეპები, ააშენეს ქალაქები და სოფლები. ეს აბორიგენი უკრაინელების მიწაა. დედაჩემი მიყვებოდა, რომ 200 წლის შემდეგ, ინდუსტრიალიზაციის დროს, ამ რეგიონებში რუსეთიდან კრიმინალური წარსულის მქონე ხალხის ჩასახლება დაიწყეს.
ისინი სპეციალურ დასახლებებში ცხოვრობდნენ, სადაც გასვლის უფლება არ ჰქონდათ. აშენებდნენ ქარხნებს, მუშაობდნენ მაღაროებში. დრო გადიოდა, ისინი აქვე სახლდებოდნენ, შთამომავლებს ზრდიდნენ. უკრაინული მათთვის საძულველი იყო. 2014 წლისთვის დონბასის სამთო ქალაქებში მოსახლეობის 80% სეპარატისტები იყვნენ, 20%—პროუკრაინულად განწყობილები. ბახმუტში კი პირიქით იყო“, — იხსენებს ნატალია.
„ბახმუტში არასდროს ყოფილა მაღაროები. აქ საუკუნეების განმავლობაში მარილს მოიპოვებდნენ და არა ქვანახშირს. აქ არც ქიმიური ქარხნებია, არც მსხვილი მეტალურგიული წარმოება. ამიტომაც, სხვებისგან განსხვავებით, აქ არავინ ჩასახლებულა. აქ ბევრი ადგილობრივი უკრაინელი ცხოვრობდა თაობიდან თაობამდე, აქ კაზაკური სულია. 100 წლის წინ ყველა უკრაინულად ლაპარაკობდა, ხალხი ტრადიციულ კოსტიუმებში დადიოდა“.
მნიშვნელოვანია, რომ 1917 წლის შემოდგომაზე სწორედ ბახმუტში აღიმართა უკრაინული ცისფერჩაყვითი დროშა დონბასში პირველად.
განადგურებული ქალაქი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბახმუტს ისე ანგრევდნენ, როგორც არცერთ სხვა ქალაქს.
„მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი ასე არ დანგრეულა—მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები მძიმე იყო. მაგრამ ახლანდელმა ოკუპანტებმა ყველაფერი მიწასთან გაასწორეს. ბახმუტის მიმართ მათ განსაკუთრებული სიძულვილი აქვთ. ეს უკრაინისადმი ქალაქის დიდი მხარდაჭერით აიხსნება. 2014 წლიდან ჩვენს ქალაქში ყოველ მეორე მანქანაზე ან უკრაინის დროშა იყო, ან ტრეზუბეცი“, — ყვება ვიშნევეცკაია.
ბრძოლა სიცოცხლის ფასად
ომის დაწყებისთანავე ბახმუტში მოხალისეთა მოძრაობა გააქტიურდა. ნატალია მთელი დროის 90%-ს სწორედ ამას უთმობდა:
„ერთი თვის განმავლობაში ბახმუტელები ამარაგებდნენ 54-ე ბრიგადას, სასაზღვრო ძალებს, ტერიტორიულ თავდაცვას და სხვა ქვედანაყოფებს. ისინი ცენტრიდან თითქმის არანაირ დახმარებას არ იღებდნენ—ყველაფერი კიევზე იყო ორიენტირებული. ყველამ იცოდა: თუ დედაქალაქი დაეცემოდა, ეს უკრაინის დასასრული იქნებოდა. ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებდით—მარცვლეულიდან დრონებამდე, ყველაფერს თავად ვყიდულობდით ჯარისთვის.
ბაბუები და ბებიები, მიუხედავად დაბომბვებისა, მიჰქონდათ ჯარისკაცებისთვის ყველაფერი, რაც ჰქონდათ—ნახევარი კილო ბრინჯი, ნახევარი კილო შაქარი—„გადაეცით ბიჭებს“,—ამბობდნენ. ახლა კი ასეთ ხალხს „მოსალოდნელების“ (ждуны) იარლიყი მიაკერეს. სინამდვილეში, ბახმუტში უფრო მეტი პატრიოტი იყო, ვიდრე მთელ დონეცკის ოლქი. ძალიან ბევრი ადგილობრივი უკრაინის დასაცავად იბრძოდა და ამ ბრძოლაში დაიღუპა“.

მთელი ცხოვრება ჩაიწვა
ნატალიამ ბახმუტში 30 წელი გაატარა. 2022 წელს კი ყველაფერი დაკარგა—თვითონ გადარჩა, მაგრამ მისი ცხოვრება მთლიანად განადგურდა.
ჩაიწვა მისი ბინა, რომლის გაყიდვა ვერ მოასწრო. ჩაიწვა სახლი, რომელიც ქმართან ერთად იყიდა. დაიწვა დედის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმის საცხოვრებელი. დაიწვა საწყობები, სადაც პროდუქცია ინახებოდა. აპრილში დედა გარდაიცვალა—ბახმუტში დამარხეს, მაგრამ ახლა იქ სასაფლაოც აღარ არსებობს. ყველაფერი განადგურებულია.
„მე და ჩემი ქმარი დღე და ღამე ვშრომობდით, რომ გვქონოდა ის, რაც გვქონდა. ომის დაწყებისას მხოლოდ მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხის მანქანა და პროდუქციის ნაწილი გვქონდა. ეს მაშინ, როცა ბუჩასა და ირპენში დატრიალებული მოვლენები გავიგეთ—როგორ დასცინოდნენ ხალხს, განსაკუთრებით მოხალისეებს. ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და ყველა შენობა სამხედროებს დავუთმეთ, მათ შორის ძმის საცხოვრებელიც.
ბახმუტი ურღვევ ციხესიმაგრედ მიგვაჩნდა, რომელსაც არავინ ჩააბარებდა. სამხედროები გვარწმუნებდნენ: „შემოდგომაზე ლენდ-ლიზი ამოქმედდება, ახლა წადით, ნოემბერში კი სახლში დაბრუნდებით.“ მაგრამ ნოემბერში ქალაქში შესვლაც კი საშიში გახდა. შეიძლებოდა მაცივრის ასაღებად შესულიყავი და თავიც დაგეკარგა,“—იხსენებს ნატალია 2022 წლის ზაფხულს.
აღარსადაა უკან დასაბრუნებელი
ნატალია ოჯახთან ერთად პოლტავის ოლქში დასახლდა. ბოლოს ბახმუტში ივლისის დასაწყისში ჩავიდა—ალბომების წამოსაღებად. მაგრამ სამხედროები ისვენებდნენ, ვერ გააღვიძა. „არაუშავს, ათჯერ კიდევ ჩამოვალ, ან „ნოვა პოსტით“ გამოვაგზავნინებ“,—ვიფიქრე.
იმ საღამოს ოკუპანტებმა დარტყმა განახორციელეს ბახმუტის სამხედრო ნაწილზე. ორი „ისკანდერი“ პირდაპირ იქ ჩავარდა, სადაც ჯავშანტექნიკას არემონტებდნენ. ნატალიას სახლში ფანჯრები ჩაემსხვრა.
„მეორე დღეს ვიფიქრე, რომ ალბომების გამოგზავნას აღარ მოვთხოვდი. რა მოხდება, თუ ისევ დაარტყამენ და ვინმე დაშავდება? არავითარი ალბომი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.
ახლა არ დამრჩა არცერთი ფოტო, სადაც 40 წლის წინანდელზე ახალგაზრდა ვარ—მხოლოდ ის, რაც ტელეფონის მეხსიერებაშია“.
შემდეგ ბინაც გაძარცვეს—ქურდებმა ქალაქი მთლიანად გაწმინდეს.
ქალაქი, რომელიც ცეცხლში ჩაიწვა
„ონლაინ რეჟიმში ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჩვენი ბახმუტი. ღამეები აღარ გვეძინა, სოციალურ ქსელებს ყოველწამს ვამოწმებდით. ვხედავდით, როგორ ნადგურდებოდა ქუჩა ქუჩის მიყოლებით. ბოლოს კი, ყველაზე ბოლოს, ჩვენი სახლი ჩაიწვა.
ორი წელი გავიდა. თითქოს უნდა შევეგუო, რომ სახლი აღარ მაქვს. მაგრამ როცა ბახმუტის ვიდეოებს ვუყურებ, ფიზიკურად მტკივა. ვერ ვუყურებ—მაშინვე ვნერვიულობ, ღამე ვერ ვიძინებ, წნევა მიწევს.
უკვე ყველა ქალაქსა და სოფელში ბახმუტელთა სასაფლაოებია. ადამიანები იღუპებიან, როგორც ბუზები.
ქალაქი — ეს ადამიანები არიან
ნატალიას ყველაზე მეტად ის ტკივა, რომ ვერ მიდის მშობლების საფლავზე.
„ეს უბრალოდ მკლავს. თითქოს მთლიანად ამომგლიჯეს ჩემი ფესვებით. სამი წელია ლუბნებში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სახლი. ვერ ვერგებით, არ გამოგვდის. ბახმუტით ვცხოვრობთ, მხოლოდ მასზე ვფიქრობთ.
ძალიან მენატრებიან მეგობრები—ყველა მთელ მსოფლიოშია გაფანტული. ვფიქრობ, ქალაქი—ეს ადამიანები არიან. და ახლა მენატრება ჩემი ბახმუტელები, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობდი, ვმუშაობდი. იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით.
ჩვენ დაგვაბომბეს, დაგვაქციეს, მაგრამ არაფერი. დრეზდენიც მიწასთან გაასწორეს, მაგრამ აღადგინეს. ბახმუტსაც აღადგენენ. და მე დავბრუნდები.
exchange