აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, გააუქმა საკუთარი დადგენილება, რომელიც გალის რაიონში სპეციალური ეკონომიკური ზონის გაუქმებას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილება 2024 წლის დეკემბერში მიიღეს, იმ დროისათვის გუნბას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ჰქონდა.
გალის რაიონი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ, 2018 წლიდან მოქმედი სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსით სარგებლობს. გუნბამ ეს მოდელი წარსულში “უკიდურესად არახელსაყრელად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ზონა რეგიონისთვის საჭირო ეკონომიკური სარგებლის მომტანი არ იყო.
ახალი გადაწყვეტილების მიზეზები საჯაროდ არ დაკონკრეტებულა. თუმცა, რეგიონული ანალიტიკოსების შეფასებით, გუნბას მიერ მიღებული ცვლილება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ადგილობრივი ბიზნეს-ინტერესების ზეწოლას, ასევე ეთნიკური ქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობების შემსუბუქების მცდელობას.
გალის რაიონის სამართლებრივი და ეკონომიკური სტატუსი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ საკითხად რჩება.
გუნბამ ზონის გაუქმების თემა აქტიურად გამოიყენა 2025 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მან საარჩევნო დებატებში თავისი მთავარი ოპონენტის, ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას მიმართ ბრალდება წამოაყენა, რომ არძინბას ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში “7 ათასი ჰექტარი აფხაზური მიწა“ სოხუმის იურისდიქციიდან იქნა გამოთხოვილი.
ახლანდელი ცვლილება — ეკონომიკური ზონის აღდგენა — გუნბას წინასაარჩევნო დაპირებების მნიშვნელოვან ნაწილს ეწინააღმდეგება, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, გადაწყვეტილების უეცარი ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც შიდა პოლიტიკური წნეხს, ასევე ეკონომიკურ ინტერესებს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო