აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა აცხადებს, რომ 2025 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტი ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება. თუმცა არსებული რეისებისა და ბილეთის ფასების გათვალისწინებით, ეს პროგნოზი ამ ეტაპზე რეალობას მოკლებულია.
გუნბამ სამომავლო გეგმების შესახებ კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა.
რუსეთის პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრისას კი გუნბამ დააზუსტა, რომ ამ დროისთვის სოხუმის აეროპორტი მინიმალურ რეჟიმში მუშაობს: კვირაში მხოლოდ ორი რეისია და ისინი მხოლოდ ორ რუსულ ქალაქს – მოსკოვსა და ნიჟნი ნოვგოროდს – აკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და ფრენები მხოლოდ 2025 წლის 1 მაისიდან განახლდა.
აეროპორტს არ აქვს საერთაშორისო ლიცენზია, რის გამოც ის მხოლოდ რუსეთთან ახორციელებს ავიამიმოსვლას. სოხუმში ფრენებს რუსული ავიაკომპანიები ასრულებენ შიდა მარშრუტებით, რომლებიც სანქციების რისკის ქვეშ არ ექცევიან.
აფხაზეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან ფრენების გეოგრაფია კიდევ რამდენიმე რუსული ქალაქით გაფართოვდება და აეროპორტი ყოველდღიურ რეჟიმზე გადავა. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მგზავრთა მილიონიანი მაჩვენებლის მიღწევა ამ შემთხვევაშიც კი ძალიან რთული იქნება.
ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ის არის, რომ სოხუმში ჩასაფრენად მრავალი თვითმფრინავი რუსულ ქალაქებში გადაჯდომას ითხოვს — რაც როგორც მგზავრობის ხანგრძლივობაზე, ისე ბილეთის ფასზე მოქმედებს.
ამჟამად მოსკოვიდან სოხუმში ყველაზე იაფი ბილეთი დაახლოებით 25,000 რუბლი (დაახლოებით 314 დოლარი) ღირს — რაც ორჯერ აღემატება მოსკოვი-სოჭის მიმართულებაზე ბილეთის ფასს. სწორედ ამიტომ, ბევრი აფხაზი კვლავ ამჯობინებს მოსკოვში სოჭის აეროპორტის გავლით გაფრენას.
მიუხედავად ამისა, აფხაზეთის მთავრობა ბილეთების ფასის შემცირებასაც გეგმავს. გასულ კვირას პარლამენტმა ცვლილება შეიტანა დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე სოხუმის აეროპორტში ნულოვანი დღგ-ის განაკვეთი დაწესდება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო