"ივანიშვილი არის დასამხობი" - პროკურატურამ ამ ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინა
გაზიარება
გაზიარება
ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით ბრალდება წარედგინა.
უწყების ინფორმაციით, საქმე უკავშირდება 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სხდომას, სადაც ახალაიამ, სიტყვით გამოსვლისას საჯაროდ მოუწოდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ.
პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და ექვემდებარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ეს დანაშაული მაქსიმუმ სამწლიანი პატიმრობით ისჯება.
გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა ინციდენტი, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალაიამ წარმოთქვა ფრაზა “ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზის გამო იმავე დღეს დაიწყო სუს-მა გამოძიება.
ჩანაწერი, სადაც ახალაიას ეს სიტყვები ისმის, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა, ანა ნადარეიშვილმა გაავრცელა.
“მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში.
ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე 200 წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ.” – ამბობს ახალაია ჩანაწერში.