რუსეთის 90-მილიარდიანი ნავთობის ქსელი: როგორ გამოაშკარავდნენ აზერბაიჯანელი ბიზნესმენები?
აზერბაიჯანული კვალი რუსეთის ნავთობის ქსელში
Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში აზერბაიჯანელი ბიზნესმენები რუსეთის ნავთობის ქსელში ფიგურირებენ. გამოძიება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანთან დაკავშირებული ტანკერები სანქციებისგან თავის არიდების მექანიზმის მთავარი რგოლია.
კანონო რუსული ნავთობის სავაჭრო ქსელის გამოვლენა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. ამ ქსელის მეშვეობით 90 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული ნედლი ნავთობი გადაიზიდა. მათ შორის, “როსნეფტის” საზღვაო ექსპორტის დაახლოებით 80%.
გამოძიების ძირითადი დასკვნები
საჯარო კორპორატიული რეესტრის მონაცემების საფუძველზე, Financial Times-მა დაადგინა, რომ 48 კომპანია ერთსა და იმავე ელექტრონული ფოსტის ინფრასტრუქტურას იზიარებდა. ყველა მათგანი ფლობდა 442 დომენს, რომლებიც განთავსებული იყო კერძო სერვერზე სახელწოდებით “mx.phoenixtrading.ltd”.
400-ზე მეტი დომენიდან 19 რუსულ ენერგეტიკულ და დეველოპერულ კომპანიებს ეკუთვნოდა. ხოლო რამდენიმე დომენი დაკავშირებული იყო აზერბაიჯანელი ბიზნესმენების კონტროლქვეშ მყოფ კომპანიებთან.
კომპანია Foxton FZCO რუსეთის საბაჟო დოკუმენტებში მითითებულია, როგორც 5.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობის მყიდველი. კომპანია Advan Alliance-მა, ინდოეთის საბაჟო ჩანაწერების თანახმად, 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი გაყიდა.
ამ კომპანიების უმეტესობა, მხოლოდ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა, რის შემდეგაც ისინი იხურებოდა და ხელახლა იხსნებოდა ახალი სახელით.
ქსელში ყველაზე დიდი ექსპორტიორია კომპანია Redwood Global Supply FZ LLC. ეს კომპანია რას ალ ხაიმას თავისუფალ ზონაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია რეგისტრირებული. 2025 წლის დეკემბერში, ის, დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა.
აზერბაიჯანელი ტრეიდერები: ვინ არიან ისინი?
Financial Times-ის გამოძიება და შემდგომი პუბლიკაციები აჩვენებს, რომ ამ ქსელში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რამდენიმე აზერბაიჯანელი ტრეიდერი.
ეტიბარ ეიუბი ბიზნესმენი და „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორის, იგორ სეჩინის უახლოესი წრის წევრია. 2023-დან 2024 წლამდე ის სავაჭრო კომპანია „Coral Energy“-ის მთავარი ფიგურა იყო, რომელიც შემდგომში 2Rivers-ის სახელით რეორგანიზდა და დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელოვან წილს რუსული ნავთობის ვაჭრობის ბაზარზე.
ეიუბი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა.
ტაჰირ კარაევი აზერბაიჯანში დაბადებული მეწარმეა, რომელმაც 2010 წელს დააარსა „Coral Energy“. დომენი TahirQarayev.com მის სახელზეა რეგისტრირებული.
ის ასევე შეტანილია დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში.
თალათ საფაროვი, ანარ მამადლი და ახმედ ქერიმოვი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეები არიან.
ისინი მონაწილოებენ რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ მართვაში კომპანიების Zangezur-ის, BX Energy-ისა და Nord Axis-ის მეშვეობით.
Redwood Global Supply არის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი გაუმჭვირვალე სტრუქტურით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მფლობელები ოფიციალურად არ არიან გამჟღავნებული, Financial Times-ი იუწყება, რომ მას აკონტროლებენ აზერბაიჯანელი ბიზნესმენები და წარმოადგენს ამ ქსელის უმსხვილეს ექსპორტიორს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ამ ქსელს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ სანქციებს გვერდს უვლის, რუსეთის ეკონომიკისთვის მილიარდობით დოლარი მოაქვს.
მისი გაუმჭვირვალე ოპერაციების შედეგად, „როსნეფტის“ საზღვაო ექსპორტის დაახლოებით 80% ამ ქსელის მეშვეობით ხორციელდება.
რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირების შემდეგ, კომპანიები სახელებს იცვლიან, რაც მათ სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.
ასეთი ბიზნეს სქემები ხელს უწყობს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ფორმირებას, რომლის აღმოჩენაც დასავლეთის ბანკებისა და საბაჟო ორგანოებისთვის რთულია.
აზერბაიჯანელი სავაჭრო წარმომადგენლების აქტივობა გავლენას ახდენს რეგიონულ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და კითხვებს ბადებს აზერბაიჯანული ბიზნეს ელიტის როლზე საერთაშორისო სანქციების სისტემაში.
აზერბაიჯანი ადრეც ფიგურირებდა
აზერბაიჯანელ მეწარმეებთან დაკავშირებული კომპანიები ადრე უკვე ფიგურირებდნენ მსგავს სქემებში, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსულ ნავთობთან.
Coral Energy-მ (ახლანდელი 2Rivers) 2024 წლის ზაფხულში შეცვალა საკუთრების სტრუქტურა და განაგრძო ვაჭრობა ახალი კომპანიის, Safira Global Trading-ის მეშვეობით, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაარსდა.
BX Energy და Nord Axis მართავენ ტანკერებს, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენენ პრიმორსკის პორტიდან თურქეთის ნემრუტის ყურეში მდებარე საწყობებში. გემების სახელები ემთხვევა აზერბაიჯანის რეგიონების, როგორიცაა ყარაბაღი და შუშა, სახელებს.
2025 წელს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა არაერთ აზერბაიჯანელ ტრეიდერს, მათ შორის ტალატ საფაროვს და ახმედ ქერიმოვს. სავარაუდოდ, მათ გამოიყენეს 2Rivers ქსელი “როსნეფტის” ნავთობის „შესაცვლელად“ და დასავლეთის ბაზრებზე გადასამისამართებლად.
აზერბაიჯანული კვალი რუსეთის ნავთობის ქსელში