აზერბაიჯანში, უცხოეთში მყოფ აქტივისტებს სომხეთთან კავშირში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანულ მედიაში, აქტიური კამპანია მიმდინარეობს უცხოეთში მცხოვრები რამდენიმე აზერბაიჯანელი აქტივისტის წინააღმდეგ – მათ სომხეთთან კავშირსა და აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებენ.
ამავდროულად, არანაირი დადასტურება და მტკიცებულება არ ქვეყნდება.
სხვადასხვა გამოცემის სტატიებში, ძირითადად აკრიტიკებენ ჟურნალისტ სევინჯ ოსმანგიზის, როკმუსიკოს ჯამალ ალისა და ყოფილ ელჩს, არიფ მამედოვს. არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია საპასუხო განცხადება.
ბრალდებები დაკავშირებულია 2020 წლის 12-16 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციასთან, რომლის დროსაც გამოყენებული იყო მძიმე არტილერია და უპილოტო თვითმფრინავები.
• მოსაზრება: ივლისის ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის – რა მოხდა სინამდვილეში და როგორია შედეგები?
• დროშები, ლოზუნგები და ხილი: რა ხდება უცხოეთში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტების მიზეზი
მუსიკოსი ჯამალ ალი
ერთ-ერთ ყველაზე ბევრჯერ გამოქვეყნებულ ისტორიაში საუბარია იმაზე, რომ როკმუსიკოსმა ჯამალ ალიმ, ონლაინგამოცემა „მეიდან ტვ“-ს ყოფილმა თანამშრომელმა, თითქოს, პოლიციას შეატყობინა, როდესაც აზერბაიჯანელი ემიგრანტების ჯგუფი ბელგიაში იმ ადგილობრივი აზერბაიჯანელების მხარდასაჭერად შეიკრიბა, რომლებიც ადგილობრივ სომხებთან ჩხუბში დაშავდნენ.
არანაირი კომენტარი არ კეთდება იმაზე, რომ ჯამალ ალი ბერლინში ცხოვრობს, აქცია კი ბრიუსელში ტარდებოდა. ამასთან, არც ბრალდების რაიმე მტკიცებულება მოჰყავთ.
აზერბაიჯანში, ჯამალ ალი ძლიერი კრიტიკის ობიექტი გახდა ხელისუფლების მისამართით დაწერილი კრიტიკული სიმღერის გამო და უკვე დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს.
მისი თქმით, დატოვა ბაქო, რათა არ დაეპატიმრებინათ აზერბაიჯანში.
ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში ყოფილი ელჩი არიფ მამედოვი
არიფ მამედოვი ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში აზერბაიჯანის ელჩი 2004-2006 წლებში იყო.
2015 წელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, მას „საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის“ რანგი ჩამოართვეს. მას შემდეგ, მამედოვი ბრიუსელში ცხოვრობს.
არიფ მამედოვს აზერბაიჯანულ მედიაში იმაში ადანაშაულებენ, რომ ის „აზერბაიჯანის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს“.
კერძოდ, მას მიაწერენ სიტყვას იმის შესახებ, რომ, თითქოს, მრავალ ქვეყანაში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის კონფლიქტის ინიციატორი აზერბაიჯანის მთავრობაა, და რომ ამ გზით, აზერბაიჯანის ხელისუფლება შიდა პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს.
აზერბაიჯანული მედია არიფ მამედოვს „სომხეთთან ერთად“ ყოფნის გამო საყვედურობს.
ჟურნალისტი სევინჯ ოსმანგიზი
აშშ-ში მცხოვრებ ჟურნალისტზე, სევინჯ ოსმანგიზიზე აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, რომ ის „წყალს მტრის წისქვილზე ასხამს“.
ამის მიზეზი გახდა ფრაზა, რომელიც სევინჯ ოსმანგიზიმ საჯაროდ წარმოთქვა:
„ცივილიზებულ დაპირისპირებას აზერბაიჯანული მხარე არღვევს“.
ოსმანგიზის კიდევ ერთი კომენტარი – „ეს დაპირისპირება არ იცავს აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს“ – სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლად შეფასდა.