აზერბაიჯანმა სომხეთის გავლით ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. ექსპერტების მოსაზრებები ბაქოდან
ტრანზიტული ტვირთი აზერბაიჯანიდან სომხეთში
21 ოქტომბერს ყაზახეთში ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა სრულად მოხსნა.
ალიევის თქმით, პირველი ტვირთიც უკვე გაიგზავნა: ყაზახური ხორბალი სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეწოდა.
“ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ მშვიდობა უკვე პრაქტიკაში ხორციელდება და აღარ რჩება მხოლოდ ქაღალდზე,“ — განაცხადა მან.
ერევანმა გადაწყვეტილება ფრთხილად, მაგრამ დადებითად შეაფასა. სომხეთის მთავრობის განცხადებით, მიმართვა ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ მისასალმებელია.
პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა ნაზელი ბაგდასარიანმა და აღნიშნა, რომ “ნაბიჯი ხელს უწყობს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვას, ნდობის გამყარებას და აზერბაიჯან-სომხეთის მშვიდობისკენ პროგრესს”.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით, ალიევმა და ფაშინიანმა განაცხადეს ურთიერთმეგობრული პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ და შეთანხმდნენ სატრანსპორტო მარშრუტის შექმნაზე, რომელმაც სომხეთის სამხრეთით უნდა გაიაროს. მარშრუტს TRIPP — Trump Route for International Peace and Prosperity — ეწოდა. ერევანმა განაცხადა, რომ მზად არის მისი მართვა 99 წლით აშშ-ს გადასცეს.
ბაქოს გადაწყვეტილება ტრანზიტის განბლოკვის შესახებ ამ შეთანხმების პრაქტიკულ შესრულების დასაწყისად იქნა შეფასებული. სომხეთმა ასევე დაადასტურა პირველი ტვირთის გადაზიდვის ინფორმაცია.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ყაზახური ხორბლის პარტია აქტაუს პორტიდან ბაქოში გაიგზავნება და შემდეგ აზერბაიჯანსა და საქართველოს რკინიგზით სომხეთში ჩავა.
“მშვიდობა უკვე ფაქტია,“ — დაწერა მინისტრმა.
ოფიციალური პირები ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ ნაბიჯი ხელს უწყობს 2020 წლის ომის შემდეგ გაჩენილ შესაძლებლობებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.
ეკონომიკური და რეგიონული პერსპექტივა
აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები და ექსპერტები აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, მუშფიგ ჯაფაროვის თქმით, “ახალი მარშრუტი სომხეთს ევროპისა და აზიის ბაზრებზე პირდაპირი წვდომის საშუალებას მისცემს და შეამცირებს მის დამოკიდებულებას რუსეთისა და საქართველოს გავლით მარშრუტებზე“.
მისივე შეფასებით, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება სომხურ პროდუქციას კონკურენტუნარიანობას გაუზრდის, ხოლო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში ჩართვამ შეიძლება სომხეთის ენერგოუსაფრთხოებაც გააძლიეროს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემინ გარიბლი აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების გახსნა მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკურ პროცესებზე.
მისი თქმით, TRIPP-ის ამოქმედება აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს დასავლეთ რეგიონებიდან ნახიჭევანში ტვირთები სომხეთის გავლით გადაზიდოს.
გეოპოლიტიკური კონტექსტი
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ პროექტს გააჩნია ფართო გეოპოლიტიკური გავლენა. TRIPP-ის შეთანხმების მიხედვით, მარშრუტის კონტროლი აშშ-ს უნდა გადაეცეს, რაც რეგიონში რუსეთისა და ირანის პოზიციებზე შეიძლება აისახოს.
ირანი წლების განმავლობაში სკეპტიკურად უყურებდა აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით თურქეთის მიმართულებით სატრანზიტო მარშრუტის იდეას. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ პროექტში აშშ-ის ჩართულობამ თეირანში შეშფოთება გაზარდა.
ექსპერტების აზრით, ბაქოს გადაწყვეტილება შეიძლება აღქმული იყოს როგორც დიპლომატიურად დაბალანსებული ნაბიჯი, რომელიც მშვიდობისკენ მიმართული ჟესტია.
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი დადებითად იმოქმედებს სომხურ საზოგადოებრივ განწყობაზეც.
საზოგადოებრივი განწყობები და შემდეგი ნაბიჯები
პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე მიიჩნევს, რომ ბაქოს მხრიდან ეს “კეთილი ნების ჟესტია”, რომელიც სომხურ საზოგადოებას უჩვენებს, რომ კომუნიკაციების აღდგენა არ წარმოადგენს საფრთხეს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეკონომიკურმა და სავაჭრო კავშირების აღდგენამ შეიძლება თანდათან საზოგადოებებს შორის უნდობლობის შემცირებასაც შეუწყოს ხელი. პირველი ტვირთის უსაფრთხო ტრანზიტით გადატანამ განსხვავებული აქცენტი შემოიტანა უსაფრთხოების საკითხებზე არსებულ შიშებთან მიმართებით.
“აზერბაიჯანი პრაქტიკული მოქმედებებით აჩვენებს სომხურ საზოგადოებას, რომ კომუნიკაციების აღდგენა ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის. წლების განმავლობაში სომხეთის შიგნით გარკვეული ჯგუფები მშვიდობის ინიციატივებს სახიფათოდ წარმოაჩენდნენ და საზოგადოებაში შიშებს აღვივებდნენ. ახლა კი მიღებული კონკრეტული ნაბიჯები ამ აზრებს აბათილებს. ყაზახური ხორბლის შეუფერხებელი ტრანზიტი ამის ნათელი მაგალითია,“ — განაცხადა ველიზადემ.
მისი თქმით, ნაბიჯმა სირთულე შეუქმნა ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი სამშვიდობო პროცესის მიმართ.
ექსპერტის შეფასებით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა პროცესი გაგრძელდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე ძალებმა შეიძლება კვლავ სცადონ პროცესზე გავლენის მოპოვება.
ანალიტიკოსები ასევე მიუთითებენ, რომ კომუნიკაციების გახსნა ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას შეუწყობს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დაწყება ნდობის გაძლიერების ფაქტორად მიიჩნევა.
მანამდე სომხეთის საზოგადოებაში არსებობდა შეშფოთება, რომ ტრანზიტის გახსნა უსაფრთხოების რისკს შექმნიდა. ანალიტიკოსების აზრით, პირველი ტრანზიტული გადაზიდვის წარმატებით განხორციელებამ შეიძლება აჩვენოს, რომ ეს შიშები გადაჭარბებული იყო.
ბაგდასარიანის განცხადებაში გამოყენებულმა ფორმულირებამ “ურთიერთობის გაძლიერებაზე“ ყურადღება სწორედ ამ კონტექსტში მიიპყრო. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი მითითება ვაშინგტონში მიღებულ შეთანხმებებზე სიგნალია იმისა, რომ სომხურ საზოგადოებაში მშვიდობის პროცესი უფრო სანდოდ აღიქმება საერთაშორისო გარანტიებით.
მათი შეფასებით, გზის გახსნა შესაძლოა არ შემოიფარგლოს მხოლოდ სავაჭრო მიმოსვლის აღდგენით — ნაბიჯი თანდათანობით ჰუმანიტარული და ფსიქოლოგიური ბარიერების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.