აზერბაიჯანის ყოფილი ჩინოვნიკის ვაჟმა საქართველოში სასტუმრო და მიწის ნაკვეთი შეიძინა მილიონობით დოლარის ღირებულებით
აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკმა საქართველოში სასტუმრო შეიძინა
ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის ყოფილი თავმჯდომარის, ვასიფ თალიბოვის ვაჟმა – რზა თალიბოვმა, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის მიგრაციის სამსახურში მუშაობს, საქართველოში შეიძინა ძვირადღირებული სასტუმრო და ახალი მიწის ნაკვეთი.
ინფორმაციას ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტი (OCCRP) ავრცელებს.

სასტუმრო 8.6 მილიონ დოლარად, მიწის ნაკვეთი 730,000 დოლარად
OCCRP-ის ინფორმაციით, 43 წლის რზა თალიბოვმა მიმდინარე წლის მაისში ბათუმში მდებარე სასტუმრო London 1889 8,6 მილიონ დოლარად შეიძინა. გარიგება განხორციელდა კომპანია B-Pearl Turizm-ის 100%-იანი წილების შეძენის გზით, რომელიც სასტუმროს მფლობელია.
ივლისში, იმავე კომპანიის მეშვეობით, თალიბოვმა ბათუმის შემოგარენში, მახინჯაურში, 2 000 კვადრატული მეტრის ფართობის სანაპირო მიწის ნაკვეთი 730 ათას დოლარად შეიძინა.
მანამდე ეს სასტუმრო Divan Suites-ის სახელით ფუნქციონირებდა და თავად თალიბოვს ეკუთვნოდა. თუმცა 2023 წელს, მისი მამის გადადგომისა და ნახიჩევანში პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების ფონზე, მან ობიექტი გაყიდა.
შესყიდვა დაფინანსებულია კრედიტით

OCCRP-სთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში რზა თალიბოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული შეძენები აზერბაიჯანულ და ქართულ ბანკებში მიღებული სესხებით დაფინანსდა. მისი თქმით, სასტუმროს გაყიდვა და შემდეგ მისი ხელახალი შეძენა “აქტივების გადანაწილების სტრატეგია“ იყო.
მიუხედავად ამისა, ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ თალიბოვი ერთდროულად იკავებს მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობას და საქართველოში მრავალმილიონიან ბიზნესს ფლობს. აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებს კომპანიების აქციების ფლობა შეუძლიათ, თუმცა ვალდებულნი არიან ყოველწლიურად წარმოადგინონ შემოსავლებისა და ქონებრივი დეკლარაცია. საჯაროდ უცნობია, წარადგინა თუ არა თალიბოვმა ასეთი დოკუმენტი.
თალიბოვების ქონება
OCCRP-ის წინა გამოძიებებით დადგინდა, რომ თალიბოვების ოჯახს საქართველოში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთო 63 მილიონ დოლარის უძრავი ქონება აქვს. ოჯახის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი “ნახიჩევანის ბანკი“ კი მრავალი წლის განმავლობაში რეგიონის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი იყო.
ვასიფ თალიბოვი, რომელიც 1995 წლიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, ხშირად ასოცირებოდა ავტორიტარულ მმართველთან და რეპრესიებთან. საერთაშორისო მედიამ ნახიჩევანს არაერთხელ უწოდა “აზერბაიჯანის ჩრდილოეთ კორეას“.
“ყოველწლიურად 30 მილიონ დოლარს ვიხდიდით“
თალიბოვის გადადგომის შემდეგ, ნახიჩევანის რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკის სასამართლო ჩვენებებმა ცხადყო, რომ ოჯახი წლების განმავლობაში არაოფიციალურ შემოსავალს იღებდა.
ყოფილი ფინანსთა მინისტრი რაფაელ ალიევი ამბობს, რომ პირადად გადასცა ვასიფ თალიბოვის ვაჟს, სეიმურ თალიბოვს, 3 მილიონი მანათი.
ყოფილმა საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, სახატ გაბიბბეილიმ აღნიშნა, რომ ყოველთვიურად 2.5–3 მილიონ დოლარამდე ქრთამს აგროვებდნენ და ხელმძღვანელობას აწვდიდნენ, რაც წელიწადში 30 მილიონ დოლარზე მეტი იყო.
ამასთან, თალიბოვების ოჯახის არცერთი წევრი დღემდე არ წარდგენილა სასამართლოს წინაშე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
აზერბაიჯანი და კორუფციის ინდექსი
ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლას აწარმოებს, თუმცა საერთაშორისო მონაცემები სხვა სურათს აჩვენებს. Transparency International-ის 2024 წელს გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსში, აზერბაიჯანმა 100-დან მხოლოდ 22 ქულა მიიღო და 180 ქვეყნიდან 154-ე ადგილზეა.
ამავდროულად, რიგი დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც კორუფციულ თემებზე მუშაობდნენ, მათ შორის Abzas Media-ს თანამშრომლები, ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. მათი თქმით, მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სწორედ კორუფციის ფაქტებზე გამოძიებებს უკავშირდება.