აზერბაიჯანული სტატიის შემდეგ, საქართველოს რკინიგზას აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადად უსასყიდლოდ გადაზიდვა დაევალა
აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის გატანა
აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას საქართველოს სატარიფო ბარიერები ქმნის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხობს. უწყების ცნობით, მეზობელი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი იმპორტის შესახებ, რასაც სახელმწიფო სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.
“მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი.” – ნათქვამია განცხადებაში.
5 დეკემბერს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეხვედრა გაიმართა. წყაროების ცნობით, მთავარი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის საკითხი, რომელსაც შეუძლია ბაქოსა და ერევნისთვის ეკონომიკური დივიდენდების მოტანა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობის გამო, კი მათ საქართველოს გავლით ტრანზიტი ერთადერთ გზად მიიჩნიეს.
გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა თბილისისგან ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დასახელება სთხოვა, რაზეც ქართულმა მხარემ არსებულ ტარიფზე 20-ჯერ მეტი დაასახელა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გადავიდეს კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე, თბილისის ქცევა, ამ გარდამავალი პერიოდის შეფერხების მცდელობაა.
“ეს ყოველივე კი ძირს უთხრის რეგიონული მშვიდობის მშენებლობის საერთო იმპულსს და აჩვენებს ერთობლივი კეთილდღეობის სივრცის შექმნაში მონაწილეობის სურვილის არქონას.” – წერს სტატიის ავტორის მაკსუდ სალიმოვი.
გასულ კვირას კიდევ ერთმა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო მედია Caliber-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა”. სტატიის ავტორი სამირ ველიევი ტრაილერის მძღოლების მონათხრობზე დაყრდნობით წერს, თუ როგორ შეიცვალა ქართული მხარის დამოკიდებულება აზერბაიჯანელი მძღოლების მიმართ საზღვარზე ბოლო პერიოდში.
ავტორის თქმით, მძღოლები აწყდებიან უხეშ მოპყრობას და კანონის უგულებელყოფას – მათ დღეები აყოვნებენ საზღვარზე, ზოგიერთი მძღოლი კი იმასაც იხსენებს, რომ მათ დამცინავად ჰკითხეს “როდის ამოქმედდება ზანგეზურის დერეფანი” და მიანიშნეს, რომ გამოიყენონ ის მარშრუტი.
სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თბილისის ასეთი სახეცვლილება შესაძლოა “ჩრდილოელ მეზობელს” ან საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ “სომხეთის ინტერესების გამტარებლებს” უკავშირდებოდეს.