„აზერბაიჯანიდან გასვლა აკრძალულია“ - შეზღუდვები ათეულობით აქტივისტსა და ჟურნალისტს
აზერბაიჯანი – მოგზაურობის აკრძალვა
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მასობრივი დაპატიმრების ფონზე, ათეულობით აქტივისტსა და მედიის წარმომადგენელს აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
მათ უმეტესობას სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან აცნობეს, რომ ქვეყნიდან მათი გამგზავრება აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიზღუდა. თუმცა, ეს ადამიანები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული გადაწყვეტილების შესახებ. ეს ყველაფერი მათ მხოლოდ აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლისას შეიტყვეს.
ერთ-ერთი მათგანია სამოქალაქო აქტივისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ელგიზ გაჰრამანი.
„19 აპრილს მქონდა რეისი თბილისში. მივედი აეროპორტში და პასპორტის კონტროლის გავლისას მითხრეს, რომ ქვეყნიდან გასვლა არ შემეძლო. მე ვთქვი, რომ ონლაინ სისტემაში არ ჩანს, რომ აკრძალვა იყო და ვკითხე, ვინ დააწესა ეს შეზღუდვა და რატომ? მათ თქვეს, რომ შეზღუდვა შსს-მ დააწესა, თუმცა მიზეზებზე არაფერი უთქვამთ”, – ამბობს ელგიზ გაჰრამანი.
მისი თქმით, მგზავრობის აკრძალვის გამო ბილეთის ფული დაკარგა.
შეზღუდვის მიზეზის გარდა, გაურკვეველია ისიც, როდის მოიხსნება ის, ამიტომ აქტივისტს ზაფხულისთვის დაგეგმილი შვებულების გადადება მოუწია.
ელგიზ გაჰრამანი დაიბარეს ბაქოს ქალაქის პოლიციის შტაბში 4 მაისს, ორი კვირის შემდეგ, რაც მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. აქტივისტი, რომელიც აცხადებდა, რომ იქ მოწმის სახით დაიკითხა, დაკითხვის დეტალები ჟურნალისტებს ვერ გაუზიარა, რადგან გაუმჟღავნების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
„საქალაქო სამმართველოშიც არ მითხრეს შეზღუდვის კონკრეტული მიზეზი, მხოლოდ სიტყვიერად გამაფრთხილეს, რომ არ წავსულიყავი ქვეყნიდან.“ – ამბობს აქტივისტი.
გაჰრამანმა სასამართლოს მიმართა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის მოსახსნელად, თუმცა ხატაის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა. გაჰრამანი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
“მე უნდა დავიწყო ნულიდან”
მათ შორის, ვისაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება, არის ნარმინ ჰასანოვა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა Abzas Media-ს დირექტორის, ულვი ჰასანლის და, რომელიც გასული წლის ნოემბერში დააკავეს.
ნარმინ ჰასანოვა რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს.
„ჩემი ძმის დაკავებიდან 10 დღის შემდეგ გადავწყვიტე სამკურნალოდ თურქეთში წავსულიყავი, სადაც ექიმებს ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, იქიდან კი ჩემს სახლში – პოლონეთში ვაპირებდი წასვლას. აეროპორტში საზღვრის გადაკვეთისას მითხრეს, რომ ქვეყნიდან გასვლა შემიზღუდეს და სხვა ინფორმაცია არ მომაწოდეს.
უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყნიდან გამგზავრების აკრძალვის შესახებ შეტყობინება არ მიმიღია და გამგზავრებამდე სისტემის შემოწმებისას, არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. როცა ეს ინფორმაცია მესაზღვრეებს შევატყობინე, მითხრეს, რომ სისტემაში გარკვეული “აკრძალვები“ არ იყო ნაჩვენები.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს შეზღუდვა ოფიციალურ სისტემაში არ დაფიქსირებულა, რადგან უკანონოდ იყო შემოღებული“. – ამბობს ჰასანოვა.
ნარმინ ჰასანოვა პოლონეთში ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ დაბრუნდება. ის ამბობს, რომ მოგზაურობის აკრძალვამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, რადგან მკურნალობის შეწყვეტა მოუხდა და პოლონეთშიც სამსახური დაკარგა.
„ეს ყველაფერი ჩემს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩემი ყველა გეგმა ჩაიშალა. დღესაც რომ მოიხსნას აკრძალვა და სახლში დავბრუნდე, წლების განმავლობაში რომ ვაშენებდი ცხოვრების წესს, აწი ვეღარ ვიპოვი – ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს“, – ამბობს ჰასანოვა.
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მან წერილობით მიმართა ომბუდსმენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც არაერთ სხვა სამთავრობო უწყებას. ჰასანოვა ცდილობდა გაერკვია აკრძალვის მიზეზი და როდის გაუქმდებოდა იგი.
ცოტა ხნის წინ ჰასანოვამ მიიღო წერილობითი პასუხი სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტიდან. მიუხედავად იმისა, რომ პასუხში მკაფიოდ არ იყო მითითებული მისი ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის მიზეზი, დადასტურდა, რომ შეზღუდვა უკავშირდებოდა 2023 წლის ნოემბერში აღძრული სისხლის სამართლის საქმეს 206.3.2 მუხლით (კონტრაბანდა ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით). თუმცა, წერილში არ იყო ნახსენები ჰასანოვას კავშირი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.
რა შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა?
ადვოკატმა ფარიზ ნამაზლიმ JAMnews-ს განუცხადა, რომ ფიზიკური პირების ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნას მიგრაციის კოდექსის დებულებების შესაბამისად და მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან გამოიყენება აღკვეთის ღონისძიება;
- თუ არის სასჯელის დადგომის დრო;
- იძულებითი სამედიცინო ღონისძიებების გამოყენებისას;
- პირობითი ან სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში;
- ორსულთა და მცირეწლოვან პირთა სასჯელის გადავადებისას;
- სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას;
- თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მოქალაქის ქვეყნიდან გასვლის უფლების დროებით შეზღუდვის შესახებ საგადასახადო ორგანოების ფულადი მოთხოვნების გადახდასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების, განკარგულებებისა და ადმინისტრაციული აქტების შეუსრულებლობის გამო;
- თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსური სანქციების გადაუხდელობის გამო მოქალაქის ქვეყნიდან გასვლის უფლების დროებით შეზღუდვის შესახებ;
- როდესაც მოგზაურობთ ქვეყნებში, სადაც პრევენციული ვაქცინაციაა საჭირო საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების ან საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის მხარეც აზერბაიჯანის რესპუბლიკაა.
“ეს შეზღუდვები სრულიად უკანონოა”
ადვოკატი ფარიზ ნამაზლი ამტკიცებს, რომ არცერთ მოქალაქეს არ შეიძლება აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა, გარდა ჩამოთვლილი შემთხვევებისა.
ნამაზლის თქმით, სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ უკანონოდ აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა.
„ეს შეზღუდვა მათ არა სასამართლომ, არამედ თავად საგამოძიებო ორგანომ დაუწესა. ამიტომ მათ შეუძლიათ საგამოძიებო ორგანოს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანონ საჩივარი.
მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მსგავსი შემთხვევები, როდესაც Meydan TV-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულთა დიდ ნაწილს აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა. შემდეგ, ვინაიდან ამ პირების საჩივრები ადგილობრივ სასამართლოებში არსებითად არ განიხილებოდა, მათ მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. 2018 წლის 13 დეკემბრის საქმეზე „მურსალიევი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ამ რამდენიმე პირის გადაადგილების უფლების დარღვევა.
”ეს იყო როგორც ღია ცის ქვეშ ცხოვრება.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანში ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ქვეყნიდან გასვლა მასიურად აეკრძალათ. 2015 წელს, როდესაც დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა Meydan TV-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მედიაორგანიზაციის ათზე მეტ თანამშრომელს ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
„ასევე გავარკვიე, რომ შვედეთისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნიდან გასვლა ამიკრძალეს და აეროპორტიდან გამომაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის შესახებ წინასწარ არაფერი მითხრეს. აეროპორტშიც კი არ უთქვამთ, რომელმა ორგანომ დააწესა აკრძალვა. მივწერეთ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადვოკატებთან ერთად ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გავიგეთ, რომ აკრძალვა გენერალურმა პროკურატურამ დააწესა. ამ სტრუქტურის მიერ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანია Meydan TV-ს“, – ამბობს Meydan TV-ის რედაქტორი აინურ ელგუნეში.
ჟურნალისტის თქმით, მგზავრობის აკრძალვა ასევე მორალური ზეწოლის მეთოდია.
„ეს იყო ღია ცის ციხეში ქვეშ ცხოვრება. ამან კიდე უფრო იმოქმედა ჩემზე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. მომიწია მნიშვნელოვანი ოპერაციის გადადება, რის შედეგადაც დიდხანს ვიცხოვრე აუტანელი ტკივილით. ეს აკრძალვა გამოიყენება როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა“, – ამბობს ელგუნესი.
მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლოში მივიდა Meydan TV-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მათი საჩივრები:
„გარდა ამისა, საპროტესტო აქციები გავმართეთ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის წინ და მოვაწყვეთ ონლაინ საპროტესტო აქციები. მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინტერვიუები მივეცით უცხოურ მედიას. ჩვენმა საქმემ ევროსასამართლომდე მიაღწია. საბოლოოდ მივიღეთ შედეგი.”
ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ აინურ ელგუნესა და მისი კოლეგებს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა მოეხსნათ.