აზერბაიჯანი: საპროტესტო აქციების შედეგების კვალდაკვალ
– ათი ათასი შეგროვდა? – კითხულობს ხალხის მასაში მდგარი ერთი ადამიანი.
– არა, სულ ცოტა, თხუთმეტი ათასი იქნება, – პასუხობს მეორე, – ხალხი გამოცოცხლდა.
– მაინც ცოტაა – როგორც გასულ წელს. თითქოს კრიზისი ჯერ არ დაწყებულა და ჯერ კიდევ გვაქვს დოლარები.
ამ დროს ტრიბუნასთან მდგარი ყოფილი დეპუტატი გიულთეკინ გაჯიევა ამბობს, რომ საქართველოს გამოუვიდა და ჩვენც უნდა გამოგვივიდეს.
ეს არის ოპოზიციის (დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს) სანქცირებული მიტინგი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორს, სტადიონ “მიახსულზე” გაიმართა. სტადიონი შემოღობილია და მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, სადაც პოლიციელები დემონსტრანტებს ჩხრეკენ. ორი წლის წინაც ასეთი პროცედურა ჩატარდა.
წლიდან წლამდე არ იცვლება არამხოლოდ ჩატარების ადგილი, არამედ მიტინგების “შინაარსიც”: იგივე ლოზუნგები, იგივე პროდასავლური საქართველოს წარმატებების მაგალითად მოყვანა… ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის.
მოხუცი აქრამი ბაქოში, ბუზოვნას დასახლებაში ცხოვრობს. იგი ყველა მიტინგს ესწრება. ის და სხვა ასაკოვანი ადამიანები ტრიბუნების მარცხნივ სხდებიან – ზუსტად ისე, როგორც 2-3 წლის წინათ.
“ვფიქრობ, თუ აქ ხშირად მოვალთ, პროტესტი პოპულარული გახდება, – ამბობს აქრამი, – იმიტომ, რომ არ უნდა გავჩერდეთ. ხალხს მაგალითი უნდა ვუჩვენოთ და მაშინ ჩვენი რაოდენობა გაიზრდება და ეს მთელ ქვეყანას შეცვლის.”
სამი ასეთი მიტინგი ჩატარდა იმ რეფერენდუმის წინ, რომელიც, ოპოზიციის თქმით, პრეზიდენტს აბსოლუტურად მონარქიულ ძალაუფლებას მიანიჭებდა. 11 სექტემბრის მიტინგი თავგადასავლების გარეშე დასრულდა. 17 სექტემბერს დაახლოებით 30 ადამიანი დააკავეს. ამის შემდეგ ზოგიერთი დაკავებული გაათავისუფლეს, დანარჩენები კი პატიმრობაში დატოვეს. საბოლოო ჯამში, ამჟამად 10 ადამიანზე მეტია დაკავებული. “უნდათ, რომ გაგვაჩუმონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ჩვენი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება”, – ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში აზერბაიჯანის დროშა უჭირავს.
თუმცა, სხვა მოსაზრებაც არსებობს. “ეს რეჟიმთან ბრძოლა კი არა, უბრალო იმიტაციაა,” – თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა ერთმა ბლოგერმა, რამაც იქვე გაცხარებული კამათი გამოიწვია. მიტინგების ეფექტიანობისა და სარგებლიანობის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 17 სექტემბრის მიტინგს დაპატიმრებების ახალი ტალღა მოჰყვა.
“რა აზრი აქვს მიტინგებს, თუკი ხელისუფლება მაინც არ მოგვისმენს და, ამის ნაცვლად, ამ ახალგაზრდებს დააკავებენ,” – წერს აითაჯი – ადამიანები სრულიად უშედეგოდ იტანჯებიან.”
“საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არაფერს აკეთებენ, სახლში სხედან, ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული და მომიტინგეებს უადგილოდ აკრიტიკებენ,”- წერს ზულფია.
მართლაც, ბევრი ადამიანი ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით ოპტიმიზმს არ კარგავს და საზოგადოებას საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. სხვები კი ამბობენ, რონ ოპოზიცია ვერც ამჯერად ახერხებს შეთანხმების მიღწევას – “დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ” და “მუსავათმა” სხვადასხვა დღეს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს მიტინგები.
“17 და 18 სექტემბრის მიტინგებზე დედაჩემთან ერთად მივალ, – წერს თავის გვერდზე ცნობილი ჟურნალისტ-გამომძიებელი და ყოფილი პოლიტპატიმარი, ხადიჯა ისმაილი, – სრული ნონსენსია ის, რომ ერთი მიტინგი მეორეს შეუშლის ხელს. “დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ” უკვე მოუწოდა საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს “მუსავათის” მიტინგს და შეუძლია, ეს მოწოდება დაადასტუროს. ჩემი აზრით, 17 და 18 სექტემბრის მიტინგები არათუ ხელს უშლის ერთმანეთს, არამედ ეხმარება კიდეც. რეგიონიდან შაბათს ჩამოსულ ადამიანს შეუძლია, ქალაქში ერთი დღით დაისვენოს და კვირას გამართულ მიტინგშიც მიიღოს მონაწილეობა.”
სტადიონ “მიახსულთან” ოპოზიცია 2005 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს მირეკეს. წინა არჩევნების დროს (მ.შ. ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის პერიოდში) “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტი”, მუსავათი” და სხვა პარტიები ხშირად ატარებდნენ აქციებს ქალაქის ცენტრში და ხშირად ეს შეკრებები პოლიციასთან შეხლა-შემოხლით სრულდებოდა. მაგალითად, ასე მოხდა 2003 წლის საპრეზიდენტო და 2000 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამართულ აქციებზე.
სიტუაცია შეიცვალა 2005 წელს, როდესაც ქალაქის ცენტრში მიტინგის ჩატარების მრავალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მაშინ დემონსტრანტებს “მიახსული”, უფრო სწორად კი ყოფილ კინოთეატრ “გიალიაბიას” წინ არსებული ვრცელი მოედანი შესთავაზეს. მაშინ “გიალიაბიას” შენობაში სახელმწიფო კინოფონდის ოფისი მდებარეობდა (საკუთრივ სტადიონი ოდნავ უკანაა) მას შემდეგ ოპოზიცია სანქცირებულ აქციებს იმ მოედანზე მართავდა, ზოგჯერ კი მიტინგები ქალაქის ცენტრიდან კიდევ უფრო მეტად დაშორებულ ტერიტორიებზე ეწყობოდა ხოლმე.
და აი, უკვე 2012 წლისთვის მომიტინგეები სტადიონის შემოღობილ ტერიტორიაზე შერეკეს. და მას შემდეგ დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, მიტინგები ზემოაღნიშნულ სტადიონზე, ღობის მეორე მხარეს იმართება. იმ ადგილზე, რომლის ერთადერთ შესასვლელსაც პოლიცია იცავს.
“მიტინგი, სადაც უნდა ტარდებოდეს ის, ყოველთვის სასარგებლოა; იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მძიმე პირობებში ტარდება, – ამბობს პოლიტოლიგი ჰიკმეტ გაჯიზადე, – გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, სადაც ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეყვანა 250 მილიონი ადამიანიდან მხოლიდ 7-მა გააპროტესტა. იმ ადამიანების სახელები ისტორიაში დარჩა. ამას გარდა, ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერი მიტინგი ქმნის ადამიანურ კაპიტალს და ვნახეთ, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ეს სხვა ქვეყნებში; გავიხსენოთ აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი შავკანიანები, საარჩევნო უფლებების მიღებისათვის მებრძოლი ქალები და ა.შ.”
დღეს ოპოზიცია აპროტესტებს საკონსტიტუციო ცვლილებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს გაზრდის – მისცემს მას უფლებას, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვიცეპრეზიდენტი (ადრე ეს პოსტი არ არსებობდა) და ეს ვიცეპრეზიდენტი ქვეყნის მეორე პირი ხდება. ამას გარდა, პრეზიდენტი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლებასაც იღებს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა კი 5-დან 7 წლამდე იზრდება. ზემოაღნიშნულთან ერთად იხსნება დეპუტატობისათვის დაწესებული ასაკობრივი ცენზი. უნდა აღინიშნის ისიც, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არაა ნახსენები ცვლილებების პაკეტის იმ ნაწილში, რომელიც ვიცეპრეზიდენტის პოსტს შეეხება. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ფეოდალური პრაქტიკის დაკანონებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს სურს, ძალაუფლება თავის შვილს, ჰეიდარს გადასცეს.
საინტერესოა, რომ რეფერენდუმის ალტერნატიული შედეგებზე არავინ ლაპარაკობს. ყველას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რეფერენდუმი საერთოდ ჩატარდება, ცვლილებების მიღება მისი ბუნებრივი შედეგი იქნება.
აზერბაიჯანის კონსტიტუცია 1995 წლის 12 ნოემბერს, საერთო სახალხო რეფერენდუმის შედეგად მიიღეს და მას შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების წინადადებით, კიდევ ორი რეფერენდუმი ჩატარდა (2002 და 2009 წლებში). ორივე შემთხვევაში ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებები არადემოკრატიულად მიიჩნია, და ორივეჯერ ეს ცვლილებები მიიღეს.
რეფერენდუმი 26 სექტემბერს გაიმართება. ოპოზიციას აგიტაციის უფლება არ მიეცა.
გამოქვეყნდა 23.09.2016