აზერბაიჯანში მკითხაობენ, თუ როდის შემცირდება ეპიდემია
აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების რიგით 12-ე , და დაინფიცირების 50 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.
ამავდროულად კიდევ 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
ამრიგად, მოცემულ მომენტში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1148 ადამიანს შეადგენს, გამოჯანმრთელებულების კი – 289-ს.

წინა დღეს, 12 აპრილს ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობას.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ზოგმა ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება დაიწყო:
„დაინფიცირებულთა სტატისტიკა კლებულობს და 10-15 დღის განმავლობაში კიდევ მეტად დაიკლებს“;
„ნეტავ ჩქარა დამთავრდეს ეს ყველაფერი, რამდენ ხანს შეიძლება სახლში ჯდომა!“
სხვები, პირიქით, დროზე ადრე გახარებას და სიფრთხილის დაკარგვას არ ურჩევენ:
„ამ დამაიმედებელი სტატისტიკის გამო, ქუჩებში მაშინვე მეტი ხალხი გამოჩნდა. მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. COVİD 19 ასე მარტივად არ დანებდება“.
დანარჩენებს კი ოფიციალური მონაცემების არ სწამთ:
„აზერბაიჯანში დაინფიცირების არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მთავრობის გეგმა და შესაბამისი პროპაგანდა მედიაში. ჯერ პანიკას თესავენ, შემდეგ კი ამბობენ, თითქოს სიტუაცია დასტაბილდა“.
თუ როდის მიაღწევს აზერბაიჯანში დაინფიცირების დონე პიკს, და შემცირებას დაიწყებს – ამის შესახებ არავითარი ექსპერტთა მოსაზრება არ არსებობს.
მოცემული მომენტისთვის აზერბაიჯანში შემოღებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – დაკეტილია მეტრო, ყველა პარკი და სკვერი, კომერციული ობიექტების უმრავლესობა, ორგანიზაციები და საწარმოები.
ქუჩაში გასასვლელად საჭიროა – ან სამსახურიდან ცნობა, ან სპეციალური SMS -ნებართვა ხელისუფლებისგან, რომელიც დღეში ერთხელ და ორი საათით გაიცემა. 65 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანებს ქუჩაში გასვლა საერთოდ ეკრძალებათ.
ამავდროულად ქვეყანაში ოფიციალურად არ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ყველა ამ აკრძალვას არსებითად უკანონოს ხდის.