ირანი ყარაბაღში ხიდს აგებს - აზერბაიჯანში აღშფოთებულები არიან
აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია სიახლემ იმის თაობაზე, რომ ირანმა მდინარე არაზზე ორი ჰიდროელექტროსადგურის „ჰუდაფერინის“ და „გიზ გალასის“ მშენებლობა დაიწყო.
საქმე ისაა, რომ ამ ნაგებობებში შემავალი მოწყობილობებისა და ხიდების ნაწილი აზერბაიჯანის ჯაბრაილის რაიონში მოხვდება, რომელიც ამჟამად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად სომხეთის კონტროლს ექვემდებარება.
მეზობელი ქვეყნების მხრიდან არაღიარებულ ყარაბაღის რესპუბლიკასთან ნებისმიერ კონტაქტს აზერბაიჯანში აღშფოთებით აღიქვამენ; და ამჯერადაც ბევრი აღაშფოთა იმან, რომ „ირანი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხიდებს აშენებს“, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ყველაფერი აზერბაიჯანის ხელისუფლების გათვითცნობიერებულობითა და თანხმობით კეთდება.
აზერბაიჯანის ყველაზე პატრიოტულად და ეროვნულად განწყობილ მოქალაქეებს ირანთან ისედაც მრავალი პრეტენზია აქვთ. კერძოდ – იქ მცხოვრები აზერბაიჯანელი ეროვნული უმცირესობის მდგომარეობა და ირანის სომხეთთან ურთიერთობა (ზოგს მიაჩნია, რომ ეს ურთიერთობა ზედმეტად თბილია).
ასე რომ, მას შემდეგ, რაც მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი, სოციალურ ქსელებსა და მედიაში მაშინვე ბრაზიანი პუბლიკაციები გაჩნდა.
მაგალითად, ჟურნალისტი მუბარიზ აზერბაიჯანელი ირანს შეახსენებს, რომ აზერბაიჯანი მის მიმართ ყოველთვის ძმურად იყო განწყობილი და მხარს უჭერდა. ჟურნალისტის აზრით კი, ირანი მათ „შავი უმადურობით“ პასუხობს.
„ირანი სიტყვიერად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, სინამდვილეში კი სომეხ სეპარატისტებს არაზის გავლით ნავთობითა და ელექტროენერგიით უჩუმრად ამარაგებს, და მასსა და აზერბაიჯანს შორის გადებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ხიდს სომხებს ფეხქვეშ არ უნდა უგებდეს“, – წერს ჟურნალისტი.

მაგრამ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის თქმით, „საშინელი“ არაფერი ხდება, და ირანის ქმედებებით აზერბაიჯანის ინტერესები სრულიად არ ილახება.
დიპლომატი ამბობს, რომ ირანსა და აზერბაიჯანს შორის მდინარე არაზზე ჰიდროკვანძებისა და ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა.
„ეს შეთანხმება ორი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპებს ეფუძნება. იმ მოწყობილობებსა და ხიდებს, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება, ირანის მხარე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში აღიქვამს“,- განმარტავს ხალაფოვი.