28 ქართველ სამხედროს, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობდნენ, covid-19 დაუდგინდა. ისინი გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს საქართველოში და ამჟამად გორის ჰოსპიტალში იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს და სამხედროები კარგად არიან.
ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ადგილობრივი, ავღანელი პერსონალისგან დაინფიცირდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში დაბრუნებამდე სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში იმყოფებოდნენ და მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით ინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.
ავღანეთში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.