"მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს" - აშშ-ს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია
“მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი მათ ერთგულებას”, – წერია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა ხელი.
“რამდენადაც აშშ მხარს უჭერს უკრაინას, ჩვენ ასევე სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად ვიმუშავებთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენს პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად დავეხმარებით. ასევე, მხარს დავუჭერთ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევებს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
დოკუმენტის მიღებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც, რომელმაც ისაუბრა საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე და განაცხადა, რომ ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.
“ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.” – განმარტა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, “ასი წლის წინ, სანამ რუსეთი მას დაიპყრობდა.” ელჩის განმარტებით, საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს.
“ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გაწევრიანდეს ნატოში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი.” – აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა.