აშშ-ის წილი TRIPP პროექტში 74% იქნება: ერევნისა და ვაშინგტონის ერთობლივი განცხადება
მირზოიანის პრესკონფერენცია TRIPP პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით
სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის – “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ – პროექტის განხორციელებაზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს მის ავტონომიურ რეგიონ ნახიჩევანთან დააკავშირებს. ერევნის თქმით, ეს არის მრავალწლიანი ჩიხის დასრულება საკითხზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების თემად ითვლებოდა.
შეთანხმება, რომელსაც ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოაწერეს, განსაზღვრავს პროექტის განხორციელების სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოს. დოკუმენტი ადასტურებს, რომ გზა დარჩება სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ, ხოლო შეერთებული შტატები პროცესში ბიზნეს პარტნიორისა და ინვესტორის როლს შეასრულებს.
TRIPP წარმოადგენს სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დააკავშირებს — საკითხი, რომელზეც ერევანი და ბაქო წლების განმავლობაში ვერ აღწევდნენ შეთანხმებას. აზერბაიჯანი მოითხოვდა “ზანგეზურის დერეფანს“, რასაც სომხეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს ტერმინი, ერევნის შეფასებით, გულისხმობდა სუვერენული კონტროლის დაკარგვას ქვეყნის ტერიტორიაზე. გარღვევა 8 აგვისტოს ვაშინგტონში მოხდა, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ მოდელზე, რომელიც სომხეთის კონტროლის შენარჩუნებას და აშშ-ის ჩართულობას უზრუნველყოფდა. სწორედ ამ პოლიტიკური შუამავლობის გამო მიენიჭა პროექტს სახელწოდება “ტრამპის მარშრუტი“.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, TRIPP-ის განსახორციელებლად შეიქმნება სპეციალური კომპანია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. საწყის ეტაპზე, აშშ კომპანიაში 74%-იან წილს მიიღებს, სომხეთი კი 26%-ს შეინარჩუნებს. კომპანია განვითარების უფლებას მიიღებს 49 წლის ვადით, რის შემდეგაც თანამშრომლობა კიდევ 50 წლით გაგრძელდება, ხოლო სომხეთის წილი 49%-მდე გაიზრდება.
ხელმოწერის შემდეგ, ვაშინგტონში გამართულ გამართულ ბრიფინგზე, არარატ მირზოიანმა სომეხ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წილების განაწილება “მოლაპარაკებების შედეგია და ასახავს მხარეთა შესაბამის ინვესტიციებს“. მისი თქმით, აშშ პროექტში მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ჩადებს, მაშინ როდესაც სომხეთის მთავარი წვლილი განვითარების უფლებების მინიჭებაა.
“ვფიქრობ, ეს საკმაოდ სამართლიანი განაწილებაა. გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ პირველ 49 წელზე ვსაუბრობთ. შემდგომში, ინვესტიციის ამოწურვისა და კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ, წილთა თანაფარდობა შეიცვლება,“ – თქვა მირზოიანმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სუვერენიტეტის საკითხზე და აღნიშნა, რომ შეთანხმებაში პირდაპირ არის მითითებული: TRIPP-ის არც ერთი მონაკვეთი არ ზღუდავს სომხეთის იურისდიქციას. მისი თქმით, სახელმწიფო ფუნქციები არ დელეგირდება, ხოლო სამართალდამცავი, სასაზღვრო და საბაჟო ორგანოების სრულფასოვანი ყოფნა უზრუნველყოფილი იქნება მთელ მარშრუტზე.
მირზოიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ფლობს საკონტროლო პაკეტს, რიგი საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია სომხეთის თანხმობის გარეშე — მათ შორის აქციონერთა ცვლილება, აქციების გაყიდვა ან კომპანიის რეორგანიზაცია.
მან ასევე უარყო გავრცელებული ვარაუდები, თითქოს სომხეთის ტერიტორიები პროექტის ფარგლებში გასხვისდება ან იჯარით გაიცემა.
“სომხეთი კომპანიას მისცემს მხოლოდ ინფრასტრუქტურის აშენების უფლებას – ისევე, როგორც ეს ათობით სხვა უცხოური და ადგილობრივი კომპანიის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა მინისტრმა.
მშენებლობის დაწყების ზუსტი ვადები ჯერ არ სახელდება, თუმცა მირზოიანმა იმედი გამოთქვა, რომ მიწის სამუშაოები შემოდგომის დასაწყისში დაიწყება.
სომხეთმა TRIPP-ის ფარგლებში ე.წ. „დიფერენცირებული პროცედურების“ შემუშავება დააანონსა
ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა არარატ მირზოიანს პირდაპირ ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს TRIPP-ისთვის განსაკუთრებულ რეჟიმს, რომელიც განსხვავდება სომხეთის სხვა სასაზღვრო პუნქტებზე მოქმედი წესებისგან. მინისტრმა უპასუხა, რომ ხელისუფლების მიზანი ზოგადად საზღვრის გადაკვეთის მაქსიმალური გამარტივებაა, თუმცა ეს არ გულისხმობს იურისდიქციის ან აუცილებელი სახელმწიფო პროცედურების გაუქმებას.
“ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ფორმით დავარღვიოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მათ შორის, პირადი იდენტიფიკაციისა და სხვა აუცილებელი პროცედურების ნაწილში“, – განაცხადა მირზოიანმა. მისი თქმით, დიფერენცირებული პროცედურები განხორციელდება სომხეთის კანონმდებლობის, საერთაშორისო შეთანხმებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მინისტრმა ასევე სცადა გაეფანტა შთაბეჭდილება, თითქოს TRIPP მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანია. მისი განმარტებით, “ტრამპის მარშრუტი“ სამ სხვადასხვა დონეზე ფუნქციონირებას ისახავს მიზნად: მესამე ქვეყნებს შორის კავშირების უზრუნველყოფას (ცენტრალური აზია–ევროკავშირი), აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის გადაადგილებას და სომხეთის დაკავშირებას როგორც ცენტრალურ აზიასთან, ისე დასავლურ მიმართულებებთან.
ამ კონტექსტში მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი არ განიხილება როგორც მხოლოდ რეგიონული ლოგისტიკური რგოლი, არამედ როგორც უფრო ფართო სატრანსპორტო არქიტექტურის ნაწილი.
რეპორტიორების კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა თურქეთისა და რუსეთის შესაძლო მონაწილეობა TRIPP-ში, მინისტრმა მკაფიოდ უპასუხა, რომ ეს საკითხი აშშ-ისთან მოლაპარაკებებში არ წამოჭრილა. მისი თქმით, TRIPP არის სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ბიზნეს პროექტი.
ამავე დროს, მირზოიანმა აღნიშნა, რომ თურქეთისა და რუსეთის ჩართულობაზე საუბარი შესაძლებელია არა უშუალოდ ინფრასტრუქტურის, არამედ მარშრუტის შესაძლო გაგრძელების კონტექსტში, რაც გულისხმობს რეგიონის უფრო ფართო განბლოკვას, მათ შორის სომხეთ–თურქეთის საზღვრის გახსნას და სარკინიგზო კავშირების აღდგენას.
ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ფონზე, რომ სომხეთის რკინიგზის მმართველი კომპანია “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ სრულად ეკუთვნის “რუსეთის რკინიგზას“. 2008 წელს ერევანმა ხელი მოაწერა 30-წლიან კონცესიურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის სარკინიგზო სისტემა რუსული სახელმწიფო კომპანიის მართვაში გადავიდა.
მინისტრის შეფასებით, მხოლოდ აზერბაიჯანთან საზღვრის გახსნა და სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა ავტომატურად ვერ შექმნის ახალ, მასშტაბურ აზია–ევროპულ სატრანსპორტო დერეფანს, რადგან ეს მოითხოვს უფრო ფართო პოლიტიკურ შეთანხმებებსა და რეგიონულ სტაბილურობას.