ერევანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შესაძლო ჩამოსვლას განიხილავენ
გაზიარება
გაზიარება
ჯ.დ. ვენსი სომხეთში ჩამოვა?
სომხეთმა შესაძლოა 2026 წლის თებერვალში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უმასპინძლოს. ეს ვიზიტი ერევანში განიხილება როგორც ვაშინგტონის მზარდი ჩართულობისა და “ტრამპის მარშრუტის“ რეალიზაციის პოლიტიკური სიგნალი.
ერევანში აქტიურად განიხილავენ მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის შესაძლო ვიზიტს, რომელიც, როგორც ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობენ, შეიძლება გადამწყვეტ ეტაპს დაემთხვეს სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობებში და აშშ-ის მონაწილეობით დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში. მიუხედავად ინტენსიური სპეკულაციებისა, სომხეთის ხელისუფლება ვიზიტის არც ადასტურებს და არც უარყოფს.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა და ამერიკანისტმა სურენ სარგსიანმა განაცხადა, რომ “ძალიან მაღალი რანგის ოფიციალური პირი“ სომხეთს 2026 წლის თებერვალში ეწვევა, თუმცა კონკრეტული სახელი არ დაუსახელებია. მისივე თქმით, ვიზიტი მხოლოდ ერევანს შეეხება და რეგიონში სხვა ქვეყნებში მოგზაურობა დაგეგმილი არ არის.
პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ საუბარი შეიძლება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსზე იყოს. ამ ვერსიას მხარს უჭერს პარტია “რესპუბლიკის გულისთვის“ ლიდერი არმან ბაბაჯანიანი, რომლის თქმითაც, ვიზიტი “ჩვეულებრივ დიპლომატიურ მოვლენას გაცილებით სცდება“.
“ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონი სწრაფად გადადის 8 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებაზე“, — ამბობს ბაბაჯანიანი.
ოფიციალური ერევანი საჯარო კომენტარს არ აკეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა მედიის შეკითხვაზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ “მაღალი დონის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად მიეწოდება“.
ამავე დროს, პოლიტოლოგი არეგ კოჩინიანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლო ვიზიტი დაემთხვე “ტრამპის მარშრუტის“ – ამერიკული ბიზნესის მონაწილეობით დაგეგმილი სატრანზიტო პროექტის – გახსნის ცერემონიას.
“თუ მშენებლობა სწრაფად წარიმართება და პროექტი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ამოქმედდება, თეორიულად შესაძლებელია, რომ თავად აშშ-ის პრეზიდენტიც კი ჩამოვიდეს ინფრასტრუქტურის გახსნაზე“, — ამბობს კოჩინიანი.
ბაბაჯანიანის შეფასებით, ამერიკის მონაწილეობა ასეთ პროექტში სომხეთისთვის მხოლოდ ეკონომიკური შანსი არ არის. მისი თქმით, ეს გზავნილია ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი “არა დეკლარაცია, არამედ დაცვასა და პრაქტიკულ ნაბიჯებს მომთხოვნი სტრატეგიული არჩევანია“.
მისი განცხადებით, ხელისუფლება უნდა მოემზადოს შესაძლო ვიზიტისთვის და წინასწარ მოამზადოს დოკუმენტების პაკეტი, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო პროექტებს, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის სწრაფ მოდერნიზაციას და სამართლებრივ გარანტიებს ინვესტორებისთვის.
სარგსიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2026 წლის დასაწყისი სომხეთისთვის “უკიდურესად აქტიური იქნება ამერიკული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით“. ის ვიზიტს უპრეცედენტოს უწოდებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ამჟამად აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი არ ჰყავს – კრისტინა კვიენი თანამდებობას იანვრის შუა რიცხვებში დატოვებს.
ისტორიულ კონტექსტშიც ვიზიტი გამორჩეული იქნებოდა: რეგიონში აშშ-ის პრეზიდენტებიდან მხოლოდ ჯორჯ ბუში იმყოფებოდა, ისიც საქართველოში, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებიდან მხოლოდ მაიკ პენსი, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს.