სომხეთი: სახიფათო თამაშები
ეკოლოგიურ საკითხებზე გამოთქმული პროტესტი, შესაძლოა, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს
მიმდინარე წლის ბოლოს სომხეთში საპროტესტო ტალღა აგორდა, რომელიც ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ამულსარის ოქროს საბადოს ექსპლუატაციის დაწყების შესახებ მიიღეს. აღნიშნული საბადო ქვეყნის სამხრეთში, წარმტაცი ბუნებით გამორჩეულ ერთ-ერთ რეგიონში, სიუნიქში მდებარეობს.
საპროტესტო აქციების ორგანიზება “ბუნების დაცვის საერთოსომხურმა ფრონტმა” ითავა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მათ რიგებში “ასობით შეშფთებული მოქალაქე და ეკოლოგიის სპეციალისტია გაერთიანებული”, რომელთათვისაც ბუნების და, მთლიანად, “სომეხი ხალხის საარსებო სივრცის” დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ბუნების დაცვის ფრონტმა მთავრობის შენობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ოფისის წინ რამდენიმე პიკეტი მოაწყო. ამას გარდა, აქტივისტებმა საჯარო მიმართვაც გაავრცელეს, რომლის ადრესატებიც რესპუბლიკის მთავრობა, ახალი პრემიერმინისტრი კარენ კარაპეტიანი (რომლისგანაც მოსახლეობა უკვე მომწიფებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას ელოდება), მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ამ პროექტის დაფინანსებაში მონაწილე სხვა საინვესტიციო სტრუქტურები არიან.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ამჟამად სასწორის სხვადასხვა პინაზე დევს, ერთი მხრივ, საკმაოდ საეჭვო დივიდენდები, რომლის მიღებასაც ხელისუფლება აპირებს, და მეორე მხრივ, მინერალური და სასმელი წყლის სტრატრგიული მარაგები, რომელთა წყაროებიც, ეკოლოგების აზრით, ამულსარის საბადოს ამოქმედების შემთხვევაში, მთლიანად განადგურდება. ზიანი მიადგება ბუნებრივ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ლანდშაფტს, ფლორას, ფაუნასა და კურორტებს, რომლითაც ეს რეგიონი გამოირჩევა. სიუნიქში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი ჯერმუკა, რომელიც უცხოელ დამსვენებლებს შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და უნიკალური მინერალური წყლებითაა ცნობილი.
ამულსარის ოქროს საბადოს შესახებ დებატები 2006 წელს დაიწყო და მას შემდეგ არათანაბარი ინტენსივობით გრძელდება. 10 წლის წინათ პირველად გახდა ცნობილი, რომ მთავრობა ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის დაწყებას აპირებდა. დამტკიცებულია, რომ აქ 75 ტონა ოქროსა 350 ტონაზე მეტი ვერცხლის მოპოვება შეიძლება. ამასთან, ერთ ტონა მადანში ოქროს შემცველობა 40 გრამს არ აღემატება. ასეთი დაბალი წარმადობის მქონე საბადოს, როგორც წესი, არ ამუშავებენ ხოლმე.
მაგრამ ეს გარემოება არ აჩერებს ამულსარის ექსპლუატაციის მომხრეებს, რომლებიც იმასაც კი უგულებელყოფენ, რომ მოპოვებითი სამუშაოები ღია მეთოდით ჩატარდება. ეკოლოგ ინგა ზარაფიანის აზრით, შესაძლოა, ასეთ ქმედებას ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფა მოჰყვეს.
ბუნების დამცველთა შეშფოთება საფუძველს არ არის მოკლებული. “მწვანეთა კავშირის” თავმჯდომარე, აკოფ მანასარიანი აღნიშნავს, რომ სამთო-მოპოვებითი დარგის გაფართოება ქვეყნის ტყის მასივებს უქმნის საფრთხეს. ექსპერტის თქმით, სომეხი ეკოლოგები ცდილობდნენ, ტყის კოდექსში დაემატებინათ რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ტყის მასივებში ნებისმერი საბადოს ექსპლუატაცია უნდა აკრძალულიყო. თუმცა, ამ ინიციატივის განხორციელება ვერ მოხერხდა და ახლა სომხეთის ტყეები “სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ქვეშ” იმყოფება. და ეს მაშინ, როდესაც ტყეები ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 11%-ს იკავებს.
აშკარაა, რომ დღეს რესპუბლიკაში ბუნების დაცვის ინტერესი და ეკონომიკის განვითარების ამოცანები ცალსახად უპირისპირდება ერთმანეთს. როგორც ეკოლოგიის უკვე ყოფილმა მინისტრმა, არამაის გრიგორიანმა აღნიშნა, “ეკოლოგების შეშფოთება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს სომხეთს არ შეუძლია, მაღაროების ექსპლუატაციაზე უარი თქვას, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი”.
მაგრამ ბუნების დამცველები ასეთ მიდგომას არ ეთანმხებიან. ისინი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ლითონების მსოფლიო ბაზარზე არც ისე სახარბიელო სიტუაციაა, და ნებისმიერი სამთო-მოპოვებითი საწარმო ან ზარალზე იმუშავებს, ან – ნულოვან მოგებაზე.
სხვათა შორის, ახალი საბადოები ქვეყნის სწორედ იმ რეგიონებშია აღმოჩენილი, რომლებიც ბუნების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღნიშნულ რეგიონებში უნიკალური მინერალური წყალი, განუმეორებელი ფლორა, ფაუნა და მრავალი ისტორიული ძეგლია თავმოყრილი. და ეს ყველაფერი რისკის ზონაში აღმოჩნდა. არადა, ეკოლოგიური ეფექტიანობის რეიტინგში სომხეთი 93-ე ადგილს იკავებს. სულ ზემოაღნიშნულ სიაში 132 ქვეყანა შედის.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პროცესების გამო, ბოლო 100 წლის განმავლობაში ნალექები 6%-ით შემცირდა, საკმაოდ რეალისტურად ჟღერს სპეციალისტების მტკიცება, რომ სომხეთის ზოგიერთი რაიონი (მათ შორის, დედაქალაქიც) უკვე ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.
ამის ფონზე გაჩნდა კიდევ უფრო შემაშფოთებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ძალიან მალე ქვეყანაში, შესაძლოა, ფიქლის ნავთობის საბადოების დამუშავება დაიწყოს. უკვე ორ წელზე მეტია, რაც ეს საკითხი განიხილება და ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
თუმცა, ახლახან გაფართოებული ენერგეტიკული კვლევებისა და ტექნოლოგიების კორპორაციის (AERTC) ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის განყოფილების მმართველმა დირექტორმა, დოქტორმა სემ მ. საიდმა ერთ-ერთ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, სომხეთში ფიქალის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, რის შემდეგაც ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიწყება ფიქლის მრეწველობის განვითარების პროექტის რეალიზაცია.
მისი თქმით, სომხეთი ფიქლის მნიშვნელოვან მარაგს ფლობს და მოპოვებული ენერგორესურსები “მთლიანად დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას. მეტიც, შესაძლოა, მისი ექსპორტირებაც მოხდეს”. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიის სამსახური, რომელიც სომხეთის მთავრობის პარტნიორია ფიქლის ნავთობისა და გაზის აღმოჩენის სამუშაოებში, აღნიშნავს, რომ მხოლოდ კოტაის ოლქში დაახლოებით 44 მილიონი ტონა ფიქლის ნავთობის მოპოვებაა შესაძლებელი.
ბუნების დამცველები განსაკუთრებულად შეაშფოთა იმ ცნობამ, რომლის მიხედვითაც, ფიქლის ენერგომატარებლების კიდევ უფრო დიდი საბადო აღმოაჩინეს პოპულარულ კურორტ დილიჟანის მიმდებარედ (წინასწარი შეფასებებით, 128 მილიონი ტონა). ვარაუდობენ, რომ საძიებო სამუშაოები, შესაძლოა, სევანის ტბის აუზშიც დაიწყოს, თუმცა, ამ რაიონში რაიმე სახის გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას კანონი კრძალავს.
ცნობილი გახდა, რომ “ფიქლის პროექტის” მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინია “რუსეთის სომეხთა კავშირის” თავმჯდომარემ, რუსმა ბიზნესმენმა, არა აბრამიანმა, რომელთანაც AERTC “დიალოგს მართავს, რათა შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოს ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის რეალიზაცია”. ამასთან, არამხოლოდ სომხეთში, არამედ მთლიანად ევრაზიულ კავშირში.
ზემოარნიშნულიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ეკოლოგ ლევონ გალსტიანის აზრით, შესაბამისი კვლევები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩატარდა, მაგრამ მაშინ სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ “ეს საბადოები სახიფათოა ექსპლუატაციისთვის და ამით ყველაფერი დამთავრდა”.
ბუნების დამცველებს მიაჩნიათ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას სამთო-მოპოვებითი დარგის სამომავლო განვითარებაზე და ნავთობისა და გაზის სფეროში დაწყებული საძიებო სამუშაოებისგან თავი უნდა შეიკავოს. მაგრამ ინვესტორები (და მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო ინვესტორები) უპირატესობას სწორედ სამთო-მოპოვებით დარგს ანიჭებენ, იმიტომ რომ სწრაფ უკუგებას ელოდებიან. ასეთ ეფექტს კი ეკონომიკის სხვა დარგი (მაგალითად, ტურიზმი, რომლის განვითარების აუცილებლობაზეც ქვეყანაში ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ამ კუთხით თითქმის არაფერი კეთდება) ვერ იძლევა.
ცნობილია, რომ ნებისმიერი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები (რომლებსაც, სხვათა შორის, მტაცებლური მეთოდებით მოიპოვებენ), ადრე თუ გვიან იწურება, მათი დამუშავების ადგილზე კი უდაბნო ჩნდება. და არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ როდესაც წიაღისეული ამოიწურება, გაირკვევა, რომ ქვეყანამ უკვე დაკარგა შესაძლებლობა, რომ სერიოზული ფსონი დადოს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე – იმ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო, რომელიც გარემოს მიადგა.
გამოდის, რომ ამჟამინდელი არჩევანი, რომელიც მყისიერ ინტერესებსა და მდგრადი განვითარების გრძელვადიან ტენდენციას შორის უნდა გაკეთდეს, მართლაც სტრატეგიული ხასიათისაა. სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამას ხვდებიან. და გარემოს დამცველთა ამჟამდინდელი პროტესტი სიმპტომატურ ხასიათს ატარებს; რდგან არც ისე შორეულ 1988 წელს დაწყებული მძლავრი პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მონაწილეებიც მთიანი ყარაბაღის სომხეთისათვის მიერთებას ითხოვდნენ და რომლის შედეგადაც სომხეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდა, ეკოლოგიური შინაარსის გამოსვლებით დაიწყო.
გამოქვეყნდა: 28.12.2016