არაყი, სიგარეტი და ბავშვის საფენები
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი, უფრო ზუსტად კი “სინიღ ქიორფიუს”, იგივე “წითელი ხიდის” სასაზღვრო-გამშვები პოსტი საკმაოდ უცნაურ სამუშაო ადგილად იქცა წვრილი მოვაჭრეებისა და მათი თანაშემწეებისთვის.
თანაშემწეების საზღვარზე საქონლის პარტიებად გადატანა ევალებათ. საზღვარზე გადატანილი საქონლის თითოეული პარტიისთვის ისინი თითო მანათს იღებენ. ფორმალურად, ეს კანონიერი ქმედებაა, რადგან საბაჟოზე ნებისმიერი პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობის გადატანა შეიძლება; თუმცა მოვაჭრეები საქონლის მცირე პარტიებად დაყოფისა და საზღვარზე თანაშემწეების მეშვეობით მისი ნაწილ-ნაწილ გადატანის ხერხს იმისთვის მიმართავენ, რომ საბაჟო გადასახადი და ქრთამი არ გადაიხადონ. მათი თქმით, ეს საქონლის ღირებულების თითქმის ნახევარი ჯდება.
საზღვრის სიახლოვეს, ყაზახის რაიონის სოფლებსა და ცოტა უფრო შორს, თოვუზში მცხოვრები ადამიანებიც პურის ფულს აქ შოულობენ. მათი თქმით, ისინი საქართველოში იაფად ყიდულობენ ისეთ საქონელს, რაც აზერბაიჯანში უფრო ძვირია – ძირითადად, ბავშვის საფენებს, სიგარეტსა და ალკოჰოლს – და ეს მათი ყოველდღიური შემოსავალია. მაგრამ ეს არც ისე იოლია.
ვაჭრების ნაამბობით, საბაჟოს თანამშრომლები – ფარიზი და ქიამალი, ასევე ცვლის უფროსი – თევექიული წვრილ მოვაჭრეებსა და მათ დამხმარეებს კოშმარივით ევლინებიან. ეს ადამიანები მათ ისე ექცევიან, როგორც სურთ – ხან საქონელს ართმევენ, და ხანაც – პასპორტებს.
59 წლის სამინა ხანიმი ამბობს, რომ მის კმაყოფაზე 9 სულია. იგის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და ხელფასი 80 მანათი აქვს, რაც ოჯახის სარჩენად არ ჰყოფნის.
რადგან ფული არ აქვს, ქალს ვაჭრობა არ შეუძლია; ამიტომ, ნაცნობი მოვაჭრეების საქონელი გადააქვს საზღვარზე და ყოველი პარტიისთვის 1 მანათს იღებს: “2 მანათი გზაში მეხარჯება და 8 მანათი მრჩება. როგორც ვიცხოვრო ამ 8 მანათით?”
ის ამბობს, რომ ზოგჯერ 8 მანათის შოვნაც კი ჭირს. სამინა ხანიმი ჰყვება, რომ თანამშრომლები მოვაჭრეებსა და მათ დამხმარეებს სურვილისამებრ ხშირად საქონელს ართმევენ და საწყობში გადააქვთ. თან პასპორტებსაც ართმევენ და ეუბნებიან, – ხვალ მოდით და წაიღეთო. საქონელი კი, შესაძლოა, ერთი თვის განმავლობაშიც არ დაუბრუნონ.
52 წლის ულვის თქმით, ხშირად საქონელს უკან არც აბრუნებენ. როდესაც 15 მარტს ადამიანებმა თავიანთი საქონლის დაბრუნება მოითხოვეს, საბაჟოს თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, – სამხედროებს გავუგზავნეთო. ულვი კითხულობს: “შეიძლება სიგარეტი და სპირტიანი სასმელები მართლაც გაეგზავნათ, მაგრამ ვითომ ჩვენთვის ჩამორთმეული ბავშვის საფენებიც სამხედროებს გაუგზავნეს?”
26 წლის თახმასიბ მამედოვს საქართველოდან და თურქეთიდან პერიოდულად სხვადასხვა ტიპის საქონელი ჩამოაქვს და, როგორც ამბობს, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება. ჩემს თანამოსაუბრეს ამჯერად ლიფტის ძრავი გადაჰქონდა საზღვარზე, და ჰყვება, რომ მესაზღვრე ორი დღის განმავლობაში არ უშვებდა სასაზღვრო პუნქტიდან. “აქ ორ დღეს ველოდებოდი. შემდეგ ერთ-ერთ ნათესავს დავურეკე, რომელმაც კიდევ ვიღაცას დაურეკა და საბოლოოდ მესაზღვრეებს “ზემოდან” დაურეკეს და გამიშვეს. ახლა ბაქოს საბაჟო სამმართველოდან რომ გამოვიტანო, 22%-იანი გადასახადი უნდა გადავიხადო. გუშინ კი, 220-ის ნაცვლად, 1000 მანათის გადახდას მთხოვდნენ.”
სოფელ ბირინჯი შიხლის მცხოვრების, 64 წლის ზიაგრალამის აზრით, სინამდვილეში ეს ყველაფერი არც მოვაჭრეების ბრალია და არც მებაჟეების. ყველაფრის მიზეზი უმუშევრობაა. “საბაჟო სამუშაო ადგილი არ არის და ვერც იქნება. ადამიანები თვითონაც ბევრს აშავებენ – ზოგი დღის განმავლობაში ორჯერ, ან სამჯერ კვეთს საზღვარს, რომ მეტი იშოვოს. ასეთ დროს მებაჟეც უხეშობას იწყებს.”
52 წლის რეიხან მ. პროფესიით აგრონომია. იგი ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში სოფელ ბირინჯი რიხლიში ვენახებს უვლიდა, მაგრამ მას შემეგ, რაც ვენახები გაქრა, იგი უმუშევრად დარჩა. “განჯაში სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი დავამთავრე. აქ ცდილობენ, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყონ ხელი, მაგრამ მცოდნე ხალხი თითქმის არ ჰყავთ. მე კი ვიცი ჩემი საქმე. მომცენ სამუშაო. უმაღლესი განათლების მქონე აგრონომი ვარ და იმის ნაცვლად, რომ აქ ვიღაცისთვის ერთ მანათად საქონელი ვათრიო საზღვარზე, მეურნეობით ვიქნებოდი დაკავებული. ბავშვების რჩენასაც შევძლებდი, და ხალხსაც სარგებელს მოვუტანდი. აქ კი ყოველდღე მესაზღვრეებს ვეჩხუბებით. სირცხვილი და თავის მოჭრა!”
ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარს ხშირად კვეთენ, ამბობენ, რომ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პერიოდულად მესაზღვრეებსა და მოქალაქეებს შორის უმნიშვნელო და სერიოზული დაპირისპირებები აღინიშნება. პირველი გახმაურებული შემთხვევა 8 იანვარს მოხდა, ბოლო კი – მიმდინარე წლის მაისში. დაპირისპირება ერთი იგივე სცენარით ვითარდება – მოვაჭრეები გადასახადის გადახდაზე ამბობენ უარს, მესაზღვრეები კი მათ არ უშვებენ. და ვინაიდან საბაჟო მოსაკრებელი თითოეული სახის პროდუქტზე ინდივიდუალურად დგინდება, და საქონლის ფასის კონკრეტულ პროცენტს არ შეადგენს, ეს თანხა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება უთანხმოების მიზეზი გახდეს. სწორედ ეს ხდება საზღვარზე.
ექსპერტ-ეკონომისტი თოღრულ მარშალი აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში ყაზახის ეკონომიკა სოფლის მეურნეობას ეფუძნებოდა. ვენახები, ხორბლის მოყვანა და მესაქონლეობა ეკონომიკის ძირითად სფეროებს შეადგენდა და რაიონის შემოსავლების მთავარი წყარო იყო. თუმცა, რაიონში წარმოებული პროდუქციის 55% მრეწველობაზე მოდიოდა. “ძირითადად იწარმოებოდა კირი და ბენტონიტი, ქსოვდნენ ხალიჩებს. ამჟამად ყაზახში ხალიჩებს საერთოდ აღარ ქსოვენ.
ადრე რუსეთში ბენტონიტის ექსპორტს ვეწეოდით. ახლაც გაგვაქვს ეს პროდუქტი საზღვარგარეთ, მაგრამ თუკი რამდენიმე წლის წინათ 150 ათას ტონა ბენტონიტი გაგვქონდა, ახლა მხოლოდ 80 ათას ტონას ვყიდით. ამას გარდა, შემცირებულია კირის წარმოების მასშტაბებიც, რადგან ბაქოში, რომელიც პროდუქციის გასაღების მთავარ ცენტრს წარმოადგენს, მშენებლობის ტემპები მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ამის გამო, 2016 წელს ქვეყანაში კირის წარმოება ორჯერ შემცირდა.
ექსპერტს მიაჩნია, რომ უმუშევრობის ზრდის კიდევ ერთი მიზეზია კირისა და აზბესტის საწარმოების მშენებლობის შეწყვეტა: “კრიზისის გამო, ამ საწარმოს მშენებლობა შეჩერდა, რამაც სოფლის მოსახლეობა უმუშევრად დატოვა.”
გამოქვეყნდა 24.05.2016