არასამთავრობო ორგანიზაციები: მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს ეხმაურებიან და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს.
რას ამბობენ არასამთავრობოები
“ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს.
ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას.
მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ.
ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას,ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.“ – ნათქვამია ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში.
28 აპრილს სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში პროკურატურამ კოორდინირებული ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, გუგა ხელაიას და ალეკო ცქიტიშვილის სახლებში. ოთხივე პირთან პროკურატურის თანამშრომლები მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.
განჩინებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება საბოტაჟის და “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” საქმეზე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში “სამშობლოს ღალატის” მუხლის დაამატა, რომლის მიხედვითაც, საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება” სამშობლოს ღალატად ჩაითვლება.
17 მარტს საქართველოში დააყადაღეს ფონდები, რომლებიც აქციის დაჯარიმებულ მონაწილეებს და პოლიტპატიმრების ოჯახებს ეხმარებოდნენ – დააყადაღეს ნანუკას ფონდი და მასთან ერთად ნიკა გილაურისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდები.
18 იანვარს, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, “ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ” პროკურატურას “პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად” განცხადებით მიმართა.
პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ 5 ფონდი “საბოტაჟისა” და “კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის” დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააყადაღა.