"ქალი არ არის არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია" - როგორ ეხმაურება ხელისუფლება აქტივისტებზე თავდასხმას
აქტივისტებზე თავდასხმა
“ქართული ოცნების” დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი 8 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირებას ეხმაურებიან, სადაც ხელისუფლების მომხრე ე.წ. ტიტუშკებმა აქტივისტებს სცემეს და ამბობენ, რომ აქციაზე “ქალები კი არა, პროვოკატორი ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან“.
მათივე თქმით, “უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები“ შტაბთან შეგნებულად მივიდნენ დაძაბულობის გასამწვავებლად, ხოლო მომხდარი “პროვოკაციაზე პასუხი“ იყო. დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ დასავლელი დიპლომატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და საელჩოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
რა მოხდა
8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის ათზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც. ოპოზიციის თქმით, ისინი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სცემეს.
ე.წ. ტიტუშკებმა იძალადეს “პუბლიკის”, “ნეტგაზეთის” და ასევე უნგრელ ჟურნალისტ ლასლო მეზეშზე. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე არც ერთი მოძალადე დაკავებული არ არის. ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა ქალ აქტივისტებზეც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლოთ დაიწყო.
მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია მიმდინარეობდა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ.
რას ამბობს ხელისუფლება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობ, რომ მისი შტაბის წევრებს მელიქიშვილის გამზირზე ქალებზე არ უძალადიათ.
“ქალებს სად ხედავ აქ, არცერთი არ არის ქალი, ქალი არ არის აქ არცერთი, არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის, სად არის ქალი ერთი მაჩვენეთ, რომელია ქალი. თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნო შტაბს. არაფრით არ განსხვავდებით მათგან, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აშუქებთ სიბინძურეს, აღვივებთ დაპირისპირებას საზოგადოებაში, გახლეჩვის მცდელობას, ეს ხართ თქვენ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს”, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.
მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ ფაქტს შეაფასებენ.
„ეს იყო ძალიან მძიმე და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც არ იყო პირველი შემთხვევა. ეს არის ჩვენი შტაბი. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. აქ ხალხი მუშაობს. ჩვენ არავის ვუვარდებით, თავს არავის ვესხმით.
მე იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის ელჩი დაგვდევს პატივს და გააკეთებს შეფასებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი გივარდებოდეს, ხელს გიშლიდეს მუშაობაში და გაყენებდეს შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად დაძაბულობა შემოიტანონ, რადგან არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავის აინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა შტაბთან მოვარდნა, გინება, შეურაცხყოფის მოყენება. მე გეკითხებით, რა უნდოდათ ამ ადამიანებს შტაბთან თუ შტაბი მივიდა მათთან? რუსთაველის გამზირზე დგანან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, აქციებს მართავენ. თქვენ გინახავთ, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მისულიყვნენ რუსთაველზე და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ან ეგინებინოთ? შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, რომ სარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის „გარე ჩარევის აშკარა მაგალითი“, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა.
„თბილისის საარჩევნო შტაბზე ‘ნაცი’ ‘ტიტუშკების’ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა,“ – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, პროცესში არა მხოლოდ ექსტრემისტული ჯგუფები, „ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული“, არამედ „გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმებიც“ არიან ჩართული.
„მათ შორის, ბრიუსელის მიერ დაფინანსებული “ნეტგაზეთი”, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბზე.” – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას კალაძის შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი აფასებს:
“აქ არის “ქართული ოცნების” თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, ქალები, გოგოები, ბიჭები და მიდის ძალიან აქტიური მუშაობა. დაგეგმილად მოდის ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაცია შტაბის წინ. ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება და როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული. დღეს რა რაოდენობის ახალგაზრდებიც გარეთ გავიდნენ, ხუთჯერ მეტი შტაბში იმყოფებოდა აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოთოკვით და რაღაცნაირად გავაჩერეთ შტაბში, მაგრამ ძალიან რთულია ეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ გამიზნულია და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ამით უნდათ, რომ დუღილის ტემპერატურა აწიონ.”

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ დაპირისპირებას პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, აქციაზე “ქალები კი არა, პროვოკატორი ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან“.
“გუშინ, რაც ვიხილეთ, არის იმის დემონსტრირება, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობთ, რომ ეს უსამშობლოები და მათი დამფინანსებლები სექტემბრიდან სიტუაციის გამწვავებას ელოდებიან. მერამდენე დღეა დგანან მმართველი პარტიის საარჩევნო უბანთან უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები – ქალი, კაცი – არ აქვს მნიშვნელობა, ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ უშვერი სიტყვებით. რუსთაველზე 15-20 კაცი რომ იკრიბება, ვინმე ხელს უშლის? მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლო-ბოლო მოხდა ის რაც მოხდა – რაც უნდოდათ. ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან.” – განაცხადა ზარქუამ.