მოსაზრება: აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა შეფასდეს, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმის აკრძალვა
აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები
ეს ცვლილები უკვე არის გამოხატვის ნებისმიერი ფორმის შესაზღუდად, უფრო მეტიც, ასაკრძალად – ამის შესახებ განაცხადა იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, რითაც “ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებები შეაფასა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის.
სიმონიშვილის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და იმ ვალდებულებებს, რაც ქვეყანას საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს აღებული.
იურისტის თქმით, იმის ანალოგიური მუხლი, რა ცვლილებების შემოტანასაც “ქართული ოცნება“ აპირებს, საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი რეპრესიული ცვლილებები შევა: შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
“ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას თქმით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.

ნიკა სიმონიშვილი: “ეს ცვლილებები, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა, საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება. პრინციპში, ამ ვალდებულებით, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით გვაქვს აღებული და კონსტიტუციით რა უფლებებიც გვაქვს გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ამ თავისუფლებებს შინაარსს სრულად აცლის.
აქამდე თუ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები გამოყენებული იყო აქტივისტების წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, ახლა ეს სიტყვები უკვე ძალიან მსუბუქ ნათქვამად გვეჩვენება. ეს ცვლილები უკვე არის გამოხატვის ნებისმიერი ფორმის შესაზღუდად, უფრო მეტიც, ასაკრძალად. ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც “ქართულ ოცნებას“ არ მოეწონება და მისთვის მიუღებელი იქნება, უბრალოდ აიკრძალება. აკრძალვა გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულის შემდგომ უკვე, სისხლის სამართლებრივ სანქციას დაექვემდებარება.
როდესაც “ქართული ოცნება“ გვესაუბრება ზოგადად გარკვეული ქმედებების კანონიერებაზე თუ უკანონობაზე და კანონის უზენაესობაზე, მოდი, იმით დავიწყოთ, რომ კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის არსებობის დროსაც იყო. იქაც იყო დაწესებული წესები და კანონები. მინდა გაგახსენოთ, რომ საბჭოთა კავშირში მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში იყო იმის ანალოგიური მუხლი, რომელსაც ახლა “ქართული ოცნება“ წერს.
ფორმალურად კანონის დარღვევა გამოდის ის, რასაც “ქართული ოცნება“ წერს. არის თუ არა ეს სამართალთან და სამართლის უზენაესობასთან შესაბამისობაში – ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ. პაპუაშვილი და “ქართული ოცნების“ დანარჩენი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ კანონი ირღვევა, მაგრამ ეს კანონი არის თუ არა სამართლიანი და კონსტიტუციასთან შესაბამისი, ეს კითხვა ისმის. კანონიერება არ ნიშნავს იმას, რომ ეს წესები სამართლებრივად სწორი და სამართლის უზენაესობასთან შესაბამისია.
“ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ადამიანებს დავიჭერ იმის გამო, რომ პროტესტზე პირბადე უკეთიათო, დავიჭერ იმის გამო, რომ ქუჩაზე დგანანო, რომელ სამართალთან აქვს ამას საერთოდ შემხებლობა?”