ანუშკა
გოგონა ერთი წლის წინათ ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. ამ საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა კავკასიაში, რადგან ანა სანაკოევა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის თანამშრომელი იყო. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ზნაურის რაიონის მოკვლევის სამმართველოს ყოფილი უფროსია. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნული საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.
ისტორია ასეთია. 2014 წლის 2 ნოემბერს გოგონა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, მურმან კულუხოვის შორიახლოს იმყოფებოდა, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა. მოგვიანებით კულუხოვი შესაბამის ორგანოებში წარდგა და განაცხადა, რომ ანამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები ამ ვერსიას არ იჯერებენ, რადგან, მათი თქმით, სიკვდილამდე ანას წარმატებული პერიოდი ჰქონდა ცხოვრებაში – სამსახურში დააწინაურეს და პრესტიჟულ კონკურსშიც გაიმარჯვა. გოგონა სწავლის გაგრძელებას ლონდონში აპირებდა.
ანა სანაკოევას (იგივე ანუშკას, როგორც მას ყველა ნაცნობი უწოდებდა) საქმის განხილვა მხოლოდ ახლა, წელიწადზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ დაიწყო.
ლაპარაკობს გარდაცლილის და, ჟანა სანაკოევა
სასამართლო პროცესს უძღვებოდა მოსამართლე ფატიმა ფარასტაევი, რომელმაც წარმოდგენილი მონაცემები არასაკმარისად მიიჩნია და საქმე განმეორებით ძიებაში დააბრუნა.
პროცესი საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ბრალდების მხარემ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტური ექსპერტიზის მთავარი სახელმწიფო ცენტრის ფილიალის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრა.
პროკურორის განცხადებით, რუსი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანა სანაკოევა საკუთარ თავს ვერ ესროდა. ექსპერტიზა შემდეგ მონაცემებს ეფუძნებოდა: სროლის კუთხის შედარება, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის თავისებურება, გარდაცლილის სიმაღლე, ფაქტი, რომ გოგონა ცაცია არ იყო და სანაკოევას სხეულის მდგომარეობა სიკვდილის მომენტში. ამას გარდა, იმ სინჯებზე, რომლებიც ანას აუღეს, არ ჩანს დენთის კვალი, მაშინ, როდესაც კულუხოვის ქურთუკზე გასროლის შემდეგ დარჩენილი კვამლის ნარჩენი შეინიშნება. აღნიშნული გარემოება, ბრალდების მხარის მიხედვით, აღნიშნავს იმას, რომ გასროლის მომენტში კულუხოვი გარდაცვლილის უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდა.
გასროლა კულუხოვის მიერ ჯილდოდ მიღებული მოკლელულიანი ‘იარიგინით’ მოხდა.
ეჭვმიტანილის ადვოკატმა, იური ბაგაევმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა. ბაგაევის თქმით, კულუხოვის დაკავება გაუმართლებლად ჭიანურდება. ადვოკატმა შუამდგომლობის ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ეჭვმიტანილი სამი წლის ბავშვის მამაა. ამ განცხადებამ დაზარალებული მხარის ადვოკატის პროტესტი გამოიწვია.
საბოლოოდ, სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ სახელმწიფო ბრალმდებელს სისხლის სამართლის საქმის მასალები დაუბრუნა და სთხოვა, დანაშაულის მიზნები და მოტივები დაედგინა, რაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმეში აუცილებლად უნდა იყოს ასახული. მოსამართლემ ცხინვალის მკვიდრის, ანა სანაკოევას მკვლეობაში ეჭვმიტანილი მურმან კულუხოვის წინასწარი დაკავების ვადა 2016 წლის აპრილამდე გაახანგრძლივა.
ამ საქმეზე მომუშავე ორივე მხარემ ადვოკატები რუსეთის ფედერაციიდან მოიწვია.