AI: მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის გზის გადაკეტვა და ნიღბები, არ უნდა დაისაჯოს რეიდებით ან პატიმრობით
Amnesty International-ის განცხადება
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და აცხადებს, რომ დაპატიმრებების ტალღა და რეპრესიული კანონები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
Amnesty-ის განცხადების მიხედვით, საქართველოში მიმდინარეობს პროტესტის პოსტსაარჩევნო ჩახშობა 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, ხოლო 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ათიათასობით ადამიანი თბილისში მშვიდობიანად გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, თუმცა აქცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც მონაწილეთა მცირე ჯგუფმა სცადა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა.
ორგანიზაცია ასევე საუბრობს 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კრძალავს სახის დაფარვას, კარვების დადგმას და გზების ბლოკირებას, რაც შეიძლება დასაჯოს 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში კი ორ წლამდე პატიმრობით და აცხადებს, რომ ეს პროცესები “ანტიტერორისტული რეიდების მსგავს ოპერაციებს” წააგავდა.
● “4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციები დემონსტრანტთა დასაკავებლად ჩატარდა ძალის გადამეტებით და ატარებდა დაშინების ეფექტს, – განსაკუთრებით ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით”;
● “მაგალითების სახით შეიძლება მოვიყვანოთ მარიამ მეყანწიშვილის, დავით ღურწკაიას, სიმონ მახარაძის დაკავების ოპერაციები – მეყანწიშვილის 6 წლის შვილი დედის სპეცრაზმის მიერ დაკავება შეესწრო; ღურწკაია 3 წლის შვილის თვალწინ დააკავეს, დილის 6 საათზე, მახარაძის დაკავებისას კი ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მახარაძის 4 წლის შვილს თავზე იარაღი მიაბჯინა”;
● “16 ოქტომბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს”;
● “შეშფოთების საფუძველია ასევე “ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი სამი ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის“, “ლელოსა“ და “კოალიცია ცვლილებისთვის“ ასაკრძალად”;
● “საქართველოში დაპატიმრებების ეს ტალღა, სათანადო სასამართლო დაცვის არარსებობის პირობებში, ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აშკარად მიზნად ისახავს პროტესტის უფლების შემაფერხებელი ეფექტის შექმნას – უფლებისა, რომელიც დაცულია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით”;
● “მშვიდობიანი საპროტესტო აქტები (მათ შორის, როდესაც ეს გულისხმობს გზების გადაკეტვას, ნიღბების ტარებას ან დროებითი სტრუქტურების მოწყობას) არ უნდა დაისაჯოს სახლებში რეიდებით ან თავისუფლების აღკვეთით”;
● “კანონები, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების განხორციელებას კრიმინალიზაციას უწევს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასევე მის ვალდებულებებს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლით და უნდა გაუქმდეს. ამ ზომების კუმულაციური ეფექტი პროტესტის უფლების სისტემატურ ეროზიას და სამოქალაქო მონაწილეობის სივრცის დახურვას წარმოადგენს.”