"ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება" - ALDE
გაზიარება
გაზიარება
ALDE-ს განცხადება
“ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი” (ALDE Party) ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიოს მოუწოდებს, არ იყოს ჩუმად.
“ოპოზიციური ხმების გაჩუმება. დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა “სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის”. ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშაა. ევროპელი ლიბერალები მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.” – წერს ALDE X-ზე.
პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.