საია რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის სამხედროების საქმეებზე კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვს
აგვისტოს ომი
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინა 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ ორ საქმეზე, რომლებიც დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის დაკისრებას ეხება. საქმეები უკავშირდება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური მუხლების დარღვევას, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვისა და დისკრიმინაციის პრინციპის შელახვას.
საიას განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შედეგად მომჩივნებს მიადგათ როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, რის გამოც ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციისგან სრულფასოვან კომპენსაციას მოითხოვს. ერთ-ერთი საქმე ეხება გიორგი ანწუხელიძის საქმეს – ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც 2008 წლის ომის დროს ტყვეობაში წამებით მოკლეს.
საია მიუთითებს, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის რამდენიმე მუხლი: პირველი (ადამიანის უფლებათა დაცულობის ვალდებულება), მეორე (სიცოცხლის უფლება), მესამე (წამების აკრძალვა), მეხუთე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მეცამეტე (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება) და მეთოთხმეტე (დისკრიმინაციის აკრძალვა). ორგანიზაციის შეფასებით, დაზარალებულები არიან ქართველი სამხედროები და იმ ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტისას განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
საია ამტკიცებს, რომ ჩადენილი ქმედებები დისკრიმინაციულ საფუძველს ატარებდა, რადგან დატყვევებული სამხედროები და მათი ოჯახები ეთნიკურად ქართველები და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
გიორგი ანწუხელიძის საქმე
საქმე “ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ“ (no. 22580/10) ეხება გიორგი ანწუხელიძის უკანონო დატყვევებას 2008 წლის აგვისტოში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა იგი კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევით დააკავეს, რის შემდეგაც ანწუხელიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სამხედროების მხრიდან დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
რამდენიმე თვის განმავლობაში იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის დეკემბერში დადგინდა, რომ გიორგი ანწუხელიძეს სიცოცხლე განზრახ და განსაკუთრებული სისასტიკით მოუსპეს, რაც კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას წარმოადგენს. საქმის მასალებში არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი პირები არ დასჯილან.
საქმეში მომჩივნები არიან ანწუხელიძის მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ოჯახის წევრის გაუჩინარებამ და შემდგომში მისმა მკვლელობამ მათი ფუნდამენტური უფლებები დაარღვია.
ქართველი სამხედროების მეორე საქმე
მეორე საქმე ეხება შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაკავებას ცხინვალში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. 2008 წლის აგვისტოში ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს და 19 აგვისტომდე ტყვეობაში ჰყავდათ.
საიას ინფორმაციით, ტყვეობის პერიოდში სამხედროები რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქმედი ძალების მხრიდან წამებასა და დამამცირებელ მოპყრობას ექვემდებარებოდნენ, რაც კონვენციის მესამე მუხლის დარღვევაა. ამავე პერიოდში ორ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლე განსაკუთრებული სისასტიკით მოუსპეს, რაც მეორე მუხლის დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირები დღემდე არ დასჯილან.
კომპენსაციის მექანიზმი რუსეთისთვის
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი 2022 წელს ევროპის საბჭოდან გარიცხეს და კონვენციის მხარე აღარ არის, სტრასბურგის სასამართლოს პოზიციაა, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს იმ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდე დაიწყო.
2023 წლის 28 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
ამ კონტექსტში, საიამ სასამართლოს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის მოთხოვნითაც მიმართა. ორგანიზაციამ 2024 წლის იანვარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
საიას ცნობით, ორგანიზაციას სტრასბურგში შეტანილი აქვს 53 საჩივარი, რომლებიც დაახლოებით 400 დაზარალებულს მოიცავს და ზოგ საქმეზე გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. საია 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა ინტერესებს უკვე 17 წელია იცავს და აცხადებს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება.