"ომი დაიწყო სააკაშვილმა, დიფ სთეითის დავალებით" - რას ამბობს ხელისუფლება აგვისტოს ომზე და რას პასუხობს ზახაროვა
აგვისტოს ომი
რუსული დეზინფორმაცია, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შემდეგ ოცნების თითქმის ყველა ლიდერმა გაიმეორა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა იწონებს “ქართული ოცნების” მთავრობის განცხადებებს და აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.
რა თქვეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა

ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრი: “ომი დაიწყო სააკაშვილმა გარე ძალების წაქეზებით, დიფ სთეითის დავალებით. ფაქტების ქრონოლოგია ასახულია მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა… თეორიულად ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე ხვალ, ომი დაიწყება.
რაც არის სიმართლე, ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაშია ასახული. იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში მას შემდეგ, რაც მაშინდელმა რეჟიმმა გაუფრთხილებლად მიიტანა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ, მიიწევდნენ წინ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ. ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია. ისინი პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ახორციელებდნენ და ამისთვის შეტევით მოქმედებებს ახორციელებდნენ.”

შალვა პაპუაშვილი, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე: “ჩვენ 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სახით მარიონეტული რეჟიმი გვყავდა. მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგია აგვისტოს ომი, ამის შედეგია შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთი მხრივ, ოკუპაციაზე საუბრობდნენ და მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას. როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ და პატრიოტულ ხელისუფლებებს შორის.
როდესაც ნებისმიერ მომენტში ომის დაწყების საფრთხე არსებობს, ხელისუფლება ეროვნული ინტერესებით უნდა მოქმედებდეს და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით.
როგორ შეიძლება მოღალატე და მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართველ გმირებთან? სააკაშვილი არანაირ კავშირში არ არის არც ამ გმირებთან, არც ჩვენს ქვეყანასთან, არც წარსულთან და არც მომავალთან. მოღალატე იყო და მოღალატედ დარჩება ჩვენს ისტორიაში.“

კახა კალაძე, თბილისის მერი: “რაც შეეხება ომს, სამწუხაროა, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ქვეყანაში, ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს, აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ სხვა დაჯგუფების ინტერესები.
2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ჩვენ დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ასევე, აშკარაა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალების ინტერესს.“

მიხეილ ყაველაშვილი, “ქართული ოცნების” პრეზიდენტი: “2008 წლის აგვისტოს დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? 7 და 8 აგვისტოს საუბრობდნენ, რომ რუსეთი შემოვიდა? არის არქივი, თუ რა გააკეთეს!
რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი შემოსული იყო?”
მარია ზახაროვა იწონებს “ქართული ოცნების” განცხადებებს, ამბობს, რომ ეს “მოლაპარაკებების წინსვლის” იმედს იძლევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კრემლის ჩვეულ, პროპაგანდისტულ რიტორიკას იყენებს. მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.

“პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ “თბილისი-სოხუმი-ცხინვალის” ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება”, – ამბობს ის.
ამასთან, ის იწონებს ქართული ოცნების მთავრობის განცხადებებს და აცხადებს, რომ “ბოლო წელს ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის აგრესიის აღიარება, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები – მოლაპარაკებების წინსლივს იმედს იძლევა”.
“არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში.” – ამბობს მარია ზახაროვა.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და უკვე აქ აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს “მძინარე ცხინვალს” და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2023 წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ დგას ქართული სახელმწიფოს მხარეს და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას.