აფხაზური ოპოზიცია ქუჩაში გამოვა?
როგორც ჩანს, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას აშფოთებს ის, რომ პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში, შესაძლოა, ქუჩის აქციებში გადაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას გვაფიქრებინებს მისი წინადადება პოლიტიკურ მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ, რომელშიც ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის, მათ შორის ოპოზიციის, ხელმძღვანელებიც უნდა გაერთიანდნენ.
ოპოზიციის ლიდერი, პარტია “ამცახარა” უკვე კატეგორიულ ტონზე გადავიდა. 21 ოქტომბერს, პარტიის უკანასკნელ ყრილობაზე დელეგატებმა ხაჯიმბას გადაყენების თაობაზე სათანადო რეზოლუცია მიიღეს. თანაც, მათ გააფრთხილეს პრეზიდენტი, რომ პარტიის წევრები მზად არიან, საყოველთაო ყრილობა მოიწვიონ, სადაც მთელი აფხაზეთი იქნება წარმოდგენილი. ოპოზიცია, რომლის ბირთვისაც წინა პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის მომხრეები შეადგენენ, ახლანდელ პრეზიდენტს პირველ რიგში იმას საყვედურობს, რომ მისი მმართველობის ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთში საგრძნობლად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ყველა სფეროში შეფერხდა პროგრესი, ხოლო ხელისუფლებაში დილეტანტების გუნდი მოვიდა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ოპოზიცია იმ მძიმე მდგომარეობის შექმნაში დაადანაშაულა, რომელშიც არის ამჟამად აფხაზეთი. მისი თქმით, პრობლემების წყებამ, რომლებმაც აფხაზეთი ღრმა სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, ქვეყანა ქრონიკულ მუქთახორად აქცია – უზარმაზარი ვალებით, ყოველმხრივ კორუმპირებული ბიუროკრატიითა და დანგრეული ეკონომიკით. ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა. “ახლა, როდესაც ოპოზიციაში გადაინაცვლეს, დაავიწყდათ, ვინ მიიყვანა ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე,” – ამბობს ხაჯიმბა.
პრეზიდენტის იდეას, შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, დეპუტატების უმრავლესობასთან ერთად თავად სამოქალაქო საზოგადოებამაც დაუჭირა მხარი. აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივანმა, ნათელა აქაბამ საჯარო დიალოგისთვის პოლიტიკოსებს საზოგადოებრივი პარტიის ტრიბუნა შესთავაზა. მისი თქმით, “აჯობებს, პრეზიდენტმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან არა კულუარული, არამედ საჯარო შეხვედრები გამართოს.”
ოპოზიციამ პრეზიდენტის ინიციატივა თვალსაჩინოდ უგულებელყო. ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი – თითქოს პრეზიდენტს არც არაფერი უთქვამს. კულუარებში კი ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხაჯიმბას მოლაპარაკების უნარი არ გააჩნია, რის გამოც, “ამცახარა” ხელისუფლებისადმი ნდობის თაობაზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს. რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.
პარტია “ამცახარა” აფხაზეთის პოლიტიკურ არენაზე 1999 წელს გამოჩნდა, როგორც ქართულ-აფხაზური სამხედრო კონფლიქტის ვეტერანების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია. თავიდან პრეზიდენტ ბაღაფშს უჭერდნენ მხარს; მისი გარდაცვალების შემდეგ კი ხელისუფლებაში მოსული ალექსანდრ ანქვაბის მომხრეები გახდნენ. ათი წლის განმავლობაში “ამცახარა” ხელისუფლების მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. 2013 წელს, მორიგ ყრილობაზე ეს ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. ახალი წესდების მიხედვით, ორგანიზაციაში გაწევრიანება არამხოლოდ ომის ვეტერანებს, არამედ ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისთვისაც პარტიის იდეები უცხო არ არის. მას შემდეგ, რაც 2014 წელს რაულ ხაჯიმბას მეთაურობით მოქმედმა მაშინდელმა ოპოზიციამ მრავალათასიანი მიტინგი მოაწყო და პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი აიძულა, გადამდგარიყო, “ამცახარამ” დაკარგა სახელისუფლებო პარტიის სტატუსი და ოპოზიციაში გადაინაცვლა.