აფხაზი ადვოკატები გაფიცვით იმუქრებიან
აფხაზი ადვოკატები პროტესტს გამოთქვამენ და გაფიცვით იმუქრებიან – ანუ უარს ამბობენ სასამართლო სხდომებსა და საქმეების განხილვებში მონაწილეობაზე. მიზეზი ერთ-ერთ ადვოკატზე ზეწოლა გახდა. ის იმაში დაადანაშაულეს, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში ანონიმურად მართავს ერთ-ერთ გვერდს. და თითქოს, შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლებასა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს, მისი კოლეგები კი აპირებენ, ხელისუფლებისგან რეაგირება მოითხოვონ. ეს შემთხვევა გახდა იმის მიზეზი, რომ ადვოკატებმა ხელისუფლებას თავიანთი უფლებების დარღვევის ყველა ფაქტი შეახსენეს.
ადვოკატი თუ „ანონიმი“?
თავად სოხუმის ადვოკატთა კოლეგიის წევრის, ჟანა შენკაოს მონათხრობის მიხედვით, 23 ივნისს, მას დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან, როგორც ადვოკატს, ერთ-ერთმა პატიმარმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მას თავისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა სურდა. შენკაო იმავე დღეს მივიდა იზოლატორში. როგორც შენკაო ჰყვება, პატიმარმა უარი განაცხადა მასთან დაკითხვების ოთახში გასაუბრებაზე და ადვოკატი მასთან პირველ სართულზე ჩავიდა.
- მოსაზრება: აფხაზეთში კრიმინალსა და გულჩვილ სასამართლოზე
- “ახლა უნდა მოგკლათ” – აფხაზეთში რუსი ტურისტი აწამეს
- იარაღი როგორც კულტურა. აფხაზეთის მოსახლეობას თავდაცვის უფლება მისცეს
„გადაადგილების დროს მივხვდი, რომ საუბარი მასთან არ მექნებოდა და რომ ვიღაც სხვასთან შესახვედრად მივყავდი. იქ პატიმარი ასლან ზუხბა მელოდებოდა. მას ადრიდან ვიცნობდი. ასლანმა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, დაედგინა ჭეშმარიტება, რადგან, როგორც მის ძმებს მიაჩნიათ, მე ვარ ბლოგერი, სახელით „ანონიმი“, – ჰყვება ჟანა.
მისი თქმით, პატიმარი საუბრის დროს ემუქრებოდა:
„მეუბნებოდა, რომ ფანჯრის მიღმა 100 პატიმარი იყო, რომლებიც მზად იყვნენ შემოვარდნილიყვნენ და გავეგლიჯე“.
„მაგრამ, როდესაც მუქარიდან ისევ საუბარს დავუბრუნდით იმის შესახებ, ვარ თუ არა ანონიმი, მას ჩემი ტელეფონი ვაჩვენე, ფეისბუკის გვერდი. ჩვენი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა – ხუთ წუთამდე“, – ამბობს ჟანა შენკაო. მისი თქმით, ეს ეპიზოდი არასასიამოვნოდ მიიჩნია, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და წამოვიდა.
იმავე დღეს, გვიან, მასთან სისხლის სამართლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და სასაუბროდ შსს-ში წაიყვანეს. საუბარი შუაღამემდე გაგრძელდა, ჟანა შენკაო შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების უამრავ კითხვას პასუხობდა. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, დაინტერესდნენ, სად ჰქონდა მეორე ტელეფონი, რომლითაც ის ანონიმურ გვერდზე შედიოდა. საგამოძიებო განყოფილებაში ადვოკატს აცნობეს, რომ მათ მისი ერთ-ერთი კლიენტის ჩვენება ჰქონდათ.
როგორც JAMnews-ისთვის ორგანოებში თავისი წყაროებიდან გახდა ცნობილი, შენკაოს დაცვის ქვეშ მყოფი, რომელზეც არის საუბარი, გამოტყდა, რომ „ადვოკატს ციხიდან აწვდიდა საიდუმლოდ ინფორმაციას“.
მისდამი ინტერესს ადვოკატი ჟანა შენკაო იმით ხსნის, რომ ის ზრდის 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის სანაპიროზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი განსასჯელის შვილს და ამავე საქმეზე დაცვის მხარის მოწმედ გადის. ჟანა შენკაო ვარაუდობს, რომ მასზე ზეწოლა დაკავშირებულია ამ საქმეზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებასთან და მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, ყურადღების გაერკვნენ მის გარშემო მიმდინარე მოვლენებში.
გაფიცვა – უკიდურესი ზომა
სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ, ფიზიკური და მორალური ზემოქმედება მოახდინონ ადვოკატებზე სისხლისსამართლებრივი დევნის გზით. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას და ლახავს არა მხოლოდ უფლებადამცველების, არამედ მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებს. ამის შესახებ, დიდი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა აფხაზეთის ადვოკატთა პალატის თავმჯდომარემ, კონსტანტინ ჩაგავამ.
„ადვოკატთა პროფესიული უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტების კონსტატირებას ვახდენთ, ისეთების, როგორებიცაა: გამომძიებლის მოთხოვნა, წარმოადგინონ სასამართლო ან სხვა დოკუმენტი კლიენტთან შესახვედრად ან საერთოდ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარს ეუბნებიან შეხვედრაზე, კლიენტთან შეხვედრის ხანგრძლივი მოლოდინი, ტექნიკის მუშაობაში ხელის შეშლა, საუბრის მოსმენა.
ასევე, როდესაც დაცვის ქვეშ მყოფს აკავებენ და მასთან შეხვედრა შეუძლებელია პირველ დაკითხვამდე, მალავენ მის ადგილსამყოფელს და შეუძლებელი ხდება მისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენა“, – განაცხადა ჩაგავამ.
კონსტანტინ ჩაგავამ საადვოკატო საქმიანობაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ინიციატივა წამოაყენა. შესაბამისი კანონპროექტი, ადვოკატთა პალატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში გადაიგზავნება.
ადვოკატთა საზოგადოებაზე ზეწოლის მაგალითად, ჩაგავამ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ადვოკატები უკანონოდ დააპატიმრეს, მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ფიზიკური ძალა.
იმისათვის, რომ მათი ხმა გაიგონ, კონსტანტინ ჩაგავამ კოლეგებს მოუწოდა, „გამოხატონ პროფესიული პროტესტი და ერთი თვის განმავლობაში, არ მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებსა და სასამართლო პროცესებში“.
ასეთმა წინადადებამ დამსწრეთა ერთსულოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ვიღაცამ იხუმრა, რომ უკვე დიდი ხანია შვებულებაშია გასასვლელი, ვიღაცამ იკითხა – ანაზღაურებადი იქნება თუ არა, ვიღაცამ თქვა, რომ კლიენტის წინაშე აღებული ვალდებულება არ მისცემს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პროტესტში.
ტიმურ ტაბაღუა – სანაპიროზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატია. კოლეგების შეხვედრიდან ის ყველაზე ადრე წავიდა, რადგან სხვა საქმეზე სასამართლო პროცესზე ეჩქარებოდა.
„მე სასამართლოში უნდა გავიქცე, და თქვენ გადაწყვიტეთ, კოლეგებო. როგორღაც. როდემდე უნდა ვეხვეწოთ? ჩვენი უბედურება ხო იმაშია… ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით… ჩვენთან ყველა მინისტრი თვლის, რომ ისაა კანონი. რეალურად, არ გვაქვს ცუდი კანონები. იქ ყველაფერი გარკვევით წერია“, – განაცხადა ტაბაღუამ და შეკრება დატოვა.
სამართლებრივ სახელმწიფოში მსგავსი პრობლემები არ უნდა იყოს, მიაჩნია ადვოკატ ტარიელ პარულუას.
„თუ ასეთი რამ მოხდა, თუმცა ჩვენი კოლეგის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, ჩვენს კოლექტივში ასეთ ადამიანს არაფერი ესაქმება. მაგრამ, თუ მართლა მოხდა. და თუ არ მომხდარა, წარმოიდგინეთ, ადამიანს იმდენად ავიწროებენ, სადაც არ უნდა წავიდეს – ყველგან წინააღმდეგობა ხვდება. მე ამ სისტემას, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ცუდად არ ვიცნობ. ხომ გესმით, მთელი ციხე გუგუნებს. ჩვეულებრივ, ისინი ხმაურობენ, ვისაც ჩვენ ვიცავთ. მათი შეხედულებით, ასე არ უნდა ხდებოდეს, რომ ისინი ადვოკატთან დაკავშირებით (აპროტესტებდნენ – ავტორის შენიშვნა). ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ ისინი ვიღაცამ სპეციალურად მოამზადა. მაგრამ ვის შეუძლია მათზე ზეგავლენის მოხდენა? აი, აქედან უნდა ამოვიდეთ“, – მიიჩნევს პარულუა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თავად ჟანა შენკაოც. მან თქვა, რომ იზიარებს კოლეგების კითხვებს და თავადაც არ გააჩნია მათზე პასუხი. აქვს მხოლოდ ვარაუდები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალური ავტორიტეტების გახმაურებული მკვლელობის საქმიდან მისი, როგორც მოწმის, ჩამოშორებას ცდილობენ.
კონსტანტინ ჩაგავამ კოლეგებს შესთავაზა, მაინც გამოეხატათ პროფესიული პროტესტი და თუნდაც, ათი დღით ეთქვათ უარი საგამოძიებო მოქმედებებსა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე.
ადვოკატები ასეთ წინადადებას არ დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ ამით საკუთარი კლიენტების უფლებებს დაარღვევენ. კოლეგიის წევრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია გაგზავნონ წერილი პრეზიდენტთან და მასში მიუთითონ, რომ თუკი უფლებების დარღვევა და ზეწოლა გაგრძელდება, ისინი იძულებულები გახდებიან, მომსახურების გაწევა შეწყვიტონ.
კონსტანტინ ჩაგავამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრასა და მასთან მათი საზოგადოების პრობლემების მიტანას გეგმავს.