აფხაზეთში საცხოვრებლის მოთხოვნა ქართველებისთვის აკრძალულია
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც 1992–1993 წლების ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახების წევრებს ეკრძალებათ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღება.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავს “რესპუბლიკის მტრულად განწყობილი პირებისთვის ყველა ხვრელის ამოვსებას“.
ქართულ-აფხაზური ომის შედეგად, აფხაზეთი 200 ათასზე მეტმა ეთნიკურმა ქართველმა იძულებით დატოვა. ომამდე მათი კუთვნილი უძრავი ქონების ნაციონალიზაცია აფხაზურმა მხარემ მოახდინა.
არსებობდა შემთხვევები, როცა აფხაზეთში დარჩენილი ქართველები ცდილობდნენ უძრავი ქონების დაბრუნებას — ან არაოფიციალური კომპენსაციის გზით, ან სხვაგვარად — მათ შორის, ფორმალურად სხვა ეროვნების ახლო ნათესავებზე გადაფორმებით.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია, ფიქსირდება რამდენიმე მაგალითი, როცა ქართულმა მხარემ მოიგო დავა აფხაზურ სასამართლოში. ასევე არსებობს პრეცედენტები რუსეთის სასამართლოებში.
სწორედ ამ პრაქტიკის შეჩერებას ისახავს მიზნად ახალი კანონიც, რომელიც აფართოებს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისთვისაც მემკვიდრეობით მიღების უფლება იზღუდება.
განსახილველ კანონში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უქვეყნო პირები და მათი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღებას, თუ:
მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში;
გეგმავდნენ ან ამზადებდნენ ომს აფხაზეთის წინააღმდეგ;
ან 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო საბჭოს კონტროლის პირობებში მოქმედ ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობდნენ ან სხვა ფორმით უწყობდნენ ხელს.
კანონის მიღებას საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო