აფხაზეთში, ფსოუს საგუშაგოზე მომხდარი სროლის შვიდივე მონაწილე დააკავეს. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. გამომძიებლების თქმით, დანაშაულის მოტივი “ქონებრივი დავა იყო“. შემთხვევა 23 ივნისს მოხდა.
ფსოუს საგუშაგო რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ ეს გამშვები პუნქტი უკანონოა და საზღვარი, შესაბამისად, არა აფხაზურ-რუსული, არამედ ქართულ-რუსულია.
23 ივნისს, ნაშუადღევს, აფხაზეთის ორმა მცხოვრებმა, ძმებმა კამლიებმა სოხუმი მანქანით დატოვეს და რუსეთის საზღვრისკენ გაემართნენ. მთელი გზა მათ უკან სხვა მანქანა მიჰყვებოდა – მასში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც მიწის ნაკვეთის გამო დიდი ხნის დავა ჰქონდათ ძმებ კამლიებთან.
ფსოუს საგუშაგოს შესასვლელთან მათ ცეცხლი გახსნეს ავტომატებიდან და მოახერხეს დაეჭრათ ერთი ძმა, მეორემ კი პისტოლეტით საპასუხო სროლა დაიწყო. ცოტა მოგვიანებით მან საზღვრის გადაკვეთა მოახერხა, სადაც რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
სროლის შედეგად სამი ადამიანი გახდა შემთხვევითი მსხვერპლი, მათგან ერთი გარდაიცვალა.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ რამდენიმე საათში აფხაზმა პოლიციელებმა სამი მათგანი დააკავა: ძმები ბატალი და ბესლან გოჟუები და კონსტანტინე ჩაგოვეცი.
ორი დღის შემდეგ დააკავეს კიდევ სამი დამნაშავე – ძმები ასლან და ბესლან კაკალიები და იგორ ჩაგოვეცი.
ყველა ბრალდებულს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
ვინაიდან სროლის შედეგად უდანაშაულო ადამიანები დაშავდნენ, ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ საგამოძიებო ორგანოებს შესთავაზა ეს დანაშაული ტერორისტულ თავდასხმად გადაკვალიფიცირდეს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო