აფხაზეთში ოპოზიცია მოითხოვს, რომ ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გაწმინდოს მთავრობა ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანამოაზრეებისგან.
ოპოზიციური ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ეს თანამდებობის პირები “ბლოკავენ პოზიტიურ ცვლილებებს და ძირს უთხრიან მთავრობის მიმართ ნდობას“. ამასთან, მათი თქმით, ამ ხალხის მთავრობაში ყოფნა “შეუთავსებელია განახლებისა და ეროვნული შერიგების კურსთან“.
კერძოდ, ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბას და შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის გადადგომას მოითხოვს.
ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან ეშბა და კიუტი ასლან ბჟანიას უახლოესი წრის წევრები იყვნენ, მათაც იგივე პასუხისმგებლობა აკისრიათ ანტიაფხაზური დღის წესრიგის პოპულარიზაციაზე, როგორიც თავად ყოფილ პრეზიდენტს.
ოპოზიცია “ანტიაფხაზურ დღის წესრიგს“ განსაზღვრავს, როგორც სოხუმისთვის არახელსაყრელი კანონებისა და შეთანხმებების პოპულარიზაციას. ეს, პირველ რიგში, ეხება კანონს, რომელიც რუსებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ბინები აფხაზეთში, ასევე რუსეთ-აფხაზურ შეთანხმებას აფხაზეთში რუსული ინვესტიციების შეღავათებისა და გარანტიების შესახებ.
ამ კანონების მიღების მცდელობამ გამოიწვია ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება 2024 წლის ნოემბერში და ასლან ბჟანიას ვადაზე ადრე გადადგომა.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვის აქტიური მხარდაჭერით, ასლან ბჟანიას გუნდის წევრმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. თუმცა, მისი რეპუტაცია შედარებით ნათელია: ბესლან ეშბასა და რობერტ კიუტისგან განსხვავებით, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ბჟანიას მისი პროექტების წინსვლაში, გუნბა საკმაოდ პასიური მოთამაშე იყო.
გარდა ამისა, ბჟანიას გუნდს ბრალი დასდეს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების “ანტირუსულ ძალებად“ მოხსენიებაში.
აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის პარტიის თავმჯდომარის, ასლან ბარციცის თქმით, “ბჟანიას სისტემის“ წარმომადგენლები უნდა გადადგნენ, რადგან ისინი აგრძელებენ “ერის გაყოფისა და სუვერენიტეტის ხელყოფის პოლიტიკას“.
კიდევ ერთი ოპოზიციური ფიგურა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ახიაცას“ ლიდერი ახრა ბჟანია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა “აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ ნეგატიურ გზავნილებს ნერგავს“ და ფაქტობრივად “სამშობლოს რუსეთს გრძელვადიანი იჯარით აძლევს“.